სანამ ორსულობას დაგეგმავთ:
- ორსულობის დასაგეგმად მიდით თქვენს გინეკოლოგთან
- უარი თქვით ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა ალკოჰოლი, მოწევა, ნარკოტიკები.
- დაიწყეთ ყოველდღიურად 400 მგ ფოლიუმის მიღება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თანდაყოლილი დეფექტების განვითარებას.
- აკონტროლეთ წონა.
- გაიგეთ თქვენი ოვულაციის დრო ოვულაციის გამომთვლელის ან სიმპტომებზე დაკვირვების საშუალებით.
- გქონდეთ სექსი ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე.
როცა თქვენი სხეული მზად იქნება ორსულობისთვის, სცადეთ ქვემოთჩამოთვლილი რჩევები სწრაფად დასაორსულებლად:
გამოთვალეთ ოვულაციის თარიღი. თვეში ერთხელ, მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოიდევნება საკვერცხიდან, ხვდება ფალოპის მილში და მზადაა გასანაყოფიერებლად. 12-24 საათის განმავლობაში თუ არ მოხდა განაყოფიერება, გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი მენსტრუაციის დროს გამოიდევნება. ოვულაცია მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ხდება და მისი თარიღის ცოდნა დაგეხმარებათ დაორსულებაში იმ ციკლის განმავლობაში.
ოვულაციის გამოთვლის 3 ძირითადი გზა:
- თუ გაქვთ რეგულარული მენსტრუალური ციკლი (ყოველ თვე ერთსა და იმავე რიცხვში), შეგიძლიათ გამოიყენოთ ოვულაციის კალენდარი.
- მენსტრუალური ციკლის შუაში თქვენი ჰორმონების დონის გამოსავლენად გამოიყენეთ ოვულაციის ტესტები. ეს დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ, გაქვთ თუ არა ოვულაცია მოცემულ დღეს.
- დააკვირდით ოვულაციის სიმპტომებს. ბაზალური ტემპერატურის მომატება მიანიშნებს ოვულაციაზე. ვაგინალური გამონადენი ხდება თხელი და გამჭვირვალე (ვიზუალურად ჰგავს კვერცხის ცილას), ეს კონსისტენცია ეხმარება სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედამდე მისვლაში.
თუ გაქვთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ოვულაციის განსაზღვრა რთულდება და მიაკითხეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს.
სპერმის ხარისხის გაუმჯობესება. ჯანმრთელი სპერმა კვერცხუჯრედის განაყოფიერების საუკეთესო შანსია. თქვენს პარტნიორს შეუძლია შემდეგი რჩევების გათვალისწინებით გაიუმჯობესოს მისი ფერტილურობა:
- თავი აარიდოს მოწევას და წამლებს
- არ მიიღოს 2 ჭიქაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი დღეში
- აკონტროლოს წონა (დაუბრუნდეს ჯანსაღ წონას ჭარბწონიანობის შემთხვევაში).
- იკვებოს ჯანსაღად, ივარჯიშოს ყოველდღიურად და შეამციროს სტრესი.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ სექსის რომელიმე პოზას ან სექსის შემდეგ ქალის ლოგინში წოლას შეუძლია დაორსულების ალბათობის გაზრდა.
დაორსულების გადაწყვეტილების მიღებიდან, –
წყვილების 30% პირველივე თვეში ახერხებს დაორსულებას.
წყვილების 60% 3 თვის განმავლობაში.
წყვილების 80% 6 თვის განმავლობაში.
წყვილების 85% 12 თვის განმავლობაში.
წყვილების 92% 48 თვის განმავლობაში.
ქალის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება მისი დაორსულებისთვის საჭირო თვეების რაოდენობა. 30 წლის ასაკში ქალების 20% ორსულდება ერთ ციკლში, როცა 40 წლის ასაკში ეს რიცხვი 5%-მდე ეცემა, ხოლო 45 წლის ასაკში ფიზიოლოგიურად დაორსულება ქალების ძალიან ცოტა ნაწილს შეუძლია. თუ თქვენ ხართ 35 წლამდე და 1 წელია ცდილობთ დაორსულებას, დროა, მიმართოთ სპეციალისტს. თუ თქვენ ხართ 35 წელზე მეტის და 6 თვეა ცდილობთ დაორსულებას, დროა მიმართოთ სპეციალისტს. რა თქმა უნდა, თუ მანამდე გეცოდინებათ თქვენი ან პარტნიორის პრობლემის შესახებ, დაორსულების მცდელობამდე უნდა მიხვიდეთ სპეციალისტთან.