ჟურნალისტ ლევან ჯობავას, ხობის საკვირაო სკოლის შექმნის იდეა 2019 წელს გაუჩნდა, 2020 წელს კი ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ “ხელი შეუწყო” ეს იდეა სრულყოფაში მოეყვანა. პანდემიის პერიოდში ლევანი ხობში გადასახლდა და თავისი იდეის რეალობად ქცევას შეუდგა. პატარა ქალაქი უჩვეულო იდეამ გამოაცოცხლა. ბაბუის საგვარეულო სახლში ლევანმა მოაწყო ფერადი სივრცე ხობელი მოზარდებისთვის, სადაც ისინი შეძლებდნენ საკუთარი ინტერესების შეცნობას, საჭირო უნარების გამომუშავებას, თავისუფალ საუბარს და დროის ნაყოფიერად გატარებას.
ხობში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სახლი, უჩვეულო სივრცე გახდა ადგილობრივი ბავშვებისთვის და ყველა მათგანის საყვარელ ადგილად გადაიქცა. საკვირაო სკოლაში თავისუფალი განრიგია, არაა შეზღუდვა არც ასაკზე და არც სქესზე. თამაშობენ ფეხბურთს, ერთად გულშემატკივრობენ ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს, დადიან ექსკურსიებზე, აწყობენ წვეულებებს, დადიან არქეოლოგიურ კვლევებზე, ესწრებიან ლექციებს სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე, საუბრობენ ოკუპაციაზე, ბულინგზე, ოჯახში ძალადობაზე და ა.შ.
“ძნელია სიტყვებით გადმოსცე, რაც ჩვენთან ხდება, როგორი არიან ეს ბავშვები რეალურად. ისინი არიან მხიარული, იუმორით სავსე , აქტიური და ძალიან დაინტერესებული ადამიანები. მე ყველაზე მაგარი ბავშვების მასწავლებელი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ.” – ამბობს ლევანი ჩვენთან საუბრისას.
ლევანი ხობში თითქმის ექვსი თვეა, რაც გადასახლდა. ახლა ის საკუთარ მოსწავლეებთან ერთად გეგმავს სოციალურ, სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებს. ლევანის წამოწყებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, უპირველესად ის ადამიანები, რომლებიც თვალს ადევნებენ მათ საქმიანობას ვირტუალურად და ცდილობენ ფინანსურად დაუჭირონ მხარი ხობელი ბავშვების უკეთეს ცხოვრებას. აქამდე ბავშვები არ იყვნენ განებივრებული მრავალფეროვანი და საინტერესო სივრცეებით, საინტერესო აქტივობებით.
“პატარა ქალაქებში მოზარდებისთვის ნაკლებად საინტერესო სივრცეებია ან საერთოდ არ არის ასეთი სივრცე. არ არსებობს სპორტული სივრცეები , არ არსებობს სპორტდარბაზები და მერე გვიკვირს რატომ ეტანება ახალგაზრდობა ალკოჰოლს და ნარკოტიკს. ექვსი წელია მოხალისეობრივ პროექტებს ვაკეთებ და ვხედავ როგორ კარგად მუშაობს ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია და რა შედეგები მოაქვს ამას მათთვის”.
ზაფხული გავიდა, სკოლა დისტანციურად იწყება, თუმცა ლევანი იმის შეწყვეტას, რაც დაიწყო, არ აპირებს. სამომავლო გეგმებშია ხობში გაჩნდეს სოციალური კაფე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გამოაცოცხლებს პატარა ქალაქის ცხოვრებას და ბავშვებს კიდევ ახალი უნარების და შესაძლებლობების ძიებისკენ და აღმოჩენისკენ უბიძგებს.
“10 დღეა ჩვენი სკოლა გაჩერებულია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების გამო და ჩვენც ვემორჩილებით ამ რეგულაციებს, რადგან მსურს ბავშვები მიეჩვიონ წესების დაცვას და პატივისცემას. ეს 10 დღე არის ყველაზე მოწყენილი დღეები ჩემს ცხოვრებაში, რადგან მიწევს მათ გარეშე ყოფნა. ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან და ამ დრომ ძალიან გაგვზარდა”.- ამბობს ლევანი.
იმისათვის, რომ საკვირაო სკოლამ კვლავაც გააგრძელოს არსებობა, საჭიროა ფინანსური დახმარებაც. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ მისამართზე:
GE11TB7787445061100018
მიმღები: ლევან ჯობავა