თუ თქვენი ჩვილი კვების დროს ზედმეტად გაღიზიანებულია და მის პირში თეთრი ლაქები შეამჩნიეთ, მას შეიძლება ჰქონდეს პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია, რომელიც ცნობილია „რძიანას“ სახელით.
რა არის რძიანა?
რძიანა სოკო კანდიდა ალბიკანსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიხატება თეთრი ან ყვითელი ფერის ლაქებით ან წყლულებით ჩვილის პირის ღრუში. ის ხშირად ჩნდება ღრძილებზე, ენაზე, სასაზე ან ლოყების შიგნით.
მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მსუბუქი ინფექციაა, რძიანა შეიძლება არასასიამოვნო ან მტკივნეულიც იყოს თქვენი ბავშვისთვის – და თქვენთვის, თუ ძუძუთი კვებავთ და თქვენი პატარა ინფექციას გადმოგცემთ თქვენ.
რძიანას სიმპტომები
თეთრი ლაქები ბავშვის პირში. ენაზე, ღრძილებზე, ლოყებზე ან სასაზე თეთრი საფარი ან თეთრი ლაქები შეიძლება იყოს რძიანა ან რძის ნარჩენები, რომლებიც ხშირად რჩება ბავშვის ენაზე კვების შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივ გაივლის რამდენიმე საათში. იმის გასაგებად, გამოწვეულია თუ არა თქვენი ბავშვის ენაზე სითეთრე რძით, შეეცადეთ ნაზად მოიწმინდოთ რბილი, სველი ქსოვილით ან თითის გამოყენებით. თუ ენა ვარდისფერია და გაწმენდის შემდეგ არაფერი ეტყობა, ის უმტკივნეულო და უვნებელია და არ სჭირდება მკურნალობა. თუ თეთრი ლაქა მარტივად არ შორდება ან მის ქვეშ ნახავთ ნედლ, წითელ ლაქას, ეს სავარაუდოდ რძიანაა და უნდა დაუკავშირდეთ პედიატრს.
წოვის დროს ბავშვების გაღიზიანების მიზეზიც შეიძლება რძიანა იყოს.
როგორ ჩნდება რძიანა?
Candida არის ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩნდება პირში ან ვაგინაში და, როგორც წესი, სხვა მიკროორგანიზმების მიერ კონტროლდება. ავადობისას, ანტიბიოტიკების მიღების ან ჰორმონალური ცვლილებების დროს (მაგალითად ორსულობის დროს), წონასწორობა შეიძლება დაირღვეს, რაც საშუალებას აძლევს კანდიდას გაიზარდოს და გამოიწვიოს ინფექცია. სავარაუდოდ, მშობიარობის დროს გადაეცემა ის ბავშვს, რადგან ყველაზე ხშირად გვხვდება ახალშობილებში და 2 თვემდე ასაკის ბავშვებში. უფრო დიდ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ რძიანა, თუ ისინი იღებდნენ ანტიბიოტიკებს სხვა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად (რომელიც კლავს „კარგ“ ბაქტერიებსაც) ან აქვთ სუსტი იმუნური სისტემა.
რძიანა გადამდებია?
ძუძუთი კვების დროს სოკო გადადის ბავშვის პირიდან დედის მკერდზე და პირიქით, მანამ, სანამ ორივე არ იმკურნალებს. რძიანა იწვევს ძუძუსთავების წვას და ტკივილს, აქერცვლას. მიუხედავად ამისა, თქვენ უნდა განაგრძოთ ძუძუთი კვება და მიმართოთ ექიმს შესაბამისი კრემის დასანიშნად.
სოკომ შეიძლება გადაინაცვლოს გენიტალიებზე და გამოწვიოს საფენის ქვეშა გამონაყარი.
რძიანას მკურნალობა
თუ თეთრი ნადები არ არის რძის ნარჩენები და ნამდვილად გამოწვეულია სოკოთი, ექიმმა უნდა დანიშნოს მისი საწინააღმდეგო საშუალება და ინფექცია გაივლის დაახლოებით 1 კვირაში.
წყარო: whattoexpect.com