Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი. 

რა სიმპტომები ახასიათებს პანიკურ შეტევებს მოზარდებში და როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები ასეთ დროს? როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს

ბოლო პერიოდში ძალიან იმატა მომართვიანობამ მოზარდებში შფოთვითი აშლილობით და პანიკური შეტევებით, 

რაც გამოიხატება

  • ქოშინით, 
  • სუნთქვის გაუარესებით,
  • სუიციდური ფიქრებით ან შიშებით,
  • გულ-მკერდის ტკივილით,
  • თავბრუსხვევით, 
  • თავისა და მუცლის ტკივილით,
  • სწავლის გართულებით,
  • სკოლაში, წრეებზე სიარულისგან თავის არიდებით, 
  • ძლიერი შიშით, 
  • ოფლიანობით,
  • კანკალით, 
  • მოახლოებული საფრთხის ძლიერი განცდით. 

მოგეხსენებათ, პუბერტატის ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა 9-21 წლამდე და შესაბამისად ამ ასაკობრივ ჭრილში იჩენს თავს ყველაზე ხშირად ზემოთ აღნიშნული პრობლემა.

თანამედროვე ბავშვი უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა ტექნოლოგიურმა განვითარებამ და მათთან შეუზღუდავმა წვდომამ, მათი გონება მუდმივად დაკავებულია, მუდმივად ჩართულობაში ყოფნას მოითხოვს გარემოებები: 

– ოჯახი, 

– სკოლა, 

– წრეები, 

– სოც ქსელები. 

გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს გენეტიკური, გარემოდან შემოტანილი ქრონიკული ემოციური სტრესები, ან ორივეს კომბინაცია.

ასეთ დროს ხშირადაა გამოხატული ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა — უკიდურესად დაბალი თვითშეფასება, (რომელიც, შესაძლოა მშობლის მოთხოვნის საფუძველზე ქცევებში კომპენსატორულად გამოიხატებოდეს. )

ასევე ემოციური ინტელექტის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, (რაც მოითხოვს პროფესიულ ჩარევას და სწავლებას, როგორც ბავშვის, ასევე მშობლის ჩართულობას.)

ხშირად არის გამოვლენილი დედისგან სეპარაციის მოთხოვნილება, რომელიც ნორმალურია და თუ დედისგან არ არის მზაობა, მოზარდი იძულებული ხდება დაემორჩილოს დედის მოთხოვნას, იყოს მასზე დამოკიდებული და თავისი მოთხოვნილებები და სურვილები დათრგუნოს, განდევნოს და ხშირად შფოთვის ქვეტექსტი ასე ჟღერს: “ვერასდროს ვიქნები ის, ვინც ვარ” — არაფრად ყოფნის შიში.

ხშირად ასეთ დროს მშობლის შფოთვა და ფაქტის უარყოფა ფარავს შვილის მდგომარეობას. მშობლები ხშირად არიან ინფორმაციულ ვაკუუმში, უჭირთ აღიარება, სირცხვილის განცდა აიძულებთ არ ისაუბრონ ამაზე, უჭირთ მოიძიონ სპეციალისტი და ხშირად არასწორი არჩევანის გაკეთება უწევთ, ფიქრობენ, რომ მედიკამენტური მკურნალობაა გამოსავალი, სინამდვილეში  მედიკამენტურ მკურნალობას შეუძლია სიმპტომის მოხსნა მხოლოდ დროებით, რადგან პანიკური შეტევის გამომწვევი მიზეზები ცალსახად ფსიქიკურია და სჭირდება ფსიქოთერაპიული ჩარევა.

მშობლებმა უნდა გამოიჩინონ თანაგრძნობა აქტიური მოსმენით და წაახალისონ ღია კომუნიკაცია. 

გარდა ამისა, ვისურვებდი, რომ როცა ბავშვს პრობლემები აქვს, მშობლები თვითონ მუშაობდნენ ფსიქოთერაპევტთან, რადგან შეძლონ საკუთარი შიშის და შფოთვების გაცნობიერება და საკუთარი თავის გამოჯანმრთელება, რადგან ხშირად, ძალიან ხშირად, მშობლის მხრიდან პრობლემისადმი და ბავშვისადმი ადეკვატური დამოკიდებულება არის გადამწყვეტი ფაქტორი შვილის ჯანმრთელობისთვის.

ბავშვთან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართვა გადამწყვეტია, თუ პანიკის შეტევები ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად თუ ვერ დადის სკოლაში, წრეებზე და სხვა.  ან თუ მოზარდი გამოხატავს თვითმკვლელობის აზრებს. რაც უფრო ადრეულად მოხდება ჩარევა, როცა ბავშვს აწუხებს ძილის პრობლემები, კოშმარები, არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება, არჩევანის გაკეთება, აშინებს ისეთი რაღაცები, რაც რეალურად არ არის საშიში, მით უფრო მარტივია გამოსავალიც.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი