Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზოგჯერ ახლად ფეხადგმული ბავშვი ერთ მშობელს ამოირჩევს და ითხოვს, რომ მან დააძინოს, აჭამოს, ზღაპრები წაუკითხოს და ა. შ. ამ ასაკში პატარები ცდილობენ, რომ გამოავლინონ დამოუკიდებლობა. წიგნის, სათამაშოს თუ მშობლის ამოჩემება მათთვის კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ დაუმტკიცონ სხვებს, მათაც შეუძლიათ არჩევანის გაკეთება.

ასევე შესაძლებელია, ბავშვი შეჩვეული იყოს ერთ მშობელს და არ უნდოდეს რუტინის დარღვევა. ის მოითხოვს, რომ დედამ (ან მამამ) დაბანოს, რადგან ეს მისთვის ნაცნობია და ეხმარება იმის განცდაში, რომ სიტუაციის კონტროლი შეუძლია.

ძნელია, არ იგრძნო თავი უარყოფილად და დაჩაგრულად, როცა შენი შვილი თავიდან გიშორებს ან არ გქონდეს დანაშაულის ან თვითკმაყოფილების განცდა, როცა შენ გამჯობინებს მეორე მშობელს. თუმცა, ეცადეთ, არ მიიღოთ პიროვნულად, რადგან გამორჩევა ამ ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მშობელი უფრო კარგია ან უფრო უყვარს ბავშვს.

ასევე, ბავშვები სწრაფად იცვლიან ფავორიტებსაც და შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ თუ მანამდე მხოლოდ მამასთან ერთად უნდა ყოფნა, ახლა თქვენ გახდეთ მისი მიჯაჭვულობის ობიექტი.

გახსოვდეთ, რომ განვითარების სხვა ეტაპების მსგავსად ესეც გაივლის. თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ მასთან გამკლავებაში.

თუ თქვენ ხართ ფავორიტი, დაფიქრდით, მშობლობის ყველა სახალისო საქმიანობაზე თქვენ ხომ არ ხართ პასუხისმგებელი? თუ მეორე მშობელს შემოუნახავთ იმ აქტივობებს, რომლებსაც პატარა მოუთმენლად ელის (ძილის წინ  წიგნის წაკითხვა, ბლინების ერთად მომზადება…), ეს მას ყურადღების ცენტრში მოაქცევს.

გაისეირნეთ, მოინახულეთ მეგობრები, შეასრულეთ თქვენი საქმეები, სანამ მეორე მშობელი სახლში შოუს მართავს. ამით ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ.

თუ თქვენც სახლში ხართ, შესთავაზეთ ბავშვს, მეორე მშობელს ეთამაშოს და შეეწინააღმდეგეთ საკუთარ თავს, გვერდიდანაც აკონტროლოთ სიტუაცია.

თუ თქვენ დროებით არ ხართ ფავორიტი, დაანახეთ, რომ გიყვართ, თუნდაც ის უარყოფდეს ამას.

გაატარეთ დრო მხოლოდ ბავშვთან ერთად და მოიგონეთ ახალი რიტუალები, მაგალითად მაღაზიაში წასვლა, სახის მოხატვა, გასეირნებისას ფოთლების შეგროვება, ძილის წინ ცაზე მთვარის ძებნა.

შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა. ეს ეტაპი მუდმივად არ გაგრძელდება და რამდენიმე თვის შემდეგ  ერთად გაიცინებთ მის ამ ამოჩემებებზე.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5