Skip to content Skip to sidebar Skip to footer

შორენა ლაღაძემ, ჟურნალისტმა და ბლოგერმა, ორსულობის დროს აღმოაჩინა, რომ ლაქტაციის შესახებ ქართულ ინტერნეტსივრცეში მწირი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობდა, რაც ხშირად დამაბნეველი ხდებოდა ქალებისთვის, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ბავშვის ბუნებრივი გზით გამოკვება. პანდემიის პერიოდში ლაქტაციის საკითხებით დაინტერესებულმა დედამ სტენფორდის უნივერსიტეტის ონლაინ კურსიც გაიარა ლაქტაციის თემებზე და ლაქტაციის მრჩეველი, ძუძუთი კვების მხარდამჭერი გახდა. შორენას გადაწყვეტილი აქვს  ხშირად ისაუბროს ამ თემებზე და ქალებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია ლაქტაციის პროცესის შესახებ. “დედამიცის” გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

რატომ დაინტერესდით ლაქტაციის თემით და რა აღმოაჩინეთ? რამდენად აქვს მხარდაჭერა ქალს ოჯახისგან წარმატებული ლაქტაციის პროცესისთვის?

ლაქტაციის საკითხებით მაშინ დავინტერესდი, როდესაც გავიგე რომ ბავშვს ველოდებოდი და მისი ძუძუთი კვება დავგეგმე. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იყო მარტივი პროცესი, მაგრამ რეალობა საპირისპიროა. მთელი ორსულობა ვცდილობდი შემეგროვებინა ინფორმაცია ლაქტაციის შესახებ, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ქართულ ენაზე ბევრი არასწორი, ურთიერთგამომრიცხავი და საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო ამ თემაზე. საქართველოში ძუძუთი კვების პროპაგანდაზე არავინ ზრუნავდა, გარდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროსი, თუმცა არც იმას  ჰქვია პროპაგანდა, რასაც ისინი აკეთებენ. ამიტომ გადავწყვიტე სხვა დედებს დავხმარებოდი.

რაც შეეხება ოჯახისა და სამშობიაროს მხრიდან ქალის მხარდაჭერას – 10 ბალიანი სისტემიდან 2 ქულით შევაფასებ. ოჯახებმა ძირითადად არ იციან, რა სარგებელი აქვს ძუძუთი კვებას დედისა და ბავშვისათვის. ალბათ 100 ოჯახიდან ერთია ისეთი, სადაც იციან ძუძუთი კვების წესები, მისი სარგებლის შესახებ აქვთ ინფორმაცია და ა.შ. არ არის ეს პროცესი ჩვენი, ქართული კულტურის ნაწილი რატომღაც. არადა, ბევრ ქვეყანაში ძუძუთი კვება ერის ტრადიციაა და ინფორმაციაც იქ გაცილებით მეტია.   დიდი პრობლემაა ისიც, რომ ძუძუთი კვება ჩვენთან უსაქმურობასთან ასოცირდება და საზოგადოებაში, საჯაროდ ბავშვის გამოკვება სირცხვილად ითვლება. არადა, ეს ყველაზე ბუნებრივი, ნატურალური პროცესია რაც კი შეიძლება ქალმა გააკეთოს და სინამდვილეში ქალის მკერდს სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს გარდა ბავშვის საკვები ჭურჭლისა.

რამდენად უწევენ საქართველოში პოპულარიზაციას დედის რძეს შესაბამისი პირები –  სამშობიაროს თანამშრომლები, პედიატრები და ა.შ?

ხშირია შეთხვევები, როდესაც  სამშობიარო სახლები  ქალს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან ძუძუთი კვების სარგებლიანობის შესახებ, ნებართვის გარეშე აძლევენ ხელოვნურ ჩვილს, სტრესავენ ისედაც დიდი სტრესის ქვეშ მყოფ ახალმოლოგინებულ დედებს და ხშირად ეუბნებიან, რომ ბავშვმა წონაში მის გამო დაიკლო, მისი რძის გამო ტირის, მის რძეს ცუდი ფერი აქვს, არ აქვს რძე და ა.შ. სინამდვილეში რძე თავიდან არც არავის არ აქვს. თავდაპირველად ყველა ქალს აქვს ხსენი – მცირე რაოდენობის, არც თუ ისე სასიამოვნო შეფერილობის ცხიმებისა და ანტისხეულების ,,ბომბი’’, რომელსაც ბავშვის  პირველ აცრას ან ოქროს სითხეს უწოდებენ. ძალიან არ მინდა ეს ყველაფერი სამშობიარო სახლების პერსონალის უცოდინრობას დავაბრალო და უფრო მეტად ბავშვთა ხელოვნური კვების პოპულარიზაციის ნაწილი მგონია, თუმცა ამაზე ხმამაღლა ჩვენს ქვეყანაში ჯერ მხოლოდ ორიოდე ადამიანი ლაპარაკობს.

თუ ქალი გათვიცნობიერებული არ მიდის სამშობიაროში, რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდეს იქ?

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამშობიაროს მედდების მიერ თვითნებურად ხელოვნური საკვების მიცემაა. ამ გზით ბავშვი ხშირად ვერ ღებულობს დედის პირველ რძეს, ხსენს, რომელზე სასარგებლოც არაფერია. ალბათ ყოველ მეორე ქალს გამოუცდია ეს და ყოველი მათგანი აღნიშნავს, რომ ხელოვნური რძის მიცემა მოხდა ისე, რომ მათ არაფერი იცოდნენ. ქალები იმასაც ამბობენ, რომ ამან ხელი შეუშალათ წარმატებულ ძუძუთი კვებაში. ხელოვნურ კვებაში არაფერია ტრაგედია ან საგანგაშო, მაგრამ ბავშვის კვება უნდა იყოს დედის გაცნობიერებული არჩევანი, სამშობიაროები ქალს ჯერ კიდევ ორსულობის დროს უნდა ამზადებდნენ ამისათვის- ასე ხდება ცივილურ ქვეყნებში. ჩვენთან კი ქალს ამაზე თითქმის არავინ ელაპარაკება ორსულობაში. როდესაც ბავშვი იბადება დედას უკვე გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს, რას აჭმევს მას, ეს გადაწყვეტილება ბავშვის დაბადების მერე არ უნდა იქნას მიღებული. დედამ უნდა იცოდეს რა სარგებლობა აქვს ძუძუთი კვებას, რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს ძუძუთი კვების დროს;  ასევე, რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს ხელოვნური კვების დროს და რით განსხვავდება ის დედის რძისაგან (ჩვენთან გავრცელებული პოპულარული მოსაზრებით თანამედროვე ხელოვნური საკვები ძალიან ახლოსაა დედის რძესთან. სინამდვილეში ეს მოსაზრება იმ მითების სიის ნაწილია, რომელიც ძუძუთი კვების შესახებ ვრცელდება).

გვესაუბრეთ  ძუძუთი კვების სარგებელზე. რა სარგებელი მოაქვს ლაქტაციას როგორც ქალისთვის, ასევე  ბავშვისთვის?

გარდა იმისა, რომ ძუძუთი კვება ძალიან ეკონომიურია, ეს პროცესი იდეალურია დედისა და ბავშვისათვის. ხელოვნურ კვებაზე გაზრდილი პატარების დედები ხშირად გულნატკენები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი მათ ძალიან აკნინებთ, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო ემოციური კავშირი – ყველა ბავშვს უყვარს დედა და ყველა დედას – შვილი, მაგრამ კავშირი, რომელიც ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის მყარდება, უნიკალურია. არაფერი დამაკნინებელი აქ არაა, სამწუხაროა თუ ვინმემ ხელშემწყობი პირობების არარსებობის გამო ვერ მოახერხა ბავშვის ძუძუთი კვება, მაგრამ ფაქტები ჯიუტია და მათზე თვალის დახუჭვა არ გამოვა. იმის თქმა, რომ დედის რძე ჩვილისათვის ყველაზე შესაფერისი, სასარგებლო და აუცილებელი საკვებია, საჭიროა .თუმცა, ამით არც იმის თქმა მინდა, რომ დედის რძის არარსებობის შემთხვევაში ჩვილი რაიმე სხვა ნარევით უნდა ვკვებოთ. თუ დედას რძე საერთოდ არ აქვს ან არ აქვს სურვილი ძუძუთი კვებოს პატარა, ახალშობილს აუცილებლად უნდა მისცენ შესაბამისი ხელოვნური ნარევი, რადგან მხოლოდ ის შეიცავს იმ აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, რაც ჩვილ ბავშვს სჭირდება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ბავშვს მაწონი, ქუმელი, ბრინჯის ნახარში, შაქრიანი წყალი ან ძროხის რძე. ძუძუთი კვება ძალიან სასარგებლოა დედისთვისაც და ყველა სხვა მიზეზი რომ გვერდზე გადავდოთ, ჯერ მხოლოდ იმიტომ არის იდეალური, რომ ძუძუს კიბოს განვითარებას უშლის ხელს. რა თქმა უნდა, მეძუძურ ქალებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სიმსივნე თუ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ, მაგრამ ძალიან, ძალიან იშვიათად.

როგორ უნდა მოემზადოს ქალი   ძუძუთი კვებისთვის?

ძუძუთი კვებისათვის ქალი ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ან გაგების დღიდან უნდა მოემზადოს. ჩვენთან ითვლება, რომ მომზადებისათვის საკმარისია სხვების პირადი გამოცდილების გაზიარება, ძუძუსთავებზე თაფლის სანთლით ამოვსებული კაკლის ნაჭუჭის დადება ან მკერდის პირსახოცით დამუშავება. სინამდვილეში ეს უკანასკნელი საერთოდ არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის ან ნაყოფის დაკარგვის მიზეზი გახდეს. კაკლის ნაჭუჭის დადება კი იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული, თუ ქალს შეტრიალებული ან ბრტყელი ძუძუსთავები აქვს. სხვა შემთხვევაში საჭირო არაა. ძუძუთი კვებისათვის მომზადება იწყება ინფორმაციის მიღებით ლაქტაციის წესების შესახებ. ამ თემაზე ძალიან კარგი რესურსები ქართულ ენაზე აქვთ “იუნისეფს” და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. უცხოურენოვანი რესურსებიდან გამოვარჩევდი La Leche League-სა და სხვა ლაქტაციის საერთაშორისო ორგანიზაციების საიტებს.

რამდენხანს გრძელდება ლაქტაციის პერიოდი?

ძუძუთი კვება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 1 წელი, რადგან 1 წელი დედის რძე ან ხელოვნური ნარევი ბავშვის ძირითადი საკვებია. სასურველია ბავშვმა ძუძუ 2 წლამდე ჭამოს, რადგან ამ პერიოდში დედის რძეში ბევრი ანტისხეულია, რაც იცავს პატარას დააავადებებისაგან, ხოლო დედას სადინარების მუდმივი სტიმულაცია იცავს ძუძუს კიბოსაგან.

ყველაზე ოპტიმალური დრო როდის არის  დანებებისთვის? რა უნდა გაითვალისწინოს დედამ?

ძუძუთი კვებისთვის თავის დანებების იდეალური დრო  ძალიან ინდივიდუალურია. არსებობენ ბავშვები, რომლებიც  თავად ანებებენ თავს ძუძუს, არიან ბავშვები, რომლებსაც ემოციური სტაბილურობისათვის ძალიან სჭირდებათ დედასთან ამ ტიპის სიახლოვე, მაგრამ თუ ძუძუთი კვება 2 წლის ზემოთ გაგრძელდა და დედა ატყობს, რომ პატარას ეს ემოციური რეგულაციისათვის სჭირდება, უმჯობესია, მშობელმა იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვმა შეწყვიტოს წოვა და მონახოს სხვა გზა დედასთან კავშირისათვის ან თვითდამშვიდებისათვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5