Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გრაფიკულმა დიზაინერმა ქეთი ნიქაბაძემ,  რომელიც  რვა თვის ტყუპების – ნენსის და ლუნას დედაა,  ქართული ანბანი მონსტრად გადააქცია. ქეთის გაუჩნდა იდეა დაეხატა ქართული  ანბანის ოცდაცამეტი ასო მონსტრების სახეებით, რომელიც საბოლოოდ ძალიან სახალისო და მხიარული გამოვიდა.

“მონსტრების იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა, ფოტოებს ვიღებდი და შიგნით მონსტრებს ვხატავდი. რამდენიმე ხნის წინ გამახსენდა და უბრალოდ რამდენიმე ასო “გავამონსტრე”, გაგრძელებას არც ვაპირებდი, მაგრამ შევყევი. ზოგადად ქართული ანბანი ძალიან მიყვარს და მგონია რომ ძალიან ლამაზი და კარგი რესურსია ფანტაზიების განსახორციელებლად, ასე რომ ჩემი სიყვარული მის მიმართ ასე გამოვხატე. “- გვიყვება ქეთი. 

ქეთი პროფესიით თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერია, უკვე შვიდ წელზე მეტია. ბოლო სამი წელია ფრილანსერია და სახლიდან მუშაობს, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ტყუპი გოგოების დედა გახდა. გოგოების დაბადების შემდეგ ბევრი რამ  შეიცვალა მის ცხოვრებაში, მაგრამ არ შეცვლილა ხატვისა და ილუსტრაციების მიმართ მისი სიყვარული. ქეთი  თავისუფალ დროს პატარ-პატარა პროექტებსაც აკეთებს და ზოგჯერ კი, უბრალოდ  საკუთარი თავისთვისაც. 

მონსტრად გადაქცეული ანბანი შეიძლება საკმაოდ სახალისო რესურსი იყოს ბავშვებისთვის, თუ მასწავლებელი გამოიყენებს და ჩართავს ანბანის შესწავლის პროცესში. ბავშვებს კი მონსტრები ძალიან უყვართ, მით უფრო, თუ ისინი კეთილები და მხიარულები არიან და ქეთიც სწორედ ამას ამბობს:

“ანბანის  მონსტრები კეთილები არიან, რომლებსაც ბავშვების შეშინება კი არ უნდათ, არამედ უყვართ ისინი. მონსტრები ზოგადად ისეთი თემაა, რომლებისაც უნდა გეშინოდეს, რომლებიც საწოლის ქვეშ იმალებიან, სინამდვილეში ისინი შეიძლება იყვნენ არსებები, რომლებსაც ბავშვების გახალისება შეუძლიათ და არა პირიქით. “- ამბობს დიზაინერი.

მონსტრების ანბანი, რომელიც სპონტანური პროექტია, ქეთის თქმით მარტო ანბანით არ დასრულდება და შეიძლება მას დაემატოს ასევე სასვენი ნიშნების და ციფრების ილუსტრაციები.

დიზაინერის ნამუშევრების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს და დაათვალიეროთ ანბანის ოცდაცამეტი კეთილი მონსტრი და  და თვალი გადაავლოთ ქეთის სხვა საინტერესო ნამუშევრებსაც : https://www.behance.net/katealukard

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5