Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედობასა და მშობლობაში!  ალბათ, ამ დღეების განმავლობაში უამრავი კეთილი სურვილი მიიღეთ და ბევრმა მოგილოცათ, როგორი დიდი ბედნიერება გეწვიათ ცხოვრებაში ამ პატარა, საყვარელი არსების დაბადებით. თქვენ კი შეიძლება უზარმაზარ სიყვარულთან და სიხარულთან ერთად დიდ პასუხისმგებლობას, შფოთვას, შიშს და დაღლილობას განიცდიდეთ. ამავდროულად, გარს ბევრი ადამიანი გახვევიათ, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გიზიარებენ ბავშვის მოვლის და აღზრდის თემებზე და ხშირად, ეს აზრები ურთიერთგამომრიცხავია.  ჩვენ თქვენთან ვართ! გვესმის თქვენი განცდების და ყოველთვის დაგეხმარებით თქვენთვის მნიშვნელოვანი, სანდო ინფორმაციით და ემოციური მხარდაჭერით.  ჩვენი საიტის საშუალებით, თქვენ გეცოდინებათ ყოველთვიურად განვითარების რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს თქვენმა ბავშვმა, რამდენჯერ და რამდენ ხანს უნდა ჭამოს ან რამდენი საათი უნდა ეძინოს დღეში. თქვენი შვილის ჯანმრთელობას მისი პედიატრი მიხედავს, ჩვენ კი გაგაცნობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების უახლეს რეკომენდაციებს და  სასარგებლო რჩევებს თქვენი მშობლური ცხოვრების გასამარტივებლად. მოდით, დავიწყოთ, თქვენი შვილის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კვირებით.

ბავშვის განვითარების სტადიები

პირველი კვირების განმავლობაში ახალშობილი ეჩვევა საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებას. თქვენ ყოველ დღე დაინახავთ, როგორ იცვლება და იზრდება თქვენი პატარა.

ფიზიკური განვითარება: ნორმალურია ახალშობილი „უცნაურად“ გამოიყურებოდეს.

დაბადების შემდეგ პირველ დღეებში ახალშობილები წონაში იკლებენ, რაც სხეულიდან ჭარბი სითხის გამოდევნის დამსახურებაა. ბავშვების უმრავლესობა მე-10 დღისთვის იბრუნებს დაბადების წონას. თქვენი არჩეული პედიატრი გულდასმით გაზომავს მის სიგრძეს, წონას და თავის გარშემოწერილობას ყოველ ვიზიტზე, რაც დაეხმარება ბავშვის ზრდის ტემპის დაკვირვებაში.

თქვენ გსურთ, დატკბეთ გამუდმებით მისი პაწაწინა  სხეულის თვალიერებით და ამ დროს აღმოაჩენთ, რომ ის ცოტა „სასაცილოდ“ გამოიყურება. ეს ბუნებრივია, რადგან ახლახან მოევლინა ამ ქვეყანას და მისი სხეული ჯერ კიდევ ეჩვევა აქაურობას. რამდენიმე ფიზიკური „უცნაურობა“, რომელიც შეიძლება შეამჩნიოთ პატარას პირველ კვირებში:

  • სხეული შეიძლება ისევ ჰქონდეს დაფარული ლანუგოთი – თმით, რომელიც იცავდა საშვილოსნოში ყოფნის დროს. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ დასცვივდება.
  • მას შეიძლება კანი აექერცლოს.
  • სახეზე ან კისერზე შეიძლება ჰქონდეს გაწითლებული ადგილები („ორაგულის ლაქებს” ან “წეროს ნაკბენსაც” უწოდებენ), რომელიც გაქრება რამდენიმე თვეში.
  • მისი სასქესო ორგანოები შეიძლება იყოს დასიებული, მაგრამ მალევე დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.
  • ბავშვის თავის შუა ნაწილში ორი რბილი ადგილია, დიდი და მცირე ყიფლიბანდი, თავის ქალას ძვლების შეერთების ადგილი.
  • თუ თქვენი პატარა ვაგინალურად დაიბადა, მას შეიძლება წაგრძელებული თავი ჰქონდეს. ეს ეხმარება ქალას ძვლებს სამშობიარო არხიდან იოლად გამოსვლაში. ბავშვის თავი მალევე უბრუნდება ნორმალურ ფორმას.

