ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2020 წლის 10 ოქტომბერს, ორგანიზაცია “ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია” წარმოადგენს ანტი-სტიგმა ილუსტრირებულ წიგნ-დღიურს მოზარდებისთვის, სათაურით “ფანჯარა საკუთარ თავთან”. COVID-19-ის პანდემიისა და შეზღუდვების პირობებში წიგნის პრეზენტაცია ონლაინ სივრცეში ჩატარდება. პროექტი განხორციელდა ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
წიგნი-დღიური ერთი შეხედვით წიგნს ჰგავს, რომელსაც არ ჰყავს ავტორი, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მასზე მუშაობას დაიწყებს, თავად იქცევა მწერლად და შექმნის თავის ისტორიას, თავის წიგნს. წიგნ-დღიურს ჰყავს მთავარი პერსონაჟი, მეგზური, რომელიც მთელ ამ თავგადასავალში თან დაჰყვება პოტენციურ მწერალს და მისი მიზანია მოზარდებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მართვის სტრატეგიებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ტექნიკებზე, როგორიცაა: ემოციური რეგულაციის სავარჯიშოები, სუნთქვის ტექნიკები, საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიები, პრობლემაში რესურსის დანახვის სავარჯიშოები. მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სწორედ მოზარდობის პერიოდია ის პერიოდი, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს. ამ ტექნიკების ცოდნა, მათი პრაქტიკაში დანერგვა კი პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავების რისკს. წიგნში, ასევე, თავმოყრილია მოზარდების მიერ შექმნილი მხატვრული ჩანახატები, რომლებიც ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს, რაც საშუალებას მისცემს სხვა მოზარდებს დაინახონ და იგრძნონ, რომ ისინი არ არიან მარტო და სხვებიც განიცდიან იმავეს. ჩანახატები შექმნილია მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეების მიერ.
ამ ბმულის მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა გადმოიწეროს წიგნი-დღიური, ონლაინ რეჟიმში გაეცნოს მას, იმუშაოს და დაწეროს თავისი ისტორია, რომელიც მასთან დარჩება. ეს იქნება ინტერაქციული პროცესი მწერალსა და წიგნს შორის.