ოსტეოპოროზი არის დაავადება, როდესაც ადამიანის ძვლები ასაკთან ერთად ხდება ნაკლებად მტკიცე და უფრო მიდრეკილი მოტეხილობებისკენ. უფრო მეტიც, მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც ბავშვობის დაავადებას, რომელსაც შედეგები მოჰყვება სიბერეში. მიზეზი მარტივია – ძვლოვანი მასა, რომელსაც ადამიანი ბავშვობის და მოზარდობის წლებში აღწევს, განსაზღვრავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ძვლების ჯანმრთელობას. ჯანმრთელობის სასარგებლო ჩვევები და ადეკვატური ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად.
როდესაც ბავშვები პატარა არიან, მათი სხეული უფრო სწრაფად ქმნის ახალ ძვლებს, ვიდრე შლის ძველებს. ამრიგად, მათი ძვლის მასა იზრდება. ადამიანების უმეტესობა ძვლის მასის პიკს აღწევს დაახლოებით 20-30 წლის ასაკში. ამ დროს ძვლები მაქსიმალურად მტკიცე და მკვრივია. სინამდვილეში, ძვლის პიკური მასის 90 პროცენტამდე მიიღება 18 წლის ასაკში გოგონებში და 20 წლისთვის – ბიჭებში. ამის შემდეგ ძვლის რემოდელირება გრძელდება, მაგრამ ვკარგავთ ოდნავ მეტ ძვლოვან მასას, ვიდრე მოვიპოვებთ.
თქვენი შვილის ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ძვლოვან მასას მიაღწევს 30 წლის ასაკში, ასევე რამდენად სწრაფად კარგავს მას ამის შემდეგ. რაც უფრო მაღალია ბავშვის პიკური ძვლის მასა, მით უფრო ნაკლებია ასაკთან ერთად ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ძვლები?
როდესაც ადამიანს აქვს ძლიერი ძვლები, ის ადვილად მოძრაობს. უფრო მეტიც, ძლიერი ძვლები იცავს ჩვენს გულს, ფილტვებსა და ტვინს დაზიანებისგან, ასევე ინახავს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. იმავდროულად, სუსტი ძვლები ადვილად იშლება, შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი და სიმაღლის შემცირებაც კი.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ბავშვის ძვლები ცოცხალი ორგანოებია, რომელთაც აქვთ უჯრედები. უფრო მეტიც, ისინი მუდმივად იზრდება და განახლდება. ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება მათ უფრო აძლიერებს.
გარდა ამისა, როდესაც თქვენი შვილები დარბიან, ხტებიან ან აწევენ რაიმე მძიმეს, ეს სტრესს აყენებს მათ ძვლებს. ეს სტრესი, თავის მხრივ, აგზავნის სიგნალს მათ ტვინში, რომ ძვლები უნდა გაძლიერდეს. საპასუხოდ, ახალი უჯრედები ემატება ძვლებს გასაძლიერებლად. ამიტომაც, მშობლებმა უნდა წაახალისონ შვილები სირბილის, ხტომისა და აქტიური თამაშისკენ.
ფიზიკური დატვირთვა და ჯანმრთელი ძვლები
რამდენიმე კვლევის თანახმად, ნაკლებად აქტიურ მოზარდებს უფრო სუსტი ძვლები აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ბავშვების ძვლები, რომლებსაც ხშირად უწევთ ჯდომა, ეკრანთან ყოფნა ან უბრალოდ ეზარებათ აქტიური თამაშები, არ იტვირთება ისე, რომ ხელი შეუწყოს ძვლების სიმტკიცეს, ამბობენ კვლევის ავტორები.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ცდაში მონაწილე ბიჭებს ჰქონდათ უფრო დიდი და ძლიერი ძვლები, ისინი და გოგონები ერთნაირად რეაგირებდნენ ფიზიკურ აქტივობაზე. ამასთანავე, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეფექტურობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური აქტივობა იქნება სტრუქტურირებული თუ არა (მაგალითად სპორტის რომელიმე სახეობა). სინამდვილეში, ისეთი ხანმოკლე აქტივობები, როგორიცაა ძაღლის გასეირნებაც კი, დადებით გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობაზე.
წყარო: www.verywellfamily.com