Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“ცხოვრება ენდომეტრიოზით”  არის ბლოგი ენდომეტრიოზის მქონე ადამიანებისთვის, მათი მეგობრებისთვის და ზოგადად რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებისთვის. ენდო.ჯი-ზე  ქალები აზიარებენ თავიანთ ენდოამბებს და იღებენ პროფესიონალისგან უფასო კონსულტაციას. პროექტის ხელმძღვანელი და ბლოგ “ენდო.ჯი”-ს ავტორი ნათ  ნათენაძე გვიყვება –  რა ცოდნა არსებობს ქალებში ამ პრობლემის შესახებ და როგორ ეხმარება ბლოგი ენდომეტრიოზის მქონე ქალებს. 

გვესაუბრეთ პროექტის  “ცხოვრება ენდომეტრიოზით” შესახებ. ვისთვის არის განკუთვნილი პროექტი და რა არის მისი მიზანი?

“ცხოვრება ენდომეტრიოზით” არის ბლოგი ენდომეტრიოზის მქონე ადამიანებისთვის, მათი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის და ზოგადად რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებისთვის. 

თავდაპირველი მიზანი ცნობიერების ამაღლება იყო, თუმცა ბლოგის გამოქვეყნებიდან ერთ თვის შემდეგ, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის საჭიროება დადგა, რადგან მხოლოდ ამბების გაზიარება არ არის საკმარისი მაშინ, როცა ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, შესაბამისად დაემატა ყველასთვის ხელმისაწვდომი უფასო კონსულტაცია ამ საკითხში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან.

პროექტის მიზანს ამჟამად, როგორც ცნობიერების ამაღლება, ასევე ენდომეტრიოზის მქონე ქალებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა წარმოადგენს. 

რა არის ენდომეტრიოზი, რა სიმპტომები აქვს, როგორ უნდა ამოიცნონ ქალებმა? 

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი) მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილები არაბუნებრივ ადგილას ინაცვლებენ და იქ იწყებენ განვითარებას და მოქმედებას. ენდომეტრიული კერები შეიძლება გამრავლდნენ ყველგან საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედლებზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავზე, არსებობს შემთხვევები როცა ფილტვებშიც კი აღმოუჩენიათ.

ენდომეტრიოზის სიმპტომების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, თუმცა უმთავრესად მტკივნეული მენსტრუაცია, ოვულაცია, მტკივნეული სექსი, დაორსულების გაძნელება ან უნაყოფობა, ქრონიკული დაღლილობაა ყველაზე ხშირი ჩივილები, რომლებიც ქალებს აწუხებთ.

რა ცოდნა არსებობს თავად ქალებში ჯანმრთელობის ამ პრობლემის შესახებ?

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებას ხშირად წლები სჭირდება იმის გამო, რომ მტკივნეული მენსტრუაცია იმდენად ნორმალიზებულია ქალებში ამ სიმპტომს არც კი აღნიშნავენ გინეკოლოგთან ვიზიტის დროს, თუმცა არსებობენ ქალები, რომლებსაც ენდომეტრიოზი აქვთ და ეს სიმპტომი არ აქვთ გამოვლენილი. ექიმთან რეგულარული ვიზიტები, გამოკვლევების ჩატარება, საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი და იმის ცოდნა თუ რა სიმპტომებზე უნდა გაამახვილოს ქალმა ყურადღება ყოველთვიურად, გაცილებით გაამარტივებდა დიაგნოსტირებას.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციების მიღება ქალებისთვის, ხომ არ არის ინფორმაციის სიმწირე ამ კუთხით?

იმ დაავადებაზე ინფორმაციის ქონა, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მოგიწევს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის მდგომარეობა, რომლის შესახებაც ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ დაივიწყებ და ჩვეულებრივად გააგრძელებ ცხოვრებას. 

ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომელიც ცხოვრების ხარისხს აუარესებს და ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს მასთან ბრძოლას, ინფორმაციის ქონა ყველაზე დიდი იარაღია ამ დაავადებასთან  საბრძოლველადაც და მასთან ერთად საცხოვრებლადაც.

ქართული ინტერნეტი ამ საკითხთან დაკავშირებით სიმწირით ან არაკომპეტენტური რჩევებით გამოირჩევა (მაგალითად ავიღოთ მითი, რომ ენდომეტრიოზს ორსულობა კურნავს და ა.შ.) რის გამოც ბევრი ადამიანი, რომელსაც ინგლისურენოვან ბლოგებზე, ინფლუენსერებზე და სამედიცინო სტატიებზე არ მიუწვდება ხელი, გაურკვევლობაში ცხოვრობს – თვლის, რომ ნორმალურია მენსტრუალური ტკივილი ან ენდომეტრიოზის დიაგნოზთან არ აქვს დაკავშირებული სხვა უამრავი სიმპტომი, რომელიც აწუხებს.

რა გამოსავალი არსებობს  ენდომეტრიოზის  მქონე ქალებისთვის?

ენდომეტრიოზის მართვის ორი გზა არსებობს – მედიკამენტური მკურნალობა (ჰორმონალური) და ლაპარასკოპიით კისტებისა და შეხორცებების ამოკვეთა. პაციენტმა და ექიმმა ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელ გზას აირჩევენ, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. როცა პაციენტი ირჩევს, რომ არ მიმართოს მკურნალობას მაშინ დაავადება აგრძელებს განვითარებას, ხშირად შემხვედრიან ქალები, რომლებიც დაიღალნენ სხვადასხვა ჰორმონების გვერდით ეფექტებთან გამკლავებით, ამ დროს მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ამ დისკოფმორტებს მარტოები არ უნდა უმკლავდებოდნენ და ექიმებს უნდა უზიარებდნენ ყველა პრობლემას, რომელიც მკურნალობის პროცესში ექმნებათ. 

როგორია გამოხმაურებები პროექტთან დაკავშირებით?

იმის მიუხედავად, რომ ბლოგი მხოლოდ ორი თვეა გაშვებულია და პლატფორმას რეკლამირების არანაირი რესურსი არ აქვს ამ ეტაპზე, ძალიან ბევრი ქალი კითხულობს სიახლეებს, წევრიანდება ენდომეტრიოზის მქონე ქალების ჯგუფში, აზიარებს თავის ენდოამბებს, იღებს რჩევებს და რაც მთავარია – ავსებს უფასო კონსულტაციის ფორმას. პლატფორმით არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქალები ინტერესდებიან, არამედ ემიგრაციაში მყოფი ქალებიც, რადგან როგორც იქნა ქართულ ენაზე შეიქმნა რესურსი. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5