პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.
მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, ახდენს თუ არა კითხვა გავლენას ბავშვის სამეტყველო უნარების განვითარებაზე? როგორ მივაჩვიოთ და შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?
კითხვა დიდ გავლენას ახდენს ბავშვის სამეტყველო უნარების განვითარებაზე, რადგან ის მსმენელისგან აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ზოგად სამეტყველო ენაში, ოჯახში, ბაღში, სკოლაში არ გამოიყენება იმდენი სიტყვა და რთული წინადადება, რის საშუალებასაც წიგნი იძლევა. ასობით ათასი სიტყვა, რომელსაც ვაწვდით ბავშვს, დიდწილად მოქმედებს
- ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე;
- ეხმარება ფონემატური სმენის განვითარებაში;
- დადებითად მოქმედებს გაგება-გააზრების, საკუთარი აზრის გამოხატვის (ექსპრესიული-რეცეპტულ) უნარებზე;
- ბავშვს უმარტივდება დიალოგებში ჩართვა;
- დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე;
- ფანტაზიის უნარზე;
- წიგნის გმირები ეხმარებიან ბავშვს ცხოვრებისეული დილემების გადაჭრაში.
წიგნის კითხვის პროცესი დადებით გავლენას ახდენს ასევე ბავშვსა და მშობელს შორის კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე.
მნიშვნელოვანია, არ დაველოდოთ დროს, როდესაც ბავშვი თავად გახდება „მკითხველი“. კვლევებმა დაადასტურა, რომ კითხვის პროცესმა დადებითი გავლენა მოახდინა იმ ბავშვების განვითარებაზე, რომლებსაც რეგულარულად უკითხავდნენ ჩვილობის ასაკიდან.
რაც მეტად მასტიმულირებელი გარემო იქნება სახლში, მით უფრო აქტიურად რეაგირებს ბავშვი სხვადასხვა მოვლენებზე და შეუძლია საკუთარი აზრის, ემოციის მკაფიოდ გამოხატვა.
იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს საინტერესო და ბავშვი ჩაერთოს არა მექანიკურად, არამედ ბუნებრივად, წიგნის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ასაკი და ინტერესები, კითხვა არ უნდა იყოს ფორმალური.
რჩევები:
- წაუკითხეთ ბავშვებს სხვადასხვა ხმითა და ინტონაციით;
- ხაზგასმით აღნიშნეთ ზღაპრის, მოთხრობის საკვანძო მომენტები;
- იმსჯელეთ წიგნის ილუსტრაციებზე;
- იმსჯელეთ წიგნის პერსონაჟებზე;
- პერიოდულად ისაუბრეთ წაკითხულის შესახებ;
- სთხოვეთ მას წარმოიდგინოს თავი სიუჟეტის გმირად: რას გააკეთებდა იმავე სიტუაციაში?