Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენს საშვილოსნოში თქვენი პატარა ემბრიონი სწრაფი ნაბიჯებით იზრდება და უფრო თავკომბალას წააგავს, ვიდრე ადამიანს. ჩასახვიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ის სამი შრისგან შედგება – ექტოდერმა, მეზოდერმა და ენდოდერმა, რომლებიც მოგვიანებით ორგანოებად და ქსოვილებად გარდაიქმნებიან. ექტოდერმადან ვითარდება კანი, თმა და ფრჩხილები.

ნაყოფის კანის განვითარება

კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. ნაყოფის ეპიდერმისი ჩამოყალიბებას იწყებს ორსულობის მე-5-8 კვირას შორის. ამ ეტაპზე, იგი შედგება ორი შრისგან: ბაზალური უჯრედები (უჯრედების შიდა ფენა) და პერიდერმის უჯრედები (უჯრედების გარე ფენა). თმა ჩნდება 8 კვირის შემდეგ.  მე-9-10 კვირისთვის უჯრედების შუა ფენაც ვითარდება. მომდევნო კვირების განმავლობაში განვითარება გრძელდება და 4 თვისთვის ნაყოფის კანის ყველა ფენა ჩამოყალიბებულია და მიახლოებულია ადამიანის კანთან.

ნაყოფის  ფრჩხილების განვითარება

თქვენი ბავშვის ფრჩხილების ფორმირება იწყება მე–11 კვირაში, ხოლო ფრჩხილების ზრდა იწყება მე–12 კვირაზე. დაახლოებით 34-ე კვირისთვის, პატარა ფრჩხილები თითქმის მზად იქნება დაბადების შემდგომი მანიკურისა და პედიკურისათვის.

ნაყოფის თმის განვითარება

დაახლოებით მე-14-15 კვირას ნაყოფის პატარა თმა კანიდან ცოტათი ამოყოფს თავს და მონიშნავს იმ ადგილს, სადაც მას თმა უნდა ამოუვიდეს. ორსულობის განმავლობაში, მისი თმა გაივლის ცვენისა და ზრდის 2 ციკლს. თმის ფოლიკულები დაბადებამდე წარმოიქმნება და წარბებიც და წამწამებიც კარგად ეტყობა დაახლოებით 22-ე კვირისთვის.

ლანუგო

მე-14 კვირას ნაყოფი მთლიანად იფარება ლანუგოთი, თმის დაბალი საფარით, რათა გათბეს. როდესაც საკმარისი ცხიმი ექნება კანზე, უკვე მისი საშუალებით გათბება და ლანუგო ჩამოცვივა 30-ე კვირისთვის (თუმცა, ზოგიერთ ბავშვს დაბადების შემდეგაც აქვს რამდენიმე თვის განმავლობაში).

Vernix caseosa

დაახლოებით  მე-19 კვირისთვის, ნაყოფის  ჯერ კიდევ გამჭვირვალე და მყიფე კანი დაფარულია vernix caseosa-თი (რაც ლათინურად ნიშნავს “ყველის ლაქას”). ეს ცხიმიანი, თეთრი ფენა შედგება ჩამოშლილი კანის უჯრედებისგან და ზეთის მსგავსი გამონაყოფისგან. იგი იცავს ბავშვის კანს ამნიონური სითხისგან, რათა დაბადებისას ზედმეტად დანაოჭებული არ იყოს.

დაახლოებით 34-ე კვირისთვის ის სქელდება, რამოდენიმე კვირის შემდეგ (როგორც წესი) კი გაქრება და შეერევა  ლანუგოს. ნაყოფი  ყლაპავს ამ ნაერთს და ის ხდება მისი მეკონიუმის (ბავშვის პირველი განავალი) შემადგენელი ნაწილი.

კანის ფერი

დაახლოებით 32-ე კვირამდე ნაყოფს აქვს ძალიან ცოტა ცხიმი, რაც კანს გამჭვირვალე შეფერილობას აძლევს. როდესაც პატარა დაიბადება, მას მოწითალო-მეწამული ფერი ექნება, არ აქვს მნიშვნელობა მშობლების კანის ფერს. მას შემდეგ, რაც სისხლის მიმოქცევის სისტემა მოერგება საშვილოსნოსგარე ცხოვრებას, მისი ფერი ნელ-ნელა შეიცვლება და ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ექვს თვემდე.

დაბადების თარიღის მოახლოებისთანავე, თქვენი ჰორმონები პლაცენტაში გადიან და იზრდება თქვენი პატარას  კანზე ზეთის წარმოება. ამ ჰორმონების უმეტესობა  გამოიდევნება მისი დაბადებიდან 1-4 კვირის შემდეგ. ამასობაში, ამ ჰორმონებმა შეიძლება გამოიწვიოს გნეისი,  მოყვითალო ფერის ე.წ. „ფუფხები“ თავზე ან ახალშობილთა აკნე (თავიანი გამონაყარი სახეზე, გულ-მკერდზე და თავში).

თმის ფერი, მოცულობა და სტრუქტურა

ორსულობის პერიოდში ნაყოფის თმა პიგმენტებისგან თავისუფალი და ნათელია. დაბადების შემდეგ მას შეიძლება გასცვივდეს თმა და მხოლოდ 2 წლისთვის ექნება თმის ისეთი სტრუქტურა, როგორიც მოზრდილ ასაკშიც გაყვება.

გაინტერესებთ, თქვენს ბავშვს დაბადებისას თმა ექნება თუ არა? ეს გენეტიკურია. ასევე, მუქი ფერის კანს აქვს ნელი ზრდის ციკლი, რაც ნიშნავს უფრო ხშირ თმას თავზე. კიდევ ერთი მინიშნება: თუ ორსულობის დროს გულძმარვა ძალიან გაწუხებთ,  ნამდვილად არის (ოდნავ) მეტი ალბათობა, რომ თქვენს მომავალ ბავშვს დაბადებისას თავზე თმა ექნება. ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ინსტიტუტების მკვლევრებმა დაადასტურეს ეს  მითი და შენიშნეს, რომ სავარაუდოდ არსებობს ბიოლოგიური მექანიზმი, რომელშიც ჩართული ორსულობის ჰორმონები, რომლებიც ერთდროულად ადუნებს ეზოფაგურ სფინქტერს და არეგულირებს ნაყოფის თმის ზრდას.

წყარო: whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5