Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თამარ კვაჭაძე, ჰემატოლოგი, ნიუ ჰოსპიტალსის ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პლატფორმა  “დედამიცისთან” საუბრობს ბავშვებში ანემიის შემთხვევებზე და მკურნალობის გზებზე. 

რა დაავადებაა ანემია,  რა ასაკის ბავშვებში არის უფრო ხშირი და  როგორ ამოვიცნოთ? 

ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც მცირდება ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) წარმოქმნა ან ძლიერდება მათი დაშლა, ან ეს ორივე პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად. 

ერითროციტების რიცხვის კლება იწვევს ძირითადი ფუნქციის – ჟანგბადის მიწოდების შემცირებას ქსოვილებში. ბავშვებში, ქსოვილების მოთხოვნა ჟანგბადზე მეტია, რადგან ცვლითი პროცესების ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. როდესაც ქსოვილების მოთხოვნა ჟანგბადზე მეტია, უმნიშვნელო ანემიასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.

თუმცა, როდესაც ხდება ეტაპურად ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნელ-ნელა კლება (მაგალითად, კვების დეფიციტის, ფარულის სისხლდენის და ა.შ), ბავშვის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის ძალიან დიდი უნარი და პატარა პაციენტების ზოგადი მდგომარეობა შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მიუხედავად ჰემოგლობინის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებლისა;

როგორი უნდა იყოს ჰემოგლობინის დონე ბავშვებში? 

სისხლში წითელი უჯრედების შემცირება გამოიხატება ჰემოგლობინის ერითროციტების რკინაშემცველი პიგმენტის (ის, რაც სისხლს წითელ ფერს ანიჭებს) კონცენტრაციის დადაბლებით.

ჰემოგლობინის ნორმა ზოგადად 120 გ/დლ ფარგლებშია, რაც 72 ერთეულის ტოლია, თუმცა მისი მაჩვენებელი ვარიაბელურია, ასაკის მიხედვით, განსაკუთრებით ახალშობილობის ასაკში. ეს მაჩვენებელი სისხლის საერთო ანალიზის შემადგენელი ნაწილია. ლაბორატორიების უმეტესი ნაწილი – სისხლის საერთო ანალიზს – სპეციალური აპარატის მეშვეობით აკეთებს, ამ დროს, ანალიზისთვის სისხლს ვენიდან იღებენ.

სპეციალიზებული ლაბორატორიები ანალიზს დამატებით კაპილარული სისხლიდან (ანუ თითიდან) იღებენ, ერითროციტებს ითვლიან და მათ მორფოლოგიურ ცვლილებებს (ფორმას, ზომას, ოსმოსურ რეზისტენტობას და ა.შ) სწავლობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ანემიის დიაგნოსტირების დროს. 

რა არის ანემიის გამომწვევი მიზეზები? 

ანემია შეიძლება განპირობებული იყოს სისხლის დაკარგვით (ტრავმა, ჭრილობები, პუბერტატულ პერიოდში ხშირია მენსტრუალური ციკლის დაწყების დროს), სისხლწარმოქმნის დარღვევით, ერითროციტების უჯრედების გაძლიერებული დაშლით. 

ასევე, იგი შეიძლება მეორადად განვითარდეს სხვადასხვა დაავადების დრო, მაგალითად, ბაქტერიული ინფექციის, ლეიშმანიოზის, სეფსისისა თუ ლეიკემიის დროს.

ასევე, ანემია შესაძლოა იყოს გენეტიკური ფაქტორით განპირობებული და შეძენილი. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება ერითროციტების მომწიფების დარღვევით და ერითროციტების არაეფექტური წარმოქმნით განპირობებული ანემიები, ესენია რკინადეფიციტური, ვიტამინდეფიციტური და ცილადეფიციტური ანემიები, ხოლო ახალშობილობის პერიოდში – ჰემოლიზური ანემია და დღენაკლთა ანემია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ანემია მსოფლიო მოსახლეობის 24% აღენიშნება და ეს დაავადება ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. ანემია საქართველოს ბავშვთა პოპულაციაშიც ხშირია და მისი გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა. 

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ბავშვების უმეტესობა სწრაფი კვების, ტკბილეულის, ტკბილი გაზიანი სასმელების მოყვარულია, რაც თავის მხრივ ხორცისა და მისი პროდუქტების მიღებას უშლის ხელს, ვინაიდან დანაყრების გრძნობა მალე ჩნდება ასეთი საკვების მიღებისას და ბავშვიც, მისთვის აუცილებელ რაციონს ვეღარ ღებულობს, მიუხედავად მშობლების დიდი მცდელობისა; 

რა არის ანემიის სიმპტომები, როგორ გამოვიცნოთ? 

ანემიის გამოვლინება დამოკიდებულია მის წარმომავლობაზე, სიმძიმეზე, განვითარების სიჩქარეზე და რაც მთავარია, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობაზე. როგორც წესი, ანემიის საწყის ეტაპზე იშვიათად მიმართავენ ექიმს, ხოლო უკვე ღრმა ანემიის დროს ჩნდება სისუსტე, ქოშინი, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), თავბრუსხვევა და მადის გაუკუღმართება, იგულისხმება ის, რომ მოსწონთ ცარცის, გაჯის, მიწის გემო, აცეტონის, ბენზინის სუნი და ა.შ. 

ზოგადად, ყველა სახის ანემიას სხვადასხვა დამახასიათებელი სიმპტომატიკა აქვს, თუმცა არსებობს საერთო მახასიათებლებიც – ბავშვი ხდება ფერმკრთალი, მოდუნებული, ადვილად ღიზიანდება, მალე იღლება თამაშის დროს, ჩამორჩება სწავლაში, საზეპირო მასალას ცუდად ითვისებს, აქვს უძილობა ან პირიქით – მოჭარბებული ძილიანობა.

ამავდროულად, ანემიას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები, რამდენადაც სისხლში ჟანგბადის შემცირება იწვევს ნახშირორჟანგის მომატებას, ეს კი თავისთავად იწვევს ქოშინის განვითარებას, გული იძულებულია იმუშაოს არანორმალურ რიტმში, რაც ავითარებს ტაქიკარდიას, გულის ტონების მოყრუებას, შუილს და ა.შ.

როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა? 

დღეს ბავშვთა პოპულაციის უმეტესობა არასწორად იკვებება, შეიძლება ამას ხელი შეუწყო თანამედროვე ცხოვრების წესმა, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომამ, რაც არამარტო ანემიის, არამედ სხვა ბევრი პათოლოგიის განვითარების რისკსაც ზრდის. 

ხშირად მცირე ასაკის ბავშვები მხოლოდ ერთფეროვან საკვებს იღებენ, მაგალითად სიმინდის ფაფას, მანანის ბურღულს, მაწონს, შემდეგ კვების რაციონის ადეკვატურ გაფართოებასთან ერთად უჭირთ სხვა საკვების მიღება. ბავშვი, ერთი შეხედვით გამხდარი არ არის, მაგრამ მოდუნებულია. მშობლებს უჭირთ ასეთი ბავშვების ანემიის დროული გამოვლენა, ამიტომ ამ დროს განსაკუთრებული როლი პედიატრებს ენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ გოგონებს პუბერტატულ პერიოდში (ჭარბი და/ან გახანგრძლივებული მენსტრუაციის შემდეგ).

ბავშვის კვების რაციონი ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პედიატრის რჩევები. ბავშვისთვის აუცილებელია რკინაშემცველი და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ხორცისა და მისი პროდუქტების, ხაჭოს, ყველის, ასევე სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის მიღება.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანემიას?

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანემიასთან გვაქვს საქმე, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმისადმი დროულ მიმართვიანობას, რადგან შორსწასულ შემთხვევაში შედეგი და მკურნალობის ხანგრძლივობაც განსხვავებულია. 

მაგალითად, ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა, ძირითადად მედიკამენტოზურია და იგი დაახლოებით სამ თვეს მოიცავს, მძიმე შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს კიდეც; ამ დროს ჰემოგლობინის აწევის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია დროზე ადრე მოიხსნას მედიკამენტი, რადგან რკინის მარაგის ავსება არ ხდება რკინის დეპოებში (ქსოვილებში). 

ფოლიუმდეფიციტური ანემიის დროს, მკურნალობაში ფოლიუმის მჟავა ირთვება, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგებაც. ღრმა ანემიის დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აუცილებელია ერითროციტალური მასის ტრანსფუზია, ანუ გადასხმა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5