პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.
ეჭვიანობა დამანგრეველი გრძნობაა ადამიანისთვის, რომლის დროსაც პიროვნება განიცდის მძიმე ემოციებს და თავს გრძნობს ცუდად. ხშირად მოზარდებიც ეჭვიანობენ მეგობრებზე, აშინებთ ის ფაქტი, რომ მათი მეგობარი ახალ მეგობარს იჩენს, სხვას უახლოვდება და ა. შ. გვესაუბრეთ რა იწვევს ასეთ ეჭვიანობას, რა ფსიქოლოგიური ფაქტორები დგას ამის უკან და როგორ შეიძლება უფროსის მხარდაჭერით ქცევის შეცვლა?
მეგობრობაში ეჭვიანობა არც გასაკვირი და არც უცხო საკითხია, თუმცა ამის მიღმა რიგი ფსიქოლოგიური მიზეზები დგას. ეჭვიანობა ეს არის ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიში და როდესაც ის ზღვარს ცდება, გადადის ტოქსიკურ მახასიათებელში.
მოზარდებში ხშირად ვხვდებით ეჭვიანობას მეგობრობის დროს, რაც გამოიხატება სურვილში, ჩვენს საუკეთესო მეგობარს არ ჰყავდეს სხვა მეგობარი ჩვენ გარდა. სტატისტიკურად, მსგავს დამოკიდებულებას უფრო მეტად გოგონებში ვხვდებით, ვიდრე ბიჭებში.
ამის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზები შეიძლება იყოს: მიჯაჭვულობა, მიტოვების შიში ან დაბალი თვითშეფასება…
მიჯაჭვულობის დროს ადამიანს ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი მეორე ადამიანის გარეშე, გაუცნობიერებლად არღვევს პირად საზღვრებს და კარგავს ინდივიდუალური პიროვნების შეგრძნებასაც. ამისგან გასათავისუფლებლად, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ რომელი ტიპის მიჯაჭვულობასთან გვაქვს საქმე და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები. ამის გარეშე სხვა ადამიანთან კონფლუენციის /შერწყმის პროცესი ღრმავდება და მისგან გათავისუფლება უფრო რთული ხდება.
მიტოვების შიშს ხშირად იწვევს ადრეული ბავშვობის გამოცდილება მშობელთან (ან აღმზრდელ პირთან) მიმართებით ან რაიმე მოვლენა ცხოვრებაში, რომელიც მიტოვებას უკავშირდება. ასეთ დროს ადამიანი არის მუდმივ შიშში, რომ კვლავ გამოცდის იმავე ტკივილს და ამიტომ, მეგობრის ნებისმიერ სხვა მეგობარს აღიქვამს პოტენციურ საფრთხედ. ჰგონია, თავისი საუკეთესო მეგობარი უფრო მეტ დროს დაუთმობს იმ სხვას, უფრო დაუახლოვდება და საბოლოოდ, მასთან მეგობრობას შეწყვეტს. შესაბამისად, ის სხვა ადამიანი აღიქმება როგორც მტერი და კონკურენტი.
დაბალი თვითშეფასების გამო ადამიანს ჰგონია, რომ მას ადვილად ჩაანაცვლებენ, ვერ აღიქვამს თავის უნიკალურობას და ნებისმიერ ადამიანში, რომელიც მისი საუკეთესო მეგობრის მეგობარია, მეტოქეს ხედავს. ფიქრობს: „რადგან ახლა სხვასთან ატარებს დროს, ე. ი. მე უინტერესო პიროვნება ვარ, მოვბეზრდი და მალე საერთოდ აღარ მნახავს ხოლმე“.
ცხადია, როგორც კი ადამიანი გახდება თავდაჯერებული, ირწმუნებს თავის უნიკალურობას, ექნება მყარი შინაგანი საყრდენი და ჯანსაღი რწმენა-წარმოდგენები, მსგავსი ტოქსიკური ფიქრებისგან გათავისუფლდება და გაიაზრებს, რომ ნამდვილ და ჯანსაღ მეგობრობას ვერანაირი მესამე ადამიანი ხელს ვერ შეუშლის და რომ ბუნებრივია, ადამიანს ჰყავდეს დიდი სამეგობრო წრე და ეს არანაირად აუფასურებს მას.
გარდა იმისა, რომ ადამიანმა დაამუშაოს მიჯაჭვულობის საკითხი ფსიქოთერაპევტთან და აიმაღლოს თავდაჯერება, მნიშვნელოვანია თავად მან გაზარდოს საკუთარი სანაცნობო წრე – გაიცნოს ახალი ადამიანები და დრო დაუთმოს მათ. ასეთ შემთხვევაში ნაკლებია იმის ალბათობა, რომ კვლავ იეჭვიანებს საუკეთესო მეგობარზე, როდესაც ის შეხვდება სხვა მეგობარს.
ასევე შეიძლება მოზარდმა გაიჩინოს ახალი ჰობი – ისწავლოს რამე, დაკავდეს სპორტით ან რამე აქტივობით. მან ყურადღება უნდა მიმართოს მხოლოდ საკუთარი თავისკენ და იზრუნოს განვითარებაზე. ასეთ შემთხვევაში, სხვა ადამიანის დაკარგვის შიში მინიმალურია, რადგან ადამიანი პოულობს ჰარმონიას საკუთარ თავთან და ინტერპერსონალური ურთიერთობებიც ბევრად ჯანსაღია, შესაბამისად, მათ გაფუჭებასაც საფრთხე ნაკლებად ელოდება.