Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება ბავშვებში იმუნიტეტის ამაღლებაზე და ძლიერი იმუნიტეტის  გამომუშავების მთავარ კომპონენტებზე.

მშობლებისთვის  მთავარი ღელვის თემა შვილების იმუნიტეტია. განსაზღვრავს თუ არა კარგი იმუნიტეტი ბავშვის ავადობას?

ექიმებს ხშირად გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ  პაციენტები ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულნი, როდესაც საქმე იმუნიტეტის ამაღლებას შეეხება. აბსოლუტურად, ყველა დედა ამბობს ასეთ რამეს: “ჩემს ბავშვს აქვს დაბალი იმუნიტეტი”. როდესაც ვეკითხები, რატომ ფიქრობს ასე, პასუხი არის ასეთი: რომ ზამთრის განმავლობაში მესამედ გახდა ავად.  მშობლების ძირითადი შეფასება დაბალი იმუნიტეტის არსებობასთან დაკავშირებით ფოკუსირდება ავადობის სიხშირეზე, რაც არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. იმის თქმა, რომ ბავშვს არ აქვს იმუნიტეტი, ეს არის იმუნოდეფიციტი და იმუნოდეფიციტი, როგორც მოგეხსენებათ, მართლაც სერიოზული დაავადებაა და საბედნიეროდ საქართველოში ამ ბავშვების რაოდენობით რომელსაც რეალური, ან თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტი აქვს  არის ძალიან ცოტა, თითზე ჩამოსათვლელი. როდესაც მშობლები იყენებენ ამ ტერმინს, ექიმის მოვალეობაა აუხსნას მშობელს, რა არის იმუნოდეფიციტი. 

რამდენჯერ შეიძლება გახდეს ავად ბავშვი წელიწადში? 

ჯანმრთელი ბავშვი შეიძლება  წელიწადში ათჯერ გახდეს ავად ვირუსული ინფექციით.  შეიძლება ათჯერ გახდეს ბავშვი ავად და სრულიად ჯანმრთელი იყოს და იყოს მეორე ბავშვი, რომელიც ორჯერ გახდა ავად და დასჭირდეს სასწრაფოდ დამატებითი კვლევები და ჰოსპიტალიზაცია. ე.ი ათჯერ ავად გახდომა, სასუნთქი გზების ინფექციები ჩვეულებრივი მისაღებია და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ არა სიხშირეზე, არამედ რამდენად მძიმე იყო ის დაავადება და კონკრეტულად რა დიაგნოზი იყო. ამიტომ, მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ტერმინის ხელაღებით გამოყენებისგან. ჩვენ მარტივი რეკომენდაცია გვაქვს ყველასათვის: თუ არის ვირუსული ინფექცია, ის შვიდ დღეში უნდა დამთავრდეს. მწვავე რესპირატორული, ვირუსული ინფექცია მთავრდება შვიდ დღეში და თუ პროცესი ხანგრძლივდება ორი ან სამი კვირის განმავლობაში, მაშინ ხდება საჭირო გაღრმავებული კვლევები გაკეთდეს და დარწმუნებული ვარ, უმრავლეს შემთხვევებში ჩვენ იმუნოდეფიციტს ვერ აღმოვაჩენთ.

რა კითხვები აქვთ მშობლებს ყველაზე ხშირად?

მშობლები ხშირად მეუბნებიან: ”ჩემს შვილს იმუნოდეფიციტი აქვს და რას გვირჩევთ, რომელ წამალს, რომელიც იმუნიტეტს აამაღლებს”? ამაზე პასუხი მარტივია. დღეისათვის წამალი, რომელიც  იმუნიტეტს აამაღლებს, არ არსებობს. არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება დამცველობითი როლი ითამაშოს, ხშირად მორეციდივე ინფექციებით დაავადებულ ბავშვებში, მაგრამ ის რომ რაიმე წამალი არსებობდეს, ბავშვს  დაალევინებენ და იმუნიტეტი მოემატებათ, არის ილუზია და ასეთი მედიკამენტი, ალბათ, არც არასოდეს არ იქნება გამოგონილი მეცნიერების მიერ.

რას ურჩევთ მშობლებს ალტერნატივად ასეთ დროს?

ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ ორ მარტივ რჩევას:


1. სრულფასოვანი კვება – ყველა იმ აუცილებელი ინგრედიენტების მიღებას, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. ეს არის ხილი, ეს არის ბოსტნეული, ბურღულეული, ეს არის რძის პროდუქტები, ეს არის თეთრი ხორცი, თევზი  და შედარებით ნაკლები ფასთ ფუდები, ძალიან ცოტა ნახევარფაბრიკატები ან საერთოდ უნდა ამოიღოთ მსგავსი პროდუქტი, გაზიანი სასმელები, კანფეტების მიღებაც უნდა შეიზღუდოს ყოველდღიურ რეჟიმში. ჯანსაღი კვება ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი იმუნიტეტის ამაღლებისთვის.

2. მეორე არის ფიზიკური აქტივობა. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვების უმეტესობა, მიჯაჭვული არის ეკრანთან და გაცილებით დიდ დროს ატარებს  სახლში, ვიდრე ეზოში და სპორტულ მოედნებზე. ეს არის არამარტო ქართული რეალობა, არამედ, ბევრი ქვეყანა აწყდება ამ პრობლემას, რასაც ავტომატურად მოჰყვება ჭარბწონიანობა  და სხვა გართულებები. იმუნიტეტის დაცვის და ამაღლების საშუალება არის მეტი ფიზიკური აქტიურობა, მეტი სუფთა ჰაერი, მეტი დაღლა და სრულფასოვანი კვება. ეს არის ორი რამ, რაც აუცილებლად გჭირდებათ დაცვისათვის და არ დაგავიწყდეთ პროფილაქტიკური აცრები. ყველა ის აცრა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას  და საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია და ბევრ ევროპულ ქვეყანასაც ვუსწრებთ. გვაქვს იდეალური აცრების კალენდარი, გვაქვს ძალიან კარგი ვაქცინები, რომელიც ერთ შეყვანაზე რამდენიმე ინფექციის საწინააღმდეგოდ გვიცავს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამი ახალი ვაქცინა დაგვემატა: როტავირუსის საწინააღმდეგოდ, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ, პნევმოკოკის საწინააღმდეგოდ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დაიცვათ თქვენი  შვილი და თავიდან აარიდოთ მძიმე ინფექციები და ამას ემატება, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი იკეთებს, ეს არის მესამე კომპონენტი, რომ თქვენ იყოთ წყნარად და თქვენი შვილის ჯანმრთელობა გააკონტროლოთ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5