შეგრძნებები: პატარას უყვარს თქვენს ხელში ყოფნა

თქვენი ახალშობილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნება არის შეხება და მას შეუძლია შეხებით გამოიცნოს თქვენი განწყობილება. თქვენ, როცა ზრუნავთ და ხელში აგყავთ ის, უქმნით დაცულობისა და კომფორტის შეგრძნებას. ამ დროს,  ყოველთვის დაუჭირეთ  მას თავი და კისერი, რათა თავიდან აიცილოთ თავის წინიდან უკან ან გვერდულად გადაგდება. მსუბუქი რწევა ხელს შეგიწყობთ მის დამშვიდებაში და მასაჟიც დაგეხმარებათ ურთიერთკავშირის დამყარებაში.  

ჩვილებს შეუძლიათ მხოლოდ 20-30 სმ-ით დაშორებული ობიექტების დანახვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი პატარა გხედავთ, როცა ხელში გიჭირავთ. ასევე, მას დააინტერესებს საკუთარი ხელები, თუ მისი თვალების წინ აღმოჩნდება. ის ანსხვავებს სინათლეს სიბნელისგან, მაგრამ ფერებს ჯერ კიდევ ვერ არჩევს. ახალშობილის ყურადღებას იქცევს ხმამაღალი ლაპარაკი და  მან შეიძლება თავიც შეაბრუნოს თქვენკენ, როცა ელაპარაკებით.

მოძრაობა:  თქვენი პატარას ინსტინქტები ისეთივე ძლიერია, როგორც მისი ძალა

პირველ კვირებში, თქვენს პატარას შეიძლება უნებლიე, გაუაზრებელი მოძრაობები შეამჩნიოთ, რომლებსაც მომავალ თვეებში ნელ-ნელა გააკონტროლებს. ახალშობილები რამდენიმე რეფლექსით (გარემოზე საპასუხო რეაქცია)  იბადებიან:

  • ძუძუს ძიების რეფლექსი. თუ თქვენს პატარას ლოყაზე ან პირზე შეეხებით, ის თქვენი თითისკენ შემოაბრუნებს თავს.
  • წოვის რეფლექსი. თქვენს ბავშვს ინსტინქტურად შეუძლია წოვა, მაგრამ ერთდროულად წოვა, სუნთქვა და ყლაპვა დიდ ძალას მოითხოვს, ამიტომ ძუძუთი კვების სასწავლად შეიძლება ცოტა დრო დასჭრდეს. 
  • მოროს რეფლექსი. თუ თქვენს პატარას ხმაური შეაკრთობს ან მისი თავის მდგომარეობა უცებ შეიცვლება, შესაძლოა მისი რეაქცია გამოიხატოს ხელებისა და ფეხების უეცარი გაშლით, შემდეგ კი მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნებით.
  • ხელის ჩავლების რეფლექსი. თუ ბავშვს შეეხებით ხელისგულზე, ის მაშინვე ჩაებღაუჭება თქვენს თითს. ეს უკონტროლო ჩაჭიდებაა და ნუ ენდობით, რადგან შესაძლოა მოულოდნელად გაგიშვათ.
  • სიარულის რეფლექსი. თუ ბავშვს მხრების ქვეშ ხელს მოვკიდებთ და ”დავაყენებთ”, ჩვილი თითქოს ნაბიჯებს გადადგამს.

პიროვნება: თქვენ მუდამ გემახსოვრებათ მისი პირველი ღიმილი

თქვენი პატარა ძილში იღიმება (ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  ამით ახალშობილები შიდა იმპულსებზე პასუხობენ). თვის ბოლოს ან მეორე თვეში, ის თქვენი ღიმილის ან ხმის გაგონებისას გაიღიმებს. დროთა განმავლობაში, ის თქვენი შვილი ისწავლის, რომ ღიმილი თქვენთან კომუნიკაციის გზაა.

ახალშობილები ტირიან, რათა აცნობონ გარშემომყოფებს შიმშილის ან დისკომფორტის შესახებ ან მოიხსნან დაძაბულობა. თუ თქვენი პატარა ტირის, მაგრამ არ აწუხებს შიმშილი, ამოქარვება (ამობოყინება) ან გამოსაცვლელი საფენი, მაშინ ის ალბათ, უბრალოდ,  ცოტა ყურადღებას ითხოვს. ჩაეხუტეთ მას დასამშვიდებლად ან მშვიდად ელაპარაკეთ. ზოგიერთ შემთხვევაში,  მუდმივი ტირილის მიზეზი რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს. ამიტომ, აუცილებლად შეატყობინეთ პედიატრს, რომ დარწმუნდეთ ყველაფერი რიგზეა.

თქვენს პატარას პირველ დღეებშივე შეგიძლიათ შეატყოთ ადრეული მინიშნებები მისი პიროვნული მახასიათებლების შესახებ. თუ უფროსი შვილები გყავთ, შეამჩნევთ განსხვავებებს მათ ტემპერამენტშიც.

თქვენი ბავშვის პედიატრი ბევრ პერსონალურ რჩევას მოგცემთ, მაგრამ რამდენიმე რამ შეგიძლიათ თავად სცადოთ:

  • კანით კანზე კონტაქტი. თქვენს ღია გულ-მკერდზე შიშველი ბავშვის დაწვენა უზრუნველყოფს თქვენს შორის ძლიერი ემოციური კავშირის დამყარებას და ეხმარება მას სუნთქვის და გულისცემის მართვაში.
  • მუცელზე დაწოლა.  გაუშალეთ თქვენს პატარას იატაკზე ხალიჩა და ყოველ დღე რამდენიმე წუთით დააწვინეთ  მუცელზე. ეს მას დაეხმარება კისრის და მხრების კუნთების გაძლიერებაში. ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
  • მხედველობის ვარჯიში. რადგან თქვენი პატარას მხედველობა ახლა ვითარდება, ის ცდილობს გააყოლოს თვალი მოძრავ ობიექტებს. ამის გასავარჯიშებლად, სცადეთ მის წინ ნელა გადააადგილოთ რაიმე ნივთი, მაგ. ჩხრიალა.

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. უახლესი კვლევების მიხედვით, არ გჭირდებათ ბავშვისთვის მკაცრის კვების განრიგის დაწესება. ამის მაგივრად, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ თქვენი პატარას შიმშილის სიგნალებს და აქედან გამომდინარე, ივარაუდოთ როგორი რეჟიმია მისთვის ნორმალური. ამ თვეში, თქვენი შვილი შიმშილს შემდეგი სიგნალებით გაცნობებთ:  ძუძუს ძიება, ტუჩების ცმაცუნი ან საკუთარი მუშტის წოვა. ტირილიც შეიძლება იყოს შიმშილის ნიშანი, მაგრამ აჯობებს, რომ ამ ეტაპამდე არ მიიყვანოთ საქმე და პირველივე ნიშანზე აჭამოთ, რათა არ შეწუხდეს. ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მინიმუმ 8-ჯერ უნდა გამოკვებოთ პატარა. ჩვილებს აქვთ სწრაფი ზრდის პერიოდები, ძირითადად, მეორე კვირის ბოლოს და მე-3-მე-6 კვირების შუაში და ამ დროს თქვენმა შვილმა შეიძლება უფრო ხშირად მოითხოვოს ჭამა. დანაყრებული ბავშვი დაღლილად გამოიყურება ან იძინებს.

სჭირდება თქვენს პატარას საკვები დანამატები?

ჰკითხეთ ბავშვის პედიატრს, თუ სჭირდება თქვენს პატარას დამატებით რაიმე ვიტამინის მიღება და ის მიიღებ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, ბავშვი ძუძუთი დედის რძეს იღებს, ხელოვნურ ნარევს თუ შერეულ კვებაზეა. მაგალითად, D ვიტამინი ჩვენს ქვეყანაში ინიშნება პირველი 2 წლის განმავლობაში უწყვეტად, სეზონის მიუხედავად. 

სველი და დასვრილი საფენების შემოწმება

რა თქმა უნდა, გაინტერესებთ, თქვენი პატარა საკმარად იკვებება თუ არა. ამის შემოწმების ერთ-ერთი გზაა საფენებზე დაკვირვება – რამდენჯერ უცვლით დღე-ღამეში და როგორ გამოიყურებიან ისინი. პირველ დღეებში, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბავშვის განავალი იქნება სქელი და მუქი მწვანე ან შავი – ეს არის მეკონიუმი, ახალშობილისთვის ბუნებრივი ნაწლავების მოქმედება. მისი დასრულების შემდეგ, განავალი იღებს ყვითელ-მწვანე ფერს და უფრო თხელი ხდება. რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვი განსხვავებულია, მაგრამ საშუალოდ, დღიურად თქვენ უნდა მოგიწიოთ პატარასათვის სულ ცოტა 6 სველი და 3-4 დასვრილი საფენის გამოცვლა.

იმის გასარკვევად ჰყოფნის თუ არა თქვენს პატარას საჭმელი, ყურადღება მიაქციეთ ჭამის დროს, თუ გესმით ყლაპვის ხმა ან თუ ის კმაყოფილია ძუძუთი კვებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. მაგრამ, გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ძუძუ ბავშვისთვის მხოლოდ საჭმელი არ არის. ის დედასთან ყოფნის და წოვის რეფლექსის დაკმაყოფილების გარანტიაცაა.

მართალია, საფენის პირველი რამდენიმე გამოცვლა შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ მალე დაოსტატდებით და იმდენჯერ მოგიწევთ ამის გაკეთება, იქნებ იფიქროთ კიდეც, რომ პრიზს იმსახურებთ.

ახალშობილის ძილი

პირველ კვირებში, თქვენს პატარას 24 საათიდან დაახლოებით 16 საათი უნდა ეძინოს, აქედან დღისით 3-4-ჯერ შეიძლება დაიძინოს.   რადგან თქვენი ახალშობილის მუცელი გარკვეული რაოდენობის რძეზეა გათვლილი,  გააღვიძეთ ღამით, თუ თვითონ არ გაიღვიძებს. მართალია, მან ჯერ არ იცის დღისა და ღამის შორის განსხვავება, მაგრამ ისწავლის, თუ ღამით სიჩუმეს დაიცავთ კვების დროს. არ აანთოთ მკვეთრი შუქი და თამაშის ნაცვლად დააბრუნეთ საწოლში და დააწვინეთ ზურგზე.  

უსაფრთხო ძილი

წლამდე ასაკის პატარა ყოველთვის დააწვინეთ ზურგზე თქვენს ოთახში თავის საწოლში, საბნების, გამოსაკრავების, ბალიშების და სათამაშოების გარეშე. ეს გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის შესამცირებლად. SIDS არის სიცოცხლის პირველ წელს ჯანმრთელი ბავშვის აუხსნელი სიკვდილი. წაიკითხეთ ჩვენი სტატია ამ სინდრომის პრევენციის შესახებ.

გარეთ გაყვანა

თავისუფლად ასეირნეთ თქვენი პატარა ღია ცის ქვეშ ამინდის შესაბამისი ჩაცმულობით. გაითვალისწინეთ, რომ ახალშობილის დროს (28 დღემდე), მისი სხეულის ტემპერატურის რეგულაციის უნარი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ ჩააცვით მას ერთი ფენით მეტი, ვიდრე თქვენ გაცვიათ. თუ მზიანი დღეა, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რადგან მისი კანი ადვილად დაიწვება.  თუ ძალიან ცივა ან წვიმს,   ცოტა ხნით გაიყვანეთ. დარწმუნდით, რომ თბილი ქუდი ახურავს და დამატებითი საბანი აფარია. თუ ბავშვის გულ-მკერდი, კისერი და ზურგი თბილია, ე.ი. ის თბილადაა. ხელ-ფეხი უფრო გრილი შეიძლება იყოს და ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა.

საფენის გამოცვლა

საფენის გამოცვლა თქვენი პატარას ყოველდღიური რუტინის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი იქნება. სანამ ამ საქმეს შეუდგებით, დარწმუნდით, რომ საჭირო ნივთები მომარაგებული გაქვთ. არასდროს დატოვოთ ბავშვი მარტო გამოსაცვლელ მაგიდაზე ან ისეთ ადგილზე, საიდანაც შეიძლება ჩამოვარდეს და გამოცვლის დროს ცალი ხელი მას მო მოკიდეთ. საფენის გამოწვეული გამონაყარის თავიდან ასაცილებლად მალევე გამოუცვალეთ სველი ან დასვრილი საფენი, ჩაბანეთ და ჩააცვით ახალი საფენი.   

