ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილების, ახლად ფეხადგმულებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის.
ჩვილები:
ჩვილები ათამაშეთ მუცელზე 30 წუთის განმავლობაში, როცა ღვიძავთ. წაახალისეთ ნივთების ხელში დაჭერის, გადაბრუნების, დაჯდომისა და ხოხვის სწავლისკენ. შეუქმენით პირობები იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ იატაკზე.
ახლად ფეხადგმულები:
ახლად ფეხადგმული ბავშვები დღეში 3 საათი მაინც უნდა იყონ ფიზიკურად აქტიურები, მათ შორის ღია ცის ქვეშ. რაც უფრო მეტ ხანს გაატარებენ აქტიურ თამაშში, მით უკეთესია მათი განვითარებისთვის. სირბილი, ხტუნვა, ასკინკილით სიარული, ველოსიპედის ტარება, წყალში თამაში, დაჭერობანა, ბურთით თამაშები – საუკეთესო გზაა, რათა ამ ასაკის ბავშვებმა მეტად იმოძრაონ.
სკოლამდელები:
სკოლამდელი ასაკის ბავშვებმაც მინიმუმ 180 წუთი (3 საათი) უნდა დახარჯონ მთელი დღის განმავლობაში ფიზიკურ აქტივობებზე, გარე თამაშების ჩათვლით. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ ხანს ითამაშებენ აქტიურად, მით უკეთესია.
180 წუთი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 60 წუთის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვას. 5 წლამდე ბავშვები არ უნდა იყვნენ უმოქმედოები დიდი ხნის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ სძინავთ. ტელევიზორის ყურება, მანქანით, ავტობუსით ან მატარებლით დიდხანს მგზავრობა, ეტლში დიდხანს ყოფნა არ არის სასარგებლო ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.
5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი ჯანმრთელობა მეტი მოძრაობით, მაშინაც კი, თუ მათი წონა არ შეიცვლება. ჯანსაღი წონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად მათ შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი აქტივობები და დიეტა.
ფიზიკური აქტივობის იდეები 5 წლამდე ბავშვებისთვის
ყველა მოძრაობა ითვლება და რაც მეტი, მით უკეთესი.
- მუცელზე თამაში (Tummy time)
- კუბიკებით და სხვა საგნებით თამაში
- დასვრა ტალახით, საღებავებით და სხვა საშუალებებით
- ხტუნვა
- ფეხით გასეირნება
- ცეკვა
- ცურვა
- სათამაშო მოედანზე თამაში
- გადახტომა
- აქტიური თამაში, როგორიცაა დახუჭობანა ან დაჭერობანა
- საგნების ტყორცნა და დაჭერა
- სკუტერი
- ველოსიპედის ტარება
- გარე აქტივობები
წყარო: https://www.nhs.uk/