ორსულის სიზმრები, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, ხშირადაა მკაფიო, შემაწუხებელი და ამან შეიძლება შეგაშინოთ. მაგრამ ეს ნორმალურია.
ამ სიზმრებით შეიძლება თქვენი არაცნობიერი უმკლავდებოდეს ორსულობასა და მოსალოდნელ დედობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შიშს ან შეიძლება ისინი უბრალოდ ასახავდეს ძილის დარღვევას, რომელიც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის პრობლემებით, ჰორმონებით ან ტკივილებით.
როდესაც თქვენი ძილი ირღვევა, პირდაპირ სიზმრიდან იღვიძებთ და ამიტომ გახსოვთ დეტალები ნათლად.
გახსოვდეთ, რომ სიზმრებს არანაირი გავლენა არ აქვს რეალობაზე. სიზმარი, რომელშიც ვერ აჭმევთ თქვენს შვილს, შეიძლება მიანიშნებდეს, რომ თქვენ ღელავთ ახალშობილის მოვლაზე, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ კარგი დედა არ იქნებით.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიზმრები შეიძლება შემაშფოთებელი იყოს, ჩათვალეთ, რომ ისინი შინაგანი აზრები და განცდებია. მას შემდეგ რაც შეისწავლით თქვენს შიშებს, მათ უკეთ გაუმკლავდებით.
როდესაც ნათელი სიზმარი ან კოშმარი გაგაღვიძებთ, შეიძლება გულისცემა აგიჩქარდეთ. თუ გიჭირთ სიზმრის კადრების დავიწყება და დაძინება, შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი რჩევები:
შეინახეთ ბლოკნოტი თქვენს საწოლთან. ჩაიწერეთ ნებისმიერი სიზმარი, რომელიც გაგახსენდებათ და შეეცადეთ აღწეროთ თქვენი გრძნობები მათ შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი საზრუნავის გაცნობიერებას, რათა მათ უკეთ გაუმკლავდეთ.
დაძაბეთ და გაათავისუფლეთ სხეულის თითოეული კუნთი, დაწყებული ფეხის თითებით და დამთავრებული შუბლით.
ღრმად და რიტმულად ისუნთქეთ, რათა გულისცემა შეამციროთ. დახურული პირით ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და თანდათან შეავსეთ ფილტვები ჰაერით. ერთი წამით გაჩერდით, სანამ ცხვირით ამოისუნთქავთ ოთხამდე დათვლით.
წამოდექით საწოლიდან და სხვა რამე გააკეთეთ. კითხვა ან მშვიდი მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ მოდუნებაში, მაგრამ სინათლეს დაუწიეთ. მოერიდეთ ტელევიზორის ყურებას და ტელეფონის ან ლეპტოპის გამოყენებას, რადგან ამან შეიძლება გაგირთულოთ ჩაძინება.
წარმოიდგინეთ თავი თბილ, ქვიშიან სანაპიროზე მწოლიარე ან ყვავილების მინდორში სეირნობისას.
თუ თქვენს თავს მისცემთ მოდუნების და დამშვიდების საშუალებას, უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ დაუბრუნდებით ცუდ სიზმრებს.
ნორმალურია ნათელი სიზმრის ან კოშმარისგან გაღვიძება შიშის და შფოთვის შეგრძნებით. მაგრამ ზოგჯერ სიზმარს შეუძლია დარჩეს თქვენთან მეორე დღის განმავლობაში და ძნელია მისგან თავის დაღწევა. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სიზმარს არაერთხელ ათამაშებთ გონებაში, ან ან მუდმივად შფოთავთ მის გამო. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რაც შეიძლება დაგეხმაროთ:
დაწერეთ კოშმარის აღწერა და მოიფიქრეთ მისი შეცვლის გზა, იქნებ დადებითად დასრულდეს. დღის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენიმე წუთი დახარჯეთ სიზმრის ამ შეცვლილი ვერსიის წარმოსახვაში.
ყურადღება გაამახვილეთ დღევანდელ მომენტში ცხოვრებაზე და ისიამოვნეთ გარშემო მყოფი პატარა საგნებით. იფიქრეთ იმაზე, რისი გრძნობაც შეგიძლიათ, დაყნოსვაც, მოსმენა და დანახვაც.
ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს ან მეგობარს. თქვენი საზრუნავის გაზიარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მათ გააზრებას და გამკლავებას.
დაეხმარეთ თქვენს გონებას სიმშვიდის შენარჩუნებაში იმის გაკეთებით, რაც გიყვართ. იქნება ეს თბილი აბაზანა თუ ნელი ნაბიჯით სიარული ღია ცის ქვეშ.
თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს პარტნიორს ასევე აქვს უცნაური სიზმრები იმ ცვლილებების შესახებ, რაც ორივეს წინ გელით. დაუთმეთ დრო მათზე ლაპარაკს და ნახავთ, რომ ეს სასარგებლო გზაა თქვენს შფოთვებთან გასამკლავებლად. შეიძლება მათზე ერთად იცინოთ კიდეც.
წყარო: www.babycentre.co.uk