Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმისდედამიცისკითხვებს უპასუხებს ექიმი რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.

მენარქეს ანუ პირველი მენსტრუალური ციკლის  საშუალო ასაკი მსოფლიოს მასშტაბით ვარირებს – 12 წლიდან 13 წლამდე.

კვლევებმა  ასევე აჩვენა, რომ ბავშვობაში სხეულის მასის მაღალი ინდექსი  დაკავშირებულია პუბერტატის ადრეულ დაწყებასთან. ეს მოვლენა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ სხეულმა მიაღწია მინიმალური წონის ინდექსს უფრო ახალგაზრდა ასაკში.

გარემო ფაქტორებმა, მათ შორის სოციოეკონომიკურმა პირობებმა, კვებამ და პრევენციულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პუბერტატის დროზე და პროგრესირებაზე.

ექიმებმა უნდა ასწავლონ გოგონებს და მათ მომვლელებს (მაგ., მშობლებს ან მეურვეებს) იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ პირველი მენსტრუალური პერიოდისას და შემდგომი მენსტრუაციის ნორმალური ციკლის ხანგრძლივობის დიაპაზონი. მოზარდობის ასაკში მენსტრუალური ციკლის ანომალიური მახასიათებლების აღმოჩენამ  შესაძლოა გაზარდოს  ზრდასრულ ასაკში ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების ნაადრევი ეტაპზე დადგენის ალბათობა. კლინიცისტებისთვის მნიშვნელოვანია მოზარდი გოგონების მენსტრუაციის შაბლონების გააზრება, ნორმალური და პათოლოგიური მენსტრუაციის დიფერენცირების უნარი და იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა შეაფასონ მოზარდი გოგონა. ექიმები პაციენტის და მისი მომვლელების ყურადღებას ამახვილებენ მენსტრუალური ციკლის, როგორც დამატებითი ვიტალური ნიშნის შეფასების მნიშვნელობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.

ნორმალური მენსტრუალური ციკლი მოზარდ გოგონებში

მენარქე (საშუალო ასაკი):12.43 წელი
ციკლის საშუალო ინტერვალი:32.2 დღე პირველ გინეკოლოგიურ წელს (პირველი მენსტრუაციის წელი)
მენსტრუალური ციკლის ინტერვალი: ჩვეულებრივ 21–45 დღე
მენსტრუალური ნაკადის ხანგრძლივობა:7 დღე ან ნაკლები
მენსტრუალური პროდუქტების გამოყენება:3 ან 6 საფენი ან ტამპონი დღეში.

როდის იწყება მენარქე? 

მენარქე ჩვეულებრივ ტელარქედან (მკერდის გაზრდა) 2-3 წლის შემდეგ იწყება, ტენერის IV სტადიის შესაბამის მკერდის გაზრდამდე და იშვიათია დაწყება ტენერის III სტადიის შესაბამის მკერდის განვითარებამდე. 15 წლის ასაკში, მოზარდი გოგონების  98%-ს ექნება მენარქე.

პირველადი ამენორეის (როდესაც პირველი მენსტრუაცია არ დაწყებულა 15 წლის ასაკამდე) შეფასება მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოზარდისთვის, რომელსაც არ მიუღწევია მენარქესთვის  15 წლის ასაკში ან არ მიუღწევია ტელარქედან 3 წლის განმავლობაში. 13 წლის ასაკში ასევე უნდა შეფასდეს მკერდის განვითარება (გვაქვს თუ არა მკერდის განვითარების ჩამორჩენა).

როგორია ციკლის ხანგრძლივობა და ოვულაცია?

მენსტრუალური ციკლები ხშირად არარეგულარულია მოზარდობის პერიოდში, განსაკუთრებით ინტერვალი პირველი ციკლიდან მეორე ციკლამდე. ქალების უმეტესობას პირველი მენსტრუაციის დროს სისხლდენა 2-7 დღის განმავლობაში უხანგრძლივდებათ. მენარქედან ადრეულ წლებში ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-საკვერცხეების ღერძის მოუმწიფებლობა  ხშირად იწვევს ანოვულაციას (ციკლებს ოვულაციის გარეშე) და პერიოდები შეიძლება იყოს გარკვეულწილად ხანგრძლივი; თუმცა, ციკლების 90% იქნება 21-45 დღის ფარგლებში, თუმცა შესაძლოა გამოიხატოს მოკლე ციკლები 20 დღეზე ნაკლები და გრძელი ციკლები 45 დღეზე მეტი.

მენარქედან მე-3 წლისთვის, მენსტრუალური ციკლების 60-80% გრძელდება 21-34 დღე, როგორც ეს ტიპურია მოზრდილებში.

რიგმა სამედიცინო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს პათოლოგიური სისხლდენა, რომელიც ხასიათდება არაპროგნოზირებადი დროით და ცვლადი ნაკადით. მიუხედავად იმისა, რომ ანოვულაციის გამო ციკლებს შორის ხანგრძლივი ინტერვალი ხშირია მოზარდებში, სტატისტიკურად იშვიათია გოგონებში ამენორეის შენარჩუნება 3 თვეზე ან 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში (ციკლის ხანგრძლივობის 95-ე პერცენტილი). უნდა შეფასდეს გოგონები და მოზარდები, რომლებსაც მენსტრუაციას შორის 3 თვეზე მეტი  ინტერვალი გამოეხატებათ. ექსპერტები ჩვეულებრივ აცხადებენ, რომ საშუალო სისხლის დაკარგვა მენსტრუალური პერიოდის განმავლობაში არის 30 მლ ციკლში და რომ ქრონიკულად  80 მლ-ზე მეტის დაკარგვა ასოცირდება ანემიასთან, ეს კლინიკურად მაინც სუბიექტური ნიშანია, რადგან ქალების უმეტესობას არ შეუძლია სისხლის დაკარგვის ზუსტი გაზომვა. მენსტრუალური ნაკადი, რომელიც მოითხოვს მენსტრუალური პროდუქტების შეცვლას ყოველ 1-2 საათში, ითვლება გადაჭარბებულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაკავშირებულია ნაკადთან, რომელიც გრძელდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საშვილოსნოს არანორმალური სისხლდენა?  

საშვილოსნოს არანორმალური სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს ოვულატორული დისფუნქციით (ოვულაციის დარღვევები) და სისხლდენის ფორმები განსხვავდებოდნენ ამენორეიდან არარეგულარულ მძიმე მენსტრუალურ სისხლდენამდე.

მიუხედავად იმისა, რომ მენარქედან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ოვულატორული დისფუნქცია გარკვეულწილად ფიზიოლოგიურია, ის ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს ენდოკრინოპათიებთან ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი-საკვერცხეების ღერძის დარღვევების გამო, როგორიცაა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ასევე ფსიქიკური სტრესი და კვების დარღვევები.

მძიმე მენსტრუალური სისხლდენა, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება ანოვულაციასთან, ასევე ასოცირდება კოაგულოპათიებთან (მათ შორის,  ვილებრანდის დაავადება, თრომბოციტების ფუნქციის დარღვევები და სისხლდენის სხვა დარღვევებთან) ან სხვა სერიოზულ პრობლემებთან (ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით) და იშვიათად, ავთვისებიან სიმსივნესთან.

ორსულობის, სქესობრივი ტრავმის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოზი უნდა გამოირიცხოს, მაშინაც კი, თუ ისტორია ვარაუდობს, რომ პაციენტი არ იყო სქესობრივად აქტიური!

აბნორმული საშვილოსნოს სისხლდენის მიზეზები მოზარდ გოგონებში:

ორსულობა;

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი-საკვერცხის ღერძის მოუმწიფებლობა;

ჰიპერანდროგენული (დიდი რაოდენობით “მამაკაცური” ჰორმონები) ანოვულაცია (მაგ. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია ან ანდროგენის გამომწვევი სიმსივნეები);

კოაგულოპათია (მაგ: ვილებრანდის დაავადება, თრომბოციტების ფუნქციის დარღვევა, სისხლდენის სხვა დარღვევები ან ღვიძლის უკმარისობა);

ჰიპოთალამუსის დისფუნქცია (მაგ., კვებითი დარღვევები [ჭარბწონიანობა, წონის დეფიციტი ან მნიშვნელოვანი სწრაფი წონის დაკარგვა] ან სტრესთან დაკავშირებული ჰიპოთალამუსის დისფუნქცია);

ჰიპერპროლაქტინემია;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;

ჰიპოფიზის პირველადი დაავადება;

საკვერცხის პირველადი უკმარისობა;

იატროგენული (მაგ: მეორეულად რადიაციული ან ქიმიოთერაპიის შედეგად);

მედიკამენტები (მაგ: ჰორმონალური კონტრაცეფცია ან ანტიკოაგულაციური თერაპია);

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (მაგ., ცერვიციტი);

ავთვისებიანი სიმსივნე (მაგ., ესტროგენის წარმომქმნელი საკვერცხის სიმსივნეები, ანდროგენის წარმომქმნელი სიმსივნეები ან რაბდომიოსარკომა);

საშვილოსნოს დაზიანებები.

რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის? რას უნდა მიაქციონ ყურადღება ამ პერიოდში განსაკუთრებით?

კლინიცისტებმა უნდა განახორციელონ პუბერტატული განვითარების შეფასება ბავშვებში და მშობლებთან ერთად, დაწყებული 7 წლის და 8 წლის ასაკიდან. მათ უნდა აიღონ მიმდინარე ისტორია და ჩაატარონ სრული ყოველწლიური გამოკვლევა, მათ შორის გარე სასქესო ორგანოების დათვალიერება. მნიშვნელოვანია გოგონებისა და მათი მომვლელების განათლება სქესობრივი მომწიფების ჩვეული პროგრესირებისა და მენსტრუალური ციკლის განვითარების შესახებ. ექიმებმა უნდა ასწავლონ გოგონებს, რომ მენსტრუაცია სავარაუდოდ დაიწყება მკერდის განვითარების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 წლის შემდეგ. მოზარდმა გოგონებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მენსტრუაცია განვითარების ნორმალური ნაწილია და აუცილებელია მიიღონ ინსტრუქციები ქალური პროდუქტების გამოყენებისა და ნორმალური ციკლის შესახებ. სასურველია, რომ აღმზრდელებმა და ექიმებმა მონაწილეობა მიიღონ ამ სასწავლო პროცესში. 

სასარგებლოა ვთხოვოთ პაციენტს აწარმოოს მენსტრუაციის გრაფიკის წარმოება, განსაკუთრებით, თუ მისი მენსტრუალური ისტორია ძალიან ბუნდოვანია ან არაზუსტად ითვლება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ზუსტი დიაგრამის მნიშვნელობა და პაციენტს უნდა ეცნობოს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ანომალიურ მენსტრუალურ ციკლად.

კლინიცისტებმა უნდა განმარტონ, რომ ციკლის ხანგრძლივობა ითვლება მენსტრუაციის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე და შეიძლება განსხვავდებოდეს ციკლის მიხედვით. ტექნოლოგიის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს დიაგრამების შედგენას; არსებობს უამრავი მარტივი გამოსაყენებელი სმარტფონების აპლიკაციები, რომლებიც შექმნილია ამ მიზნით (მაგ: Flo და ა.შ).

როდის არის  დამატებითი კვლევების და შეფასების საჭიროება?

თუ მენსტრუალური პერიოდები:

·     არ დაწყებულა ტელარქედან 3 წლის განმავლობაში;

·     არ დაწყებულა 14 წლის ასაკში, როდესაც გამოხატულია ჰირსუტიზმის (მამაკაცური ტიპის თმიანობა) ნიშნებით;

·     არ დაწყებულა 14 წლის ასაკში, გადაჭარბებული ვარჯიშის ან კვების დარღვევების დროს;

·     არ დაწყებულა 15 წლის ასაკში; 

·     ხდება უფრო ხშირად, ვიდრე ყოველ 21 დღეში ან უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველ 45 დღეში;

·     ხდება 90 დღის ინტერვალით თუნდაც ერთი ციკლისთვის;

·     გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს;

·     საჭიროებს საფენის ან ტამპონის ხშირი შეცვლას (ერთზე მეტს ყოველ 1-2 საათში);

·     მძიმეა და დაკავშირებულია ჭარბი სისხლჩაქცევების ან სისხლდენის ისტორიასთან ან სისხლდენის დარღვევის ოჯახურ ისტორიასთან.

რა უნდა ვასწავლოთ გოგონებს მშობლებმა და ექიმებმა?

·     კლინიცისტებმა უნდა ასწავლონ გოგონებს და მათ მომვლელებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ პირველი მენსტრუაციისგან და შემდგომი მენსტრუაციის ნორმალური ციკლის ხანგრძლივობის განმავლობაში.

·     როგორც კი გოგონებს დაეწყებათ მენსტრუაცია, კლინიცისტებმა ყოველი პროფილაქტიკური მოვლის ან ყოვლისმომცველი ვიზიტის დროს უნდა იკითხონ პაციენტის ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე და მენსტრუაციის  მიმდინარეობის სურათი.

·     მოზარდობის ასაკში მენსტრუალური ციკლის არანორმალური სქემის იდენტიფიცირებამ შეიძლება გააუმჯობესოს ზრდასრულ ასაკში ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების ადრეული იდენტიფიკაცია.

·     კლინიცისტებისთვის მნიშვნელოვანია მოზარდი გოგონების მენსტრუაციის შაბლონების გააზრება, ნორმალური და არანორმალური მენსტრუაციის დიფერენცირების უნარი და იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა შეაფასონ მოზარდი გოგონა პაციენტი.

·       გოგონები, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია მენსტრუაციის შესახებ, განიცდიან ნაკლებ შფოთვას მენარქეს დროს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5