ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. შესაბამისად, ამ ვადამდე გადაიდო სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.
- პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი დასრულდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 5 ივლისი განისაზღვრა.
- რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. (ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში).
- რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
- რეგისტრაციის IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ წინა ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=10299&lang=geo