Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ იჩიჩქნიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები ცხვირს?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი მას „ნერვულ ჩვევად“ თვლის, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცხვირში თითს იყოფს, ეს შეიძლება სულაც არ იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენი შვილი რაღაცაზე ღელავს. ბავშვები ჩვეულებრივ მაშინ იჩიჩქნიან ცხვირს, როცა მასში რაღაც უჩვეულოს გრძნობენ.

ცხვირის ყველაზე გულმოდგინე  არქეოლოგები, როგორც წესი, ალერგიის მქონე ბავშვები არიან, რადგან ლორწოს ძლიერი ნაკადი და შემდეგ მისი გამშრალი ნარჩენები უბიძგებს პატარებს ცხვირის გათავისუფლებისაკენ. ასევე, გარკვეული გარემო პირობები, მაგალითად გათბობის ან კონდიცირების სისტემა აშრობს ცხვირს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს?

თითებზე არსებულმა მიკრობებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის მცირე ინფექციები ცხვირის შიგნით, ხოლო ცხვირში ნამყოფი თითები შესანიშნავი საშუალებაა გაციების, გრიპისა და ახალი კორონავირუსის გასავრცელებლად. ცხვირის დატენიანება საუკეთესო საშუალებაა ამ ჩვევის პრევენციისთვის. ამავდროულად, ასწავლეთ თქვენს შვილს თითების ნაცვლად ცხვირსახოცი ან ხელსახოცი გამოიყენოს. გარდა ამისა, სცადეთ ეს ტაქტიკა:

გამოიკვლიეთ, ხომ არ აქვს ალერგია.

მტვრის ტკიპა, ცხოველის ბეწვი, ყვავილის მტვერი, ობი – ყველაზე გავრცელებული ალერგენებია ამ ასაკის ბავშვებში. ჰკითხეთ პედიატრს ალერგიის სიმპტომების შემსუბუქების მეთოდებზე.

დაიცავით გაუწყლოვნებისგან.

მიეცით საკმარისი რაოდენობის წყალი, გამოიყენეთ ოთახში ჰაერის დამატენიანებელი და სცადეთ ზღვის მარილის სპრეი.

ხშირად დაბანეთ ხელები.

რა თქმა უნდა, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ხელები ყოველთვის სუფთა არ იქნება, მაგრამ ეცადეთ, რომ ხშირად დაიბანოს ხელები და დააჭერით ფრჩხილები ისე, რომ მათ უკან ჭუჭყი და შესაბამისად მიკრობები ნაკლებად დაგროვდეს.

ასწავლეთ მას ცხვირსახოცის გამოყენება.

უთხარით, რომ როცა ცხვირში რამეს იგრძნობს, ცხვირსახოცით მოიხოცოს.

დააკავეთ მისი ხელები.

ადამიანებს გვჭირდება ხელით მუშაობა და ზოგჯერ, ბავშვს, რომელიც ცხვირს იჩიჩქნის, მხოლოდ ის სჭირდება, რომ თითებით რაღაც გააკეთოს. შესთავაზეთ ცომით, პლასტილინით თამაში, სპინერი, თუნდაც სარეცხის დაკეცვა ან ჭურჭლის რეცხვაში დახმარება.

ენას კბილი დააჭირეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად მოგინდებათ, არ არის სასურველი ბავშვს მუდმივად მისცეთ შენიშვნა და შეახსენოთ, რომ თითებით ცხვირის ქექვა არაჰიგიენური და მიუღებელი ქცევაა. ასევე, სალბუნის დაკვრა თითზე იმ მიზეზით, რომ ასე დაივიწყოს ეს ჩვევა, სკოლამდელმა შეიძლება დასჯად მიიღოს. თუმცა, თუ ის გადაწყვეტს, რომ გადაეჩვიოს, ეს მეთოდი შეიძლება დაეხმაროს.

სთხოვეთ დახმარება სპეციალისტს.

თუ ბავშვი იმდენად ძლიერად იქექება ცხვირში, რომ სისხლდენას იწვევს ან მას აქვს სხვა მსგავსი ჩვევებიც (მაგალითად, თითის წოვა), ეს შეიძლება იყოს შფოთვის ან სხვა ემოციური მდგომარეობის ნიშანი. ამ დროს სასურველია ბავშვთა ფსიქოთერაპევტთან გასაუბრება.

არ შეიმჩნიოთ ეს ქცევა.

თუ ყოველივე ზემოაღნიშნული სცადეთ და მიზანს ვერ მიაღწიეთ, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ფრჩხილები ყოველთვის დაჭრილი ექნება და თქვენ არ შეიმჩნევთ ამ ქცევას.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5