ახალშობილის ბანაობა

ბავშვის ჭიპლარის მშრალად შესანარჩუნებლად, პირველ კვირებში შეგიძლიათ ღრუბლით გაწმინდოთ ბავშვი. როცა მას ჭიპლარი მოძვრება, თქვენ შეგიძლიათ აბანაოთ ის აბაზანაში, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წლამდე ბავშვის კვირაში მხოლოდ სამჯერ სჭირდება ბანაობა, თუ თქვენ საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ჩაბანთ მას. ქვემოთჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ახალშობილის პირველად დაბანაში:

  • თქვენი მაჯით ან იდაყვით შეამოწმეთ, რომ წყალი იყოს თბილი და არა ცხელი.
  • სანამ ამ საქმეს შეუდგებით, დარწმუნდით, რომ ბანაობისთვის საჭირო ყველა ნივთები ადგილზე გაქვთ, რათა არ მოგიწიოთ ბავშვის მარტო დატოვებამ.
  • დაბანეთ ბავშვი, როგორც კი გახდით ტანზე, რათა მისი სხეული არ გადაცივდეს.
  • დააფიქსირეთ მისი თავი და კისერი და უსაფრთხოებისთვის, წყლის დონიდან მაღლა მოაქციეთ მისი თავი და სხეულის უმეტესი ნაწილი.
  • თმა შამპუნით დაბანეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. 

ჭიპლარის ტაკვის მოვლა

თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ჭიპლარის ტაკვი სუფთა და მშრალი იყოს, სანამ მოძვრება. ეს დაახლოებით 3 კვირის ასაკში მოხდება (შეიძლება უფრო ადრეც) და მოუწმინდეთ სამედიცინო სპირტში დასველებული ბამბით. თუ შენიშნავთ სისხლიან გამონადენს  ან ინფექციის ნიშნებს, მაგალითად, სუნიან, ყვითელ გამონადენს ან კანის შეწითლებას ჭიპის გარშემო, აუცილებლად შეატყობინეთ პედიატრს.   

თქვენი პატარას ჯანმრთელობა

ტიპიური განვითარების ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მნიშვნელოვანი საკითხები ამ პერიოდში:

  • უსაფრთხოა  სტუმრების მიღება?  რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს და მეგობრებს მალევე ენდომებათ თქვენი და ბავშვის ნახვა, მაგრამ შეზღუდეთ მათი რაოდენობა პირველ დღეებში, რათა დედა-შვილმა დასვენება შეძლოთ. ასევე, ინფექციების თავიდან ასარიდებლად, დარწმუნდით, რომ სტუმრობის მსურველები ავად არ არიან და მნახველებს სთხოვეთ ხელების დაბანა, სანამ თქვენს პატარას შეეხებიან.  
  • სიყვითლე.  თუ თქვენს პატარას კანს მოყვითალო ფერი დაჰკრავს, შეიძლება მას ჰქონდეს სიყვითლე, მდგომარეობა, როცა ღვიძლი  იმდენად მომწიფებული არ არის, რომ პიგმენტი ბილირუბინი გარდაქმნას სისხლში. ეს იწვევს ბილირუბინის დონის მომატებას. როგორც წესი, ფიზიოლოგიური სიყვითლე თავისით გადის, მაგრამ მაინც შეატყობინეთ ბავშვის პედიატრს.
  • ტემპერატურა. თუ 12 კვირამდე ბავშვის ტემპერატურა მომატებულია,  დაუყოვნებლივ მიიყვანეთ პედიატრთან, რადგან ამ ასაკში ეს სიმპტომი სასწრაფო სამედინიცინო დახმარებას საჭიროებს. ტემპერატურა ნორმაზე მეტია, თუ აღემატება
    • რექტალური (უკანა ტანიდან) გაზომვისას 38 გრადუსს;
    • ორალური (პირიდან) გაზომვისას 37.5 გრადუსს;
    • იღლიაში გაზომვისას 37.2 გრადუსს.

