“დედამიცის” ესაუბრება მშობელი და სამოქალაქო განათლების #მოსწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი.
გვესაუბრეთ მოქალაქეობაზე. Ბავშვის აღზრდის პროცესში რატომ და როგორ უნდა დავუთმოთ ამ საკითხს ყურადღება?
მოქალაქეობა ზოგს ქალაქში მცხოვრები ადამიანი ჰგონია. მოქალაქეობა ღირსეული ადამიანობაა. და რა ჰქმნის ღირსებას, რა გვხდის ადამიანებს მოქალაქეებად? გენეტიკა თუ გარემო, სადაც ვიზრდებით, ვყალიბდებით, ვვითარდებით?
მოქალაქეობაა – მოხალისეობა, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა, პატივისცემა, ზრუნვა, შემწყნარებლობა, სტერეოტიპების რღვევა, სწორი აზროვნება, ქალისა და კაცის პატივისცემა, თანასწორობის აღიარება, გარემოზე ზრუნვა…
ვფიქრობ, მეც რომ მესწავლა მოქალაქეობა, უკეთესი მოქალაქე ვიქნებოდი. მოქალაქეობის სწავლებაშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მასწავლებლები, მშობლები, ადამიანები სხვების მაგალითის მიმცემები, ჩვენი ბუნებრივი ქცევით. გულწრფელობით, უნდა ვაღიაროთ რომ ქალი ძლიერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, რომ შინაურ ცხოველს მოვლა უნდა და ძაღლის მოვლა ქუჩაში დატოვებული განავალი არაა. არც პროფესიული ღალატია მოქალაქეობა.
მოქალაქეობა მოსწავლეს პასუხისმგებლობასაც ახსენებს და თავსაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად აგრძნობინებს, რითაც მოსწავლის სასწავლო მოტივაციაც იზრდება, თვითშეფასებაც და განვითარებაც სწორად მიმდინარეობს.
Რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი მშობლებისთვის, ბავშვებისთვის და საზოგადოებისთვის?
ღირსეული მოქალაქე ქმნის ღირსეულ საზოგადოებას. ხშირად საზოგადოება უფრო მარტივად იხლიჩება. რა ხლეჩს საზოგადოებას? განათლების ნაკლებობა? მოქალაქის პასუხისმგებლობისთვის თვალის მოხუჭვა? უსიყვარულობა? თუ ჩვენ გვინდა, ღირსეულ, უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ და იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, ამისთვის მათი ჯანსაღი აზრის განვითარება ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უნიკალურ შესაძლებლობებზე, ჩვენ, ადამიანებს სტუდენტობისას ან შემდეგ ველაპარაკებით, შეიძლება ეს დაგვიანებული სწავლება აღმოჩნდეს, ბავშვის განვითარება, მოქალაქედ ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება. და მშობელიცა და მასწავლებელიც მოქალაქეობას, სამოქალაქო განათლებას, განათლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად უნდა ვთვლიდეთ ბავშვისა და საზოგადოების განვითარებაში. სწავლებაში გავრცელებული მცდარი აზრი (სტერეოტიპი) საგნების „ძირითად საგნებად“ გამოყოფა შესაცვლელია, რად გვინდა კარგად მოქართულე და მოანგარიშე ადამიანის განათლება, თუ მან ძირითადი ღირსება დაკარგა. ყველა მოსწავლე ინდივიდუალური მახასითებლითა და უნარებით გამოირჩევა. ბავშვებს სწორად ფიქრი უნდა ვასწავლოთ, ფიქრი, რომელიც ცოდნასა და საზოგადოების განვითარებას, გაკეთილშობილებას თვითონვე მოიფიქრებს.
Როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს კარგი მოქალაქეობა? Საიდან იწყება ამის სწავლება? Რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ცოტა ხნის წინ ერთმა ლექტორმა, ქეთევან ოსიაშვილმა გვკითხა, ადამიანი პიროვნებად იბადება თუ ყალიბდებაო? ბავშვებსაც ვკითხე. თქვენც გკითხავთ იგივეს.
კარგი მოქალაქე ღირსეული ადამიანის სინონიმია, თავის თავზე, ოჯახზე, სოფელზე, ქალაქზე, ქვეყანაზე, მსოფლიოზე მზრუნველი ადამიანის. რომელმაც იცის პატივისცემა, ზრუნვა, გაფრთხილება, დაცვა, დახმარება, სიყვარული, შექმნა, ცდა და განვითარება.
სწავლება იწყება ბავშვის ამოტირებიდან, როცა ახალ სამყაროსთან ჭიდაობას იწყებს, ადრეული ბავშვობიდან, ჯერ კიდევ სკოლამდელი პერიოდიდან, უნდა ვაჩვენოთ, ბავშვებს, რომ ნაგვის ადგილი ურნაშია, რომ გაფუჭებული ნივთი ნაგავი არაა, შეიძლება ის გადავარჩიოთ, გადავარჩინოთ ნივთიც და ბუნებაც. ყურადღება უნდა გავამახვილოთ კარგ ქცევაზე, ცუდისა და კარგის გარჩევაზე, ადამინის პატივისცემაზე, ბრაზის მართვაზე, აქტიურ მოსმენაზე, გაგებაზე. მოქალაქეობას სკოლებში მე-3 კლასიდან სწავლობენ საგნით – „მე და საზოგადოება, “ მე-7 კლასიდან „მოქალაქეობაც“ „იწყება“…
თქვენ მასწავლებელი ხართ და ასევე, მშობელი. Როგორ ხართ ჩართული შვილის აღზრდაში და როგორ გესმით პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილება?
შვილის აღზრდასთან სიტყვა “ჩართვა” მეპატარავება. ჩართვა უხდება ტელევიზორს. შვილს კი უხდება მეგობრობა, ურთიერთობა, გზის ჩვენება, შვილმამობა. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური საუბარი, თამაში, სწავლება, მაგალითისა და შენიშვნის მიცემა, ქცევების დასწავლა, წახალისება. პასუხისმგებლობის ოჯახში გადანაწილებაც ერთგვარი გაკვეთილია შვილისთვის, რომ თვითონაც მზრუნველი გახდეს ოჯახსა და საზოგადოებაში. პასუხისმგებლობის გადანაწილება საქმის ზუსტად ორად გაყოფას არ ნიშნავს, ეს შეთანხმებაა, მონაწილეობა, ზრუნვა და პატივისცემა. მეც ვცდილობ ამ ყველაფრის ღირსეული ნაწილი ვიყო, მუდმივი განვითარება გვჭირდება ადამიანებს, სიახლეები, შთაბეჭდილებები, გამეორებები, უნარების გაუნარება და მუდმივი განვითარება.