მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება სექსი?
ეს ინდივიდუალურია და გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. თუ მშობიარობისას დაგჭირდათ ნაკერები, 4 კვირამდე სქესობრივმა კავშირმა შესაძლოა ინფექციების შეჭრას შეუწყოს ხელი. კარგი იდეაა, პირველ რიგში მიიღოთ ნებართვა თქვენი გინეკოლოგისგან, რომელსაც, სავარაუდოდ, მშობიარობიდან 6 კვირაში შეხვდებით გეგმიურ შემოწმებაზე. ეს სასურველია საკეისრო კვეთის შემთხვევაშიც.
როგორი იქნება მშობიარობის შემდგომი სექსი?
ყველა ქალი (და წყვილი) განსხვავებულია, ამიტომ შესაძლოა განსხვავებული ისტორიები მოისმინოთ მშობიარობის შემდგომ სექსზე, მათ შორის ძლიერ ტკივილზე. ზოგიერთი წყვილი ორსულობის ბოლო თვეებში თავს იკავებს სქესობრივი კავშირისგან და თუ დიდი დროა გასული ბოლო სექსისგან, ამან შესაძლოა მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს.
ვაგინალურად მშობიარობის შემთხვევაში, ვაგინის კუნთები დროებით გაწელილია. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება გქონდეთ ვაგინალური სიმშრალე (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, რადგან ლაქტაცია თრგუნავს ესტროგენს, რაც იწვევს საშოს გამოშრობას) ესტროგენის დაბალმა დონემ შეიძლება გაათხელოს საშოს ქსოვილი და დაგიმატოთ დისკომფორტი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები დაგეხმარებათ უფრო სასიამოვნო გახადოთ მშობიარობის შემდგომი სექსი.
თავდაპირველად, დარწმუნდით, რომ თქვენ თავად გსურთ სექსი და ამას არ აკეთებთ მხოლოდ პარტნიორის სურვილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო.
ვარჯიში. კეგელის ვარჯიშები ემსახურება მენჯის კუნთების გაძლიერებას, რომლებიც ეხმარება საშვილოსნოს და შარდის ბუშტს. მას აქვს ბევრი სარგებელი, მათ შორის უნებლიე შარდვის პრევენცია ორსულობის დროს და მის შემდეგ. ვარჯიშები იოლი გასაკეთებელია: უბრალოდ, შეკუმშეთ თქვენი მენჯის კუნთები, რომელთაც დაძაბავდით შარდის შესაკავებლად, გაჩერდით რამდენიმე წამს და ისევ მოადუნეთ. შეასრულეთ ეს ვარჯიშები 3-ჯერ დღეში.
თავი დაიცავით. თუ ჯერ არ ხართ მზად შემდეგი ორსულობისთვის, მშობიარობის შემდგომი ვიზიტის დროს აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია კონტრაცეფციის შესახებ თქვენს ექიმთან.
გამოიყენეთ ლუბრიკანტი. ბევრი დედა თვლის, რომ აუცილებელია, მშობიარობის შემდგომ პირველი სექსის დროს მისი გამოყენება, ის ამცირებს ვაგინის სიმშრალის გამო სქესობრივი კონტაქტის დროს გაღიზიანებისა და ტკივილის ალბათობას. თუ პრეზერვატივს იყენებთ, წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი შეარჩიეთ.
თამამად გამოხატეთ თქვენი საჭიროებები. გააკეთეთ მოდუნებისთვის ყველაფერი, რაც გჭირდებათ. დიდი დრო დაუთმეთ პრელუდიას (ალერსი სექსის წინ), რადგან კოცნა ხელს უწყობს ოქსიტოცინის, სეროტონინისა და დოფამინის გამოყოფას. ეს ჰორმონები დაგეხმარებათ სტრესისა და შფოთვის მოხსნაში. ასევე, გააგებინეთ პარტნიორს, რა გსიამოვნებთ ან როდის გრძნობთ ტკივილს.
შეარჩიეთ პოზიცია. მშობიარობის შემდეგ სექსის მცდელობებისას სცადეთ სცადეთ თქვენ ზემოდან იყოთ ან გვერდითი პოზიცია. და ისიამოვნეთ ნელი, კომფორტული სიჩქარით.
წყარო: www.whattoexpect.com