ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა კოკსაკის ვირუსის ინფიცირების შემთხვევები, რასაც სპეციალისტები უმეტესწილად პოსტპანდემიურ ეტაპს უკავშირებენ. ამ დაავადებაზე გვესაუბრება პედიატრი, ოჯახის ექიმი ლიდა კორკოტაძე.
კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ცნობილია მისი ორი ტიპი – A და B. ენტეროვირუსები იწვევს სხვადასხვა ტიპისა და მიმდინარეობის დაავადებებს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ინფექციები ყველაზე ხშირია ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში.
გავრცელების გზები
გავრცელების გზა ჰაერ-წვეთოვანია: როდესაც დაინფიცირებული პირი ახველებს ან აცემინებს, უწვრილესი ნაწილაკები გამოიფრქვევა ჰაერთან ერთად, თუმცა დაინფიცირება შეიძლება აგრეთვე დაბინძურებული ზედაპირებიდან, მოვლის საგნებიდან. საკმაოდ კონტაგიოზურია (გადამდებია), ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და მნიშვნელოვნად გამძლეა არახელსაყრელი პირობების მიმართ.
დაინფიცირებიდან 3-6 დღეში ვლინდება პირველი ნიშნები.

კოკსაკის ვირუსი იწვევს შემდეგი ტიპის დაავადებებს:
ყველაზე გავრცელებულია ხელის, ფეხისა და პირის დაავადება (HFMD). როგორც წესი, მისი გამომწვევია კოკსაკის A16 და A6 ტიპები. ისინი ძირითადად მოქმედებენ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და იწვევენ გამონაყარს პირში და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის არეში, ხელსა და ფეხისგულებზე. გამონაყარი შესაძლოა იყოს სახეზე, კიდურებზე, მუცელზე. სიმპტომები მოიცავს აგრეთვე ტემპერატურის მატებას, თავის ტკივილს, მადის დაქვეითებას.
დაავადების 1-ელ-მე-2 დღეს ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტემპერატურა, მადის დაქვეითება, სურდო, ყელის ტკივილი.
მე-3-მე-4 დღეს გამონაყარი ვლინდება სახეზე, ნუშურებზე, ყლაპვა ხდება მტკივნეული. თუმცა შესაძლოა გამონაყარი აღარც გავრცელდეს და შემოიფარგლოს ე.წ. ჰერპანგინით (ანგინა, რომელიც არ არის დაკავშირებული ჰერპესთან. მტკივნეული წყლულები და ნადები სასაზე, ენაზე, ნუშურებზე). აღნიშნული ძირითადად გვხვდება 3-10 წლის ასაკის ბავშვებში.
მე-4-მე-5 დღიდან გამონაყარი ვრცელდება ხელისა და ფეხის გულებზე, კიდურებზე, მუცელზე, სახეზე.
გამონაყარის უკუგანვითარება, ალაგება ძირითადად იწყება მე-7-მე-10 დღიდან.
შედარებით მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა კოკსაკის B ტიპით გამოწვეული დაავადებები.
კუნთების ინფექცია კოკსაკის ვირუსის B3, B5, or B6 ტიპითაა გამოწვეული და ახასიათებს განმეორებითი მკვეთრი სპაზმური ტკივილი ნეკნებისა და მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც გრძელდება 15-30 წუთი 1-დან 6 დღემდე. ავადობენ ძირითადად ახალგაზრდები.
ნერვული სისტემის ინფექცია:
ცალკეული ტიპის კოკსაკის ვირუსები იწვევს მენინგიტებს, სიმპტომებით კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, ღებინება, ფოტოფობია (სინათლის შიში), რაც საკმაოდ იშვიათია.
გულის ინფექცია
მისი გამომწვევია კოკსაკის ვირუსის B2 to B5 ტიპები. ვლინდება გულის კუნთებისა და ქსოვილების ანთებით, მიოკარდიტით. სიმპტომები გამოიხატება ტკივილით გულმკერდისა და ზურგის არეში, სუნთქვის გაძნელებით, გულის რიტმის დარღვევით.
ახალშობილთა ინფექცია
ახალშობილებს, რომლებიც დედისგან ინფიცირდებიან კოკსაკის ვირუსით, შესაძლოა განუვითარდეთ ღვიძლის, გულის უკმარისობა, კრუნჩხვები, სისხლდენები.
როდის მივმართოთ ექიმს:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ჰიპერთერმია 39° და მეტი, ტკივილი გულმკერდის, კისრის არეში, სუნთქვის გაძნელება, ლეთარგია, ადინამია. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყლაპვის გაძნელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება).
დიაგნოზი:
დიაგნოზი უმეტესწილად დამყარებულია ფიზიკალურ მონაცემებზე და ნაკლებად მიმართავენ ლაბორატორიას. თუმცა დიაგნოზის დაზუსტების მიზნით შესაძლოა ნიმუშის აღება ყელიდან ან ცხვირიდან, განავლისა და შარდის გამოკვლევა, სადაც გამოვლინდება ენტეროვირუსი. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ეჭვობს მენინგიტს, ტარდება ლუმბალური პუნქცია, შესაბამისად პუნქტატში ამოითესება ენტეროვირუსი. მიოკარდიტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა ეკგ.
მკურნალობა
არ არსებობს მკურნალობის სქემის კონკრეტული გაიდლაინი. ანტივირუსული პრეპარატი პლეკონარილი დატესტილია, მაგრამ ბოლომდე არ არის შესწავლილი მისი ეფექტურობა. ამიტომ მკურნალობა სიმპტომურია: ტკივილის, ტემპერატურის შესამსუბუქებლად გამოიყენება აცეტამინოფენი, ქავილის მოსახსნელად ანტიჰისტამინური პრეპარატები. ანტიბიოტიკოთერაპიას მიმართავენ მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის თანდართვის შემთხვევაში, ხოლო პირის ღრუს წყლულებისთვის კარგ შედეგებს იძლევა სხვადასხვა ტიპის გელების, სავლებების გამოყენება.
პროგნოზი
თითქმის ყოველთვის კეთილსაიმედოა. ინფექციისგან განკურნება 7-10 დღეშია შესაძლებელი. ძალზედ იშვიათია ზემოაღნიშნული ფორმები. გადატანის შემდეგ რჩება იმუნიტეტი. თუმცა აღწერილია განმეორებით დაინფიცირების არაერთი შემთხვევა.
დაცვა
ძირითადი ზომები მაინც ჰიგიენური პირობების დაცვა და კონტაქტების აღკვეთაა. დაინფიცირებული ბავშვი 7-10 დღის განმავლობაში უნდა მოვარიდოთ სკოლას, ბაღს, საცურაო აუზს.