Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სამედიცინო ენაზე ნასიცხს მილიარიას უწოდებენ. გამონაყარი გაოფლიანების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ჩვილებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება, რადგან მათი საოფლე ჯირკვლები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.

უმეტეს შემთხვევაში, ნასიცხს არ სჭირდება სამედიცინო დახმარება და ჩაცხრება თავისით, თქვენი მცირედი დახმარებით.

რა იწვევს ნასიცხს?

ზედმეტი ოფლიანობა იწვევს საოფლე ჯირკვლების დახშობას, რის შედეგადაც ოფლი იჭედება კანქვეშ და ჩნდება გამონაყარი (ბებერების ან ამობურცულობების სახით). ამწვავებს ცხელი, ნესტიანი ამინდი ან მჭიდრო ტანსაცმელი.

ნასიცხი ჩვეულებრივ ჩნდება სახის, კისრის, მკლავების, ფეხების, მკერდის ზედა და საფენქვეშა არეებში. როგორც წესი, მას თან ახლავს ქავილის შეგრძნება, რის გამოც შესაძლებელია ბავშვი იყოს გაღიზიანებული, ხელ-ფეხს იქნევდეს და უჭირდეს ძილი.

როგორ გავუმკლავდეთ ნასიცხს?

  • კანის გასაგრილებლად  და დასამშვიდებლად დაბანეთ ნელთბილი წყლით, შესაძლებელია რბილი საპნის გამოყენება.
  • თავი აარიდეთ პუდრის, ზეთისა და ლოსიონის გამოყენებას, რადგან მათ შეუძლიათ კანის ფორების დახშობა.
  • ხშირად გააშიშვლეთ პატარა, ეს მას მუცელზე თამაშის დროსაც დაეხმარება.

როგორ ავიცილოთ ნასიცხი?

  • არ ჩააცვათ ბევრი ტანსაცმელი და ნაკლები დრო გაატარებინეთ კენგურუში ან სლინგში, რადგან თქვენი სხეულის სიცხის და ცუდი განიავების გამო, შეიძლება პატარა უფრო გაოფლიანდეს.
  • თავი აარიდეთ ცხელ ამინდში გარეთ დიდი ხნით გასეირნებას.
  • ჩააცვით თავისუფალი სტილის, მსუბუქი ტანსაცმელი, განსაკუთრებით თბილ ამინდში.
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი მანქანაში მარტო (ამას შეიძლება ნასიცხზე გაცილებით მძიმე შედეგებიც მოჰყვეს!). და ცხელ დღეებში ჩართეთ კონდიციონერი მგზავრობისას.
  • გამოიყენეთ კონდიციონერი, ხოლო გარეთ ყოფნისას თავი შეაფარეთ ჩრდილს.
  • შეინარჩუნეთ სიგრილე და კარგად გაანიავეთ ბავშვის საძინებელი, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის თავიდან ასარიდებლადაც.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ნასიცხი  სამ ან მეტ დღეს გაგრძელდა ან გაუარესდა, მიმართეთ პედიატრს.

გაითვალისწინეთ, რომ  ცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს ნასიცხი, მაგრამ პირიქით არ ხდება, ნასიცხი ვერ გამოიწვევს ბავშვის ტემპერატურის მომატებას.

წყარო: www.whattoexepect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5