Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი შვილის პირველი წელი სავსეა დასამახსოვრებელი მოვლენებით. მის ცხოვრებაში თითოეული „პირველი“ – განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. თითოეული ეტაპი კი  თქვენთვის შესაძლებლობაა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვი ასაკის შესაბამისად იზრდება და ვითარდება.

სიცილი მშვენიერი ეტაპია, ის თქვენთან კომუნიკაციის საშუალებაა და თან იმის ნიშანია, რომ თქვენი ბავშვი ბედნიერია.

სტატიიდან გაიგებთ, როდის უნდა დაიწყოს ჩვილმა სიცილი და რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ ის ამ ეტაპს გამოტოვებს.

როდის იწყებენ ჩვილები სიცილს?

ჩვილების უმეტესობა პირველად გაიცინებს დაახლოებით 3-4 თვისთვის. ამასთან, არ იღელვოთ, თუ თქვენს ბავშვს უფრო მეტი დრო დასჭირდება. თითოეული ბავშვი განსხვავებულია. ზოგი ჩვილი სხვებზე ადრე  ან გვიან იწყებს სიცილს.

4 გზა ჩვილის გასაცინებლად

თქვენი ბავშვი შესაძლოა პირველად აკისკისდეს, როდესაც თქვენ კოცნით მის მუცელს, გამოსცემთ სასაცილო ხმას ან აბუქნავებთ.

1. სასაცილო ხმები

სასაცილო ხმები  ხშირად უფრო საინტერესოა ჩვილისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ხმა. ამიტომ, მოუხმეთ იმპროვიზაციას, როცა მას ელაპარაკებით ან ეთამაშებით.

2. ნაზი შეხება

მსუბუქი შეხება ან ჰაერის შებერვა სხეულზე ჩვილისთვის სახალისო, განსხვავებული შეგრძნებაა და შესაძლოა მისი სიცილი გამოიწვიოს.

3. ხმის გამომცემი საგნები

მიმოიხედეთ ბავშვის ოთახში და დააკვირდით, რის ახმაურებამ  შეიძლება გააცინოს ის.

4. მხიარული თამაშები

ჭიტა“ შესანიშნავი თამაშია, რომელიც ბავშვებს აცინებს. ის  შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში ეთამაშოთ თქვენს პატარას, მაგრამ მან შეიძლება პასუხი არ გაგცეთ სიცილით, სანამ 4-6 თვის არ შესრულდება. ამ ასაკში ჩვილები იწყებენ  ობიექტის მუდმივობის  გაგებას ანუ ხვდებიან, რომ რაღაც არსებობს მაშინაც კი, როდესაც მას ვერ ხედავ.

თუ ჩვილი ამ ეტაპს გამოტოვებს…

ნუ აღელდებით, თუ ბავშვი მხოლოდ ერთ ეტაპს გამოტოვებს და სხვა სფეროებში ასაკის შესაბამისი მიღწევები ექნება. ხოლო, თუ რამდენიმე ეტაპზე ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას, შეატყობინეთ ამის შესახებ მის პედიატრს.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5