პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ვიქტორია ჭეიშვილი.
გვესაუბრეთ ბავშვის ადრეული შეფასების შესახებ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ადრეული შეფასება, რა სფეროები ფასდება ამ დროს და რა შეიძლება გამოგვეპაროს ადრეული შეფასების გარეშე?
ბავშვისთვის, სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარება აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საზოგადოებაში სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და თავის დამკვიდრებისთვის. ბავშვები ეტაპობრივად იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს მოცემული ფაზების წარმატებით გავლა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეტაპისთვის აუცილებელი, საფუძვლად მდებარე უნარი ჰქონდეს ათვისებული. განვითარების ადრეული შეფასება კი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ როგორ მიმდინარეობს განვითარება სხვადასხვა სფეროს მიხედვით. ზოგჯერ, მშობლები ბავშვებს ადარებენ თანატოლებს ან დედმამიშვილებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ადრეული განვითარების პროცესი. დაკვირვების შედეგად კი აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ბავშვის განვითარება გარკვეული სფეროების მიხედვით ვერ უთანაბრდება ასაკობრივ ნორმას. შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევაფასოთ ბავშვის ძირითადი უნარები.
განვითარების სფეროების შეფასებისას, მნიშვნელოვანია შევაფასოთ შემდეგი სფეროები:
მსხვილი მოტორიკა, ნატიფი მოტორიკა, ენისა და მეტყველების განვითარება, კოგნიტური განვითარება, სოციალურ-ემოციური სფერო. მოცემული სფეროების შეფასება ხდება ბავშვის ქცევაზე დაკვირვების და მის მიერ სხვადასხვა მითითების განხორციელების პროცესში. ზოგიერთ შემთხვევაში, სოციალურ-ემოციური სფერო ფასდება მშობლის მიერ, სპეციალური კითხვარების მეშვეობით. თუ მშობელი თვლის, რომ მაგალითად, მის შვილს უჭირს ბურთით თამაში, წონასწორობის დაცვა, ხტუნვა, ფერების ცნობა, ფაზლებით თამაში, კუბიკების აწყობა, სხეულის ნაწილების ჩვენება, სიტყვების წარმოთქმა, უჭირს ემოციური რეგულაცია. წინა სასკოლო ასაკში კი, მაგალითად, ვერ ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ვერ იჭერს ფანქარს, უჭირს დიალოგის წარმოება, თანატოლებთან ინტერაქცია და ა.შ. მნიშვნელოვანია მოხდეს ბავშვის განვითარების შეფასება. ეს ის ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომელიც მიგვანიშნებს შეფასების საჭიროებაზე. ადრეული შეფასებისა და დიაგნოსტირებისას მშობელი იღებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის განვითარება მისი ასაკით გათვალისწინებულ ნორმას. მშობლისთვის მეტად თვალსაჩინო ხდება თუ რომელი კონკრეტული უნარის განვითარებაში სჭირდება ბავშვს დახმარება, რომელია მეტად გასაუმჯობესებელი მხარე. აგრეთვე, ადრეული ასაკის ბავშვის მშობელი მეტად მიიღებს ინფორმაციას ბავშვის ძლიერი მხარეების, უკვე არსებული რესურსების შესახებ. ადრეული შეფასება საშუალებას მოგვცემს არსებობის შემთხვევაში, გამოვავლინოთ განვითარების დარღვევის ტიპიც.
რა შეიძლება გამოგვეპაროს ამის გარეშე?
განვითარების შეფასების გარეშე, შეიძლება გამოგვეპაროს იმ გასაძლიერებელი მხარეების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელიც თავისთავად, ბავშვის ქრონოლოგიური ასაკის მატებასთან ერთად არ განვითარდა და საჭირო გახდა დახმარება. ბავშვის შეფასება 6 წლამდე და განსაკუთრებით წინა სასკოლო პერიოდში, (4-6 წელი), განგვისაზღვრავს ბავშვის მზაობას სკოლისათვის. სკოლაში შესვლა, ბავშვებისთვის, ხშირად დაკავშირებულია გარკვეულ ბუნებრივ სტრესთან. ამ დროს მათ სჭირდებათ ადაპტაციისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება, ემოციურად მეტად მომწიფება. ბავშვის მზაობა კოგნიტური, მეტყველების, ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების, სოციალურ-ემოციური განვითარების დონეზეა დამოკიდებული. აუცილებელია წინა სასკოლო უნარების შესახებ ინფორმირებულობა და საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით ბავშვის გაძლიერება. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვის ზოგადი, ასაკობრივი განვითარების შეფასება ინფორმაციულია განვითარების სხვადასხვა დარღვევის პროგნოზირებისთვის. თუ შეფასებისას იკვეთება სპეციფიკური საჭიროებები და სპეციალისტი საჭიროდ ჩათვლის ბავშვის მდგომარეობის დამატებით, თუნდაც მეტად სიღრმისეულ კვლევას სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის საშუალებით, მშობელს და ბავშვს გადაამისამართებს ამის შესაბამისად. მაგალითად, ზოგადი შეფასების შემდგომ, სპეციალისტმა საჭიროდ ჩათვალა დამატებით ვიზუალურ-სივრცითი უნარების სიღრმისეული კვლევა, მშობელს მიაწვდის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ასევე, შესაძლოა შეფასებისას, ბავშვის ქცევაში გამოვლინდეს სხვადასხვა დარღვევისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიც, (მაგალითად, აუტისტური სპექტრის, ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის და ა.შ.). შეფასების შედეგად კი მშობელი სპეციალისტისგან იღებს ინფორმაციას არა მხოლოდ ზოგადი განვითარების, არამედ დამატებითი კვლევების საჭიროების შესახებ.
რა ასაკში არის საჭირო შეფასების ჩატარება?
მაშინ, როცა მშობელი ამჩნევს გარკვეულ სირთულეებს და საჭიროებებს ბავშვის განვითარების პროცესში, საჭიროა შეფასების ჩატარება. აგრეთვე, როცა ბავშვს უკვე შეუძლია გარკვეული მითითებების შესრულება, შეფასების ჩატარება მისაღებია. მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს ბავშვის სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და ინდივიდუალური განვითარების გეგმის დასახვა, საჭიროების შემთხვევაში. თუ მაგალითად მოვიყვან ევროპულ სივრცეში შემუშავებულ და ქართულ ნორმებზე ადაპტირებულ ბავშვის განვითარების შესაფასებელ კონკრეტულ ინსტრუმენტს, (ET-6-6-R) მისი ჩატარება რეკომენდებულია 2-დან 6 წლამდე ასაკში. შედეგად, მშობლისთვის თვალსაჩინო ხდება ბავშვის განვითარების მიმდინარეობა.
პრევენციულად რას იგებს მშობელი ადრეული შეფასების დროს?
პრევენციულად, ადრეული ასაკის ბავშვის მშობელი იღებს ინფორმაციას ბავშვის ასაკობრივ განვითარებასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას აძლევს, სირთულეების აღმოჩენის შემთხვევაში, არ დაკარგოს დრო და მალევე აღმოუჩინოს დახმარება. წინა სასკოლო ასაკის ბავშვისთვის კი შეფასება განსაზღვრავს რამდენად არის ბავშვი მზად იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ექვსი წლის შემდგომ ელის. 4 დან 6 წლამდე ასაკში ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული ასაკის შესაბამისად უნარები, აკლიათ თავდაჯერებულობა, განიცდიან წარუმატებლობას სკოლაში და უქვეითდებათ მოტივაცია. ბავშვისა და მშობლის ემოციური კარგად ყოფნისთვის, მშობელი იღებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში.