დღეს ოჯახები ძალიან დაკავებულები არიან. სახლიდან მუშაობა, მცირეწლოვანი ბავშვების გართობა, უფროსი ბავშვების დისტანციური გაკვეთილები, თინეიჯერების ამბოხებები, საოჯახო საქმეები – მშობლებს ამ ყველაფერთან გამკლავება უწევთ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს.
თუ თავს გადატვირთულად გრძნობთ და გენატრებათ ოჯახთან ერთად ხარისხიანად გატარებული დრო, გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 10 რჩევა ოჯახის წევრებს შორის მყარი კავშირის ჩამოსაყალიბებლად:
იყავით ალერსიანი
მცირეწლოვან ბავშვებს ჩვენი ყურადღება სწყურიათ, თინეიჯერებმა კი შესაძლოა თვალები გვიბრიალონ, თუ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით. მიუხედავად ამისა, ყველა შვილს სჭირდება ჩვენი სიყვარული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ოჯახის შესაკვრელად უნდა გავაკეთოთ, არის ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოხატვა. პატარებს აჩუქეთ ბევრი კოცნა და ჩახუტება, თინეიჯერებს კი – როგორც მოესურვებათ. ასევე, არ დაგავიწყდეთ პარტნიორიც.
გადაუხადეთ მადლობა
თქვენ ალბათ გსმენიათ მადლიერების დღის შესახებ, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთს ეუბნებიან, თუ რისთვის არიან მადლიერები. არ შემოიფარგლოთ მადლობებით წელიწადში ერთხელ და აქციეთ ყოველდღიურ რიტუალად.
იცინეთ ერთად
როგორც ამბობენ, სიცილი საუკეთესო მკურნალია. იცინეთ უმიზეზოდაც და ასე ებრძოლეთ ყოველდღიურ სტრესს. თან, ვის არ სიამოვნებს საყვარელი ადამიანების გულწრფელი სიცილი?!
ივარჯიშეთ ერთად
კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, როგორც ოჯახს, თქვენი კავშირისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის ყოველდღიური ვარჯიში, ამინდის მიუხედავად. თუმცა, თუ თვლით, რომ გარეთ ძალიან ცივა, სახლშიც შეიძლება „კლასობანას“ თამაში. მთავარია, რომ ერთად იყოთ და მეტი იმოძრავოთ.
მიირთვით სასარგებლო წასახემსებლები
როდესაც ბავშვებს შიათ, კარტოფილის ჩიფსების ან ნამცხვრების მოპოვება ადვილია, რათა სწრაფად დანაყრდნენ. ამის ნაცვლად, გადააქციეთ მათი შიმშილი საქმიანობად: ერთად მოამზადეთ ჯანსაღი წასახემსებლები. ისინი საჭმლის მომზადებაში დახმარებით ისწავლიან დაბალანსებული კვების არჩევანს, გაკვეთილს, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში სარგებელს მოუტანს.
წაიკითხეთ წიგნები
მცირეწლოვნებს, ჩვილებსაც კი მოეწონებათ ნახატებიანი წიგნები. წაიკითხეთ ჩვენი სტატიები ჩვილობიდან კითხვის მნიშვნელობასა და წიგნებზე ყველაზე პატარებისთვის. თინეიჯერები კი გააკვირვეთ მათთვის საინტერესო თანამედროვე წიგნებზე შეკითხვებით.
წიგნების ერთობლივი კითხვის მთავარი სარგებელი არის ის, რომ ოჯახი ხარისხიანად ატარებს მოცალეობის დროს.
გადით სიმწვანეში
მწვანე ოჯახის აღზრდა ეხმარება გარემოს და თქვენს ოჯახს აძლევს ყოველდღიურ პროექტს. გადაახარისხეთ ძველი ჟურნალები, პლასტმასის ბოთლები და ალუმინის ქილები. იპოვეთ მწვანე ცხოვრების სტრატეგიების გამოყენების გზები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეახსენეთ ბავშვებს, რომ წყალი გათიშონ კბილების გამოხეხვის დროს და ოთახიდან გასვლისას შუქი ჩააქრონ. თქვენი შვილები არა მხოლოდ ეკო-მეგობრულ რუტინას შეეჩვევიან, არამედ ეს მწვანე ჩვევები დაზოგავს თქვენი წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადების ფულს.
დაასუფთავეთ სახლი ერთად
სახლის დასუფთავება აქციეთ ოჯახურ საქმიანობად. მიეცით ბავშვებს საშუალება, გაიზიარონ თქვენი დატვირთვა და დააკისრეთ მათ ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობები. ოთახების დალაგებას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არეულობის მოსაგვარებლად მცირე ჯარი გყავს. თუ ყველა ერთად მუშაობს ყოველდღე, ბევრად უფრო ადვილი იქნება თქვენი სახლის საქმეების ორგანიზება და სამუშაოების დროულად შესრულება.
ისადილეთ ერთად
გამორთეთ ტელევიზორი და მობილური ტელეფონები უჯრაში ჩადეთ. შეგროვდით სასადილო მაგიდასთან და ისიამოვნეთ ერთად. ოჯახის წევრების ერთობლივ კვებას ბევრი სარგებელი მოაქვს და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება მხოლოდ ერთი მათგანია.
შეაჯამეთ განვლილი დღე
„როგორი დღე გქონდა?“ – ვეკითხებით დღის ბოლოს შინ დაბრუნებულ პარტნიორს. ასევე მნიშვნელოვანია, თქვენს ოჯახში ყველას დაუსვათ იგივე კითხვა. წაახალისეთ მცირეწლოვანი ბავშვები, ისაუბრონ თავიანთ დღესთან დაკავშირებით ან დახატონ, თუ ეს მათთვის უფრო ადვილია. წამოიწყეთ საუბარი თინეიჯერებთან, რათა აიყოლიოთ ლაპარაკში.
თვალი ადევნეთ ერთმანეთის დღეებს და მიაქციეთ ყურადღება, რას ამბობენ ბავშვები. მაშინაც კი, თუ მათთან ერთად იყავით მთელი დღის განმავლობაში და ზუსტად იცოდით რა გააკეთეს, თქვენ მაინც გაიგებთ ახალს, როდესაც ისინი დღის მოვლენებს თავიანთი აღქმით მოგიყვებიან.
წყარო: https://www.verywellfamily.com/