პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება ექიმი რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.
როდის და რატომ ჩნდება ვულვის ბაგეების შეხორცება ჩვილ და მცირეწლოვან გოგონებში და როგორ ხდება მკურნალობა ?
ლაბიების ადჰეზია (ასევე უწოდებენ: ბაგეების აგლუტინაციას ან ვულვის სინექიას), ლაბიალური ადჰეზიები ჩვეულებრივ ჩნდება ჩვილებსა და ახალგაზრდა გოგონებში, როდესაც ესტროგენის დონე დაბალია.
ყველაზე ხშირად გვხვდება ახალშობილებსა და მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებში – ავადობის სიხშირე – გოგონების 3% ცხოვრების მე-2 წელს.
პრეპუბერტატულ ქალებში დაბალ ესტროგენთან ერთად ადჰეზიების ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა მცირე ბაგეების ანთება, განსაკუთრებით ცუდად დაცული პერინეალური (შორისის) ჰიგიენის, ტრავმის (მაგ., სასქესო ორგანოების დაზიანება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება ან სექსუალური ძალადობის), ვაგინალური ინფექციის, ჯგუფი A Streptococcus, Neisseria gonorrhoeae, Mycoplasma pneumoniae mucositis, მარტივი ჰერპეს ვირუსის, ან ლიქენის სკლეროზის ფონზე.
როგორ მიმდინარეობს დაავადება – ლაბიების ადჰეზიები (შეხორცებები) დიაგნოსტირდება გენიტალიების რუტინული გასინჯვისას. შეხორცება შეიძლება იყოს პარციალური/ნაწილობრივი – მოიცავდეს ბაგეების ზედა ან ქვედა ნაწილს, ან სრული. პაციენტებში სრული ადჰეზიით წარმოდგენილია პატარა ხვრელი, რომელიც შერწყმული ლაბიების უკანა მხრიდან ასრულებს შარდის გამოსვლის ფუნქციას.
ლაბიალური ადჰეზიები შეიძლება იყოს ასიმპტომური (სიმპტომების გარეშე მიმდინარე) ან გამოიწვიოს ქაჩვის შეგრძნება, შარდვის გაძნელება, შარდის წვეთები, საშოს ტკივილი ან გამონადენი, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები ან მორეციდივე ვაგინალური ინფექციები.
ლაბიალური ადჰეზიების მენეჯმენტი განისაზღვრება წარმოდგენილი სიმპტომებით:
ასიმპტომატური – მკურნალობას არ საჭიროებს, თუ ადჰეზიები ასიმპტომატურია, მოიცავს ლაბიის მხოლოდ მცირე პორციას და არ მოქმედებს შარდის ნაკადზე. შეხორცებები სტანდარტულად გაივლის, როდესაც ესტროგენის პროდუქცია მოიმატებს პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) დადგომისას.
სიმპტომატური – ლაბიების ადჰეზიების მკურნალობის ჩვენებაა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არსებობა:
- ლაბიების სრული (ფართომასშტაბიანი) შერწყმა;
- შარდის ნაკადის დარღვევა (დივერსია);
- “სუფთა შარდის” (შარდის შუა პორცია) კულტურის შეგროვება შეუძლებელია მორეციდივე ფებრილური დაავადებების მქონე პაციენტებში აშკარა გამომწვევი წყაროს გარეშე;
- მორეციდივე საშარდე გზის ან ვაგინალური ინფექციები;
- ვაგინალური ტკივილი ან გამონადენი;
მკურნალობა მოიცავს ადგილობრივად ესტროგენის ან კორტიკოსტეროიდის კრემის გამოყენებას, რომელსაც ნიშნავს ექიმი, უმეტეს შემთხვევებში ესტროგენის შემცველი კრემებით მკურნალობის შემდგომ შედეგს რამდენიმე კვირაში ვიღებთ ხოლმე.
ასევე არსებობს შეხორცებების გახსნის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდებიც. მსგავსი მეთოდების შემდგომ აუცილებელია რამდენიმე თვე დამატენიანებლის გამოყენება (მაგ: ვაზელინი), რათა არ მოხდეს თავიდან შეხორცება.