Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას დედამ იცის ესაუბრება ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედა ზირაქაშვილი

ყველაზე ადრე, რომელი ასაკიდან იწყება შფოთვითი სიმპტომატიკის გამოვლენის ნიშნები და როგორ ფორმებში ვლინდება?

ყველაზე ადრეულ პერიოდში ვლინდება:

განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა

განშორების შფოთვითი აშლილობა არის აღმზრდელთან ან მზრუნველ ადამიანთან, (ხშირად — დედა) განშორების შედეგად წარმოშობილი ინტენსიური და ასაკობრივი განვითარებისათვის შეუსაბამო შიში, დისკომფორტი. ბავშვები აქტიურად ცდილობენ აირიდონ ასეთი განშორება. როდესაც იძულებითი განცალკევება ხდება, ეს ბავშვები ყველანაირი გზით ცდილობენ აღადგინონ კავშირი ადამიანთან, რომელსაც დააშორეს.  

განშორების შფოთვის გამოვლინება განვითარების ფიზიოლოგიური საფეხურია: ბავშვებში დაახლოებით 8 თვიდან 36 თვემდე; ეს ჩვეულებრივ გვარდება, როდესაც მათ განუვითარდებათ ობიექტის მუდმივობის განცდა და ხვდებიან, რომ მათი მშობლები შესაძლოა მიდიოდნენ, ტოვებდნენ მათ, მაგრამ დაბრუნდებიან. ზოგიერთ ბავშვში განშორების შფოთვა გადავადდება ბევრად მოგვიანებით ასაკამდე ხოლმე; ის საკმარისად მძიმე, შემაწუხებელი უნდა იყოს, რომ  ჩაითვალოს აშლილობად. განშორების შფოთვითი აშლილობა ჩვეულებრივ გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში და იშვიათია პუბერტატის შემდეგ. ცხოვრებისეულმა სტრესებმა (მაგ. ნათესავის, მეგობრის ან შინაური ცხოველის გარდაცვალება; გეოგრაფიული გადაადგილება, სკოლაში ცვლილება) შეიძლება გამოიწვიოს განშორების შფოთვითი აშლილობა. ასევე, ზოგიერთ ადამიანს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა შფოთვისადმი. 

როგორია განშორების შფოთვითი აშლილობის სიმპტომები და ყველაზე ხშირად რა სიტუაციებში ვლინდება?

სკოლაში წასვლაზე ან სკოლამდელი ასაკისთვის ბაღში წასვლაზე უარის სახით. ყველაზე რთულია უშუალოდ  განშორების ეპიზოდი, როგორც წესი, მტკივნეულია როგორც ბავშვისთვის, ასევე მიჯაჭვულობის სუბიექტისთვის (ჩვეულებრივ, დედა, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ოჯახის წევრი ან მომვლელი). ბავშვები ხშირად ტირიან და ევედრებიან ისეთი სასოწარკვეთილებით, რომ მშობელი ვერ ტოვებს, რის შედეგადაც გაჭიანურებული სცენების შეწყვეტა ძნელია. 

განშორებისას ბავშვებს უჭირთ მოსცილდნენ მიჯაