Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დედამიცისსესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქართველიშვილი.

რა არის თვითშეფასება და რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას ?

თვითშეფასება ესაა წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ ღირებულებაზე. ადამიანის თვითშეფასება, ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება. აღნიშნული პასუხს სცემს შემდეგ კითხვებს: „როგორი ვარ მე?” „რა შესაძლებლობები მაქვს?“, „როგორ გამოვიყურები?”, “რამდენად სასურველი/ ღირებული ვარ?” და ა.შ.

ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებას  მეტწილად გარემო და ოჯახი განაპირობებს. ხშირად მშობლებს ბავშვის დაბადებიდანვე აქვთ მასთან დაკავშირებული გარკვეული მოლოდინი, როგორები უნდა იყვნენ ფიზიკურად, ემოციურად, ინტელექტუალურად ან როგორი ინტერესთა სფერო უნდა ჰქონდეთ, უნდა იარონ ცეკვაზე თუ ხატვაზე, ფეხბურთზე თუ ფორტეპიანოზე, რაც არასწორია. ბავშვი უნდა აღვიქვათ, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ინდივიდუალური ინტერესებითა და რესურსით. მშობელმა შვილი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის, იმ შესაძლებლობებითა და უნარებით, რომლებსაც ბავშვი ფლობს და შეუქმნას უსაფრთხო გარემო, სადაც ის შეძლებს საკუთარი  შეხედულებების გამოხატვას,  ექნება  შეცდომების დაშვების უფლება და  იმ პიროვნული მახასიათებლებისა და კოგნიტიური უნარების განვითარება-რეალიზების შესაძლებლობა, რომლებსაც ფლობს.

როგორ შევაქოთ  და  გავაკრიტიკოთ  ბავშვები სწორად?

ბავშვს უნდა ჰქონდეს რეალისტური შეხედულებები საკუთარ შესაძლებლობებზე. უნდა შევაქოთ და გავაკრიტიკოთ ზომიერი ობიექტურობის ფარგლებში. არ უნდა შევუქმნათ გადაჭარბებული წარმოდგენები საკუთარ თავზე და არც უსუსურობის განცდამდე მივიყვანოთ. თუ მშობელი მუდმივად კრიტიკული ან დირექტიულია, ბავშვი თავს არ გრძნობს სასურველად, უნარიანად, საჭიროდ, სიყვარულის ობიექტად და შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, ეს შინაგანი განცდა უფრო იზრდება და ზრდასრულობაში უჭირს საკუთარი თავის დაჯერება, ხელიდან უშვებს  განვითარების ახალ შესაძლებლობებს, რადგან მიიჩნევს, რომ მაინც არ გამოუვა.  მეორე უკიდურესობაა, როცა  ბავშვს იმდენად ნიჭიერად მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ნიჭია წამყვანი და შრომა მეორეხარისხოვანი და ფაქტობრივად, არასაჭირო. ბავშვი არც ამ შემთხვევაშიც ცდილობს პიროვნულ, ინტელექტუალურ ზრდას.

რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვებში  თვითრწმენის ჩამოყალიბებისთვის

მშობელმა, პირველ რიგში, ბავშვში პიროვნულ, ინტელექტუალურ ზრდაზე ორიენტირებული განწყობის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მუდმივი განვითარების სურვილი, ახლის შემეცნების ინტერესი ავითარებს  ჩვენს ინტელექტუალურ უნარებს. ხშირად შეცდომის დაშვება ტრაგედიად აღიქმება ჩვენს საზოგადოებაში, ბავშვებს ეშინიათ  ხელების ან ტანსაცმლის დასვრის, ბურთით თამაშისას, წაქცევის შემთხვევაში, იწყებენ ტირილს არა ფიზიკური ტკივილის, არამედ მშობლის შეშფოთებული რეაქციის მოლოდინის გამო, რატომ დაისვარეს ან გაიხიეს მაისური და ა.შ. თუ გვსურს, ჩვენი შვილები იყვნენ თავდაჯერებულები, მათ ბავშვობიდან უნდა მივცეთ უფლება, დაუშვან შეცდომები. თვითეფექტურ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ აქვს საკმარისი კომპეტენცია, გაუმკლავდეს გარკვეულ სიტუაციას, არ ეშინია შეცდომის დაშვების.  სიახლის შემეცნება და ყოველ ახალ გამოწვევასთან  შეჭიდება, თავისთავად გულისხმობს შეცდომების დაშვების ალბათობას. ეს ყოველივე კი  პიროვნულ ზრდასთანაა დაკავშირებული. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5