თქვენი ცხოვრება მშობლის როლში

ბავშვის დაბადების შემდეგ, თქვენ შეიძლება იგრძნოთ ბედნიერების, ტკივილის და დაღლილობის ნაზავი. თქვენი ემოციები ძლიერდება სტრესის და ჰორმონალური ცვლილებების გამო. ამასთანავე, ეჩვევით ახალ რუტინას:  საფენის გამოცვლას, ბავშვის კვებას და დაძინებას. ასევე, სავარაუდოდ, ადრინდელთან შედარებით ნაკლები ძილი გიწევთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ არც პირველი მშობელი ხართ და არც უკანასკნელი, ვინც ასე გრძნობს თავს და ბუნებრივია, რომ ზოგჯერ იტიროთ კიდეც. თუმცა, თუ გრძნობთ სევდას, სიცარიელეს, აპათიას ან სასოწარკვეთას, შეიძლება გქონდეთ მშოიარობისშემდგომი დეპრესია და მიმართეთ თქვენს ექიმს დახმარებისთვის.

ბავშვის გაჩენის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს ვაგინალურად თუ საკეისრო კვეთით) ფიზიკურ აღდგენას დრო სჭირდება. თავიდან შეიძლება შემდეგი  ჩივილები გქონდეთ:

  • სისხლდენა. ლოქია არის მშობიარობის შემდგომი ვაგინალური გამონადენი, რომელიც შედგება სისხლისგან და საშვილოსნოს ქსოვილებისგან. დასაწყისში სისხლდენა იქნება  ძლიერი და რამდენიმე კვირაში შემსუბუქდება. დაუკავშირდით ექიმს, თუ საათში 2 საფენის გამოცვლა დაგჭირდებათ ზედიზედ 2 საათის განმავლობაში .
  • საშვილოსნოს შეკუმშვები. მშობიარობიდან დაახლოებით 10 დღის განმავლობაში საშვილოსნო უბრუნდება თავის ნორმალურ ზომას, რის გამოც  თქვენ გექნებათ ტკივილები მუცლის არეში.
  • ტკივილი შორისის არეში. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, პერინეუმი – ადგილი, ვაგინასა და ანუსს შორის, იჭიმება, ბავშვის თავი რომ გამოატაროს. ზოგჯერ, კანის ეს ნაწილი იხევა და ან თავისით მორჩება ან დასჭირდება გაკერვა. შეშუპების და ტკივილის მოსახსნელად სცადეთ ცივი საფენები და რბილ ბალიშზე ჯდომა.
  • გაწელილი მუცელი. მშობიარობის შემდეგ, თქვენი მუცელი შეიძლება ისევ ორსულის მუცელს ჰგავდეს, რადგან მუცლის კუნთები სასწრაფოდ ვერ დაუბრუნდება თავის მდგომარეობას. მიეცით საკუთარ სხეულს აღდგენის დროს და ყოველთვის დაეკითხეთ ექიმს, სანამ ვარჯიშს დაიწყებთ.
  • შეკრულობა. მშობიარობის შემდეგ შეიძლება გაგიძნელდეთ ნაწლავების მოქმედება, რაც ხშირად გამოწვეულია  ტკივილის შიშით ან ნაწლავების მოდუნებით ტკივილგამაყუჩებლის გამო ან იმის გამო, რომ მშობიარობის დროს არ გიჭამიათ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა. უფრო მეტი წყლის დალევა და უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მიღება დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.  
  • დაღლილობის შეგრძნება.  თქვენ ძალიან დიდი შრომა გასწიეთ ემოციურად და ფიზიკურად. ამიტომ, თქვენი ენერგიის დონეს აღდგენა სჭირდება. სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებს, შეამცირეთ სტუმრების რიცხვი, იკვებეთ ჯანსაღად, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, დაიწყეთ ვარჯიში, როცა ექიმი ამის რეკომენდაციას მოგცემთ და დაიძინეთ, როცა თქვენს შვილს სძინავს.

თქვენი გეგმები ამ თვეში

  • დაახლოებით, 2-4 კვირის შუალედში დაგეგმეთ პედიატრთან ვიზიტი. ჰკითხეთ მას ყველა კითხვა, რომელიც გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ კითხვებს წინასწარ ჩამოწერთ, რადგან შეხვედრის დროს შეიძლება რამე დაგავიწყდეთ. მიიღეთ მისგან რჩევები ამ თვეში დამატებითი კვლევების, სკრინინგ ტესტების ან აცრების საჭიროების შესახებ. შესახებ.
  • გაეცანით სავალდებულო აცრების კალენდარს.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/newborn-baby/development/article/0-month-old-baby

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5