Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ეძებთ საუკეთესო თამაშს ჩვილისთვის? „ჭიტა“ – ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაშია, რომელიც აქამდე გამოუგონიათ. რატომ? ის ამუშავებს ბავშვის შეგრძნებებს, ავითარებს მსხვილ მოტორიკას, აძლიერებს თვალის მიდევნების უნარს, ხელს უწყობს ბავშვის სოციალურ განვითარებასა და იუმორის გრძნობის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, „ჭიტა“ ბავშვს ეხმარება ობიექტის მუდმივობის გაგებაში, ის ხვდება, რომ  საგნები და ადამიანები განაგრძობენ არსებობას მაშინაც კი, როცა  ის ვერ ხედავს მათ.

როდის იწყებენ ჩვილები ობიექტის მუდმივობის გაგებას?

ობიექტის მუდმივობა ჩვილებში ვითარდება  4–დან 5 თვემდე ასაკში, მაგრამ ყველა ასაკის ჩვილს უყვარს „ჭიტას“ თამაში, ახალშობილობიდან დაწყებული ახლად ფეხადგმულობამდე.

როგორ დავეხმაროთ ჩვილს ობიექტის მუდმივობის აღმოჩენაში?

როდესაც ბავშვს ღვიძავს, მშვიდადაა და დანაყრებულია, მშვენიერია დროა „ჭიტას“ სათამაშოდ.  რაც უფრო მეტად შესთავაზებთ ჩვილს ისეთი თამაშებს, რომელიც აერთიანებს მხედველობის,  მსხვილი მოტორიკისა  და სოციალური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას, მით უკეთესი იქნება მისი მზარდი ტვინისთვის.

ახალშობილებს ეთამაშეთ „ჭიტა“ სახეზე ხელების აფარებით – თქვენს ტკბილ შვილს ყველაზე მეტად თქვენი სახის ყურება უყვარს. თავდაპირველად მას სწორედ იმ მანძილზე შეუძლია დაინახოს, რა მანძილზეც თქვენი სახე აღმოჩნდება, როცა ის ხელში გიჭირავთ.   ზრდასთან ერთად შესთავაზეთ ამ თამაშის ვარიაციები: დამალეთ მისი საყვარელი სათამაშო ბალიშის ან საბნის მიღმა და სთხოვეთ ბავშვს მოძებნოს, შემდეგ კი დიდი ოვაციებით „იპოვეთ“ ის.  ან სცადეთ ნაწილობრივ დამალოთ სათამაშო საბნის ქვეშ და დააკვირდით, თუ შენიშნავს და გამოიღებს მას დამოუკიდებლად. თუ ასე მოიქცევა, დააჯილდოვეთ ის დიდი „ჭიიიიიტათი“  და უთვალავი ღიმილით.

ახალშობილები ადვილად იღლებიან. ასე რომ, დააკვირდით მის მინიშნებებს: თუ თავს მიაბრუნებს ან გაბრაზდება თქვენს “ჭიტაზე”, შეასვენეთ და სცადეთ მოგვიანებით თამაშის გაგრძელება.

რაზე არ უნდა იღელვოთ:

ობიექტის მუდმივობის აღმოჩენასთან ერთად ჩვილები ეჯაჭვებიან თავიანთ ძირითად მომვლელს. სწორედ ამ დროს, 5 თვიდან უჩნდებათ მათ განშორების შფოთვა და იწყებენ უცხოობას. ეს დაკავშირებულია ობიექტის მუდმივობის გაგებასა და ობიექტების ამოცნობის დასწავლასთან. ამ ასაკში ხვდება ჩვილი, რომ ცალკე სხეულს წარმოადგენს და დედა მაშინაც არსებობს, როცა მას ვერ ხედავს. ამიტომ უჩნდება განშორების შფოთვა და შესაძლოა ღამით ხშირად დაიწყოს ტირილით გაღვიძება იმაში დასარწმუნებლად, რომ მისთვის ნაცნობი ადამიანები და საგნები კვლავ მასთან არიან.

ამასთანავე, ბავშვმა, რომელიც საათობით გრძნობდა თავს მშვიდად ბებიის მკლავებში, მოულოდნელად შეიძლება დაიწყოს ტირილი, თუ ის ხელში აიყვანს. დაამშვიდეთ ბებო, რომ ეს პირადული არ არის და მხოლოდ განვითარების ეტაპია, რომელიც მალე (ან არც ისე მალე) გაივლის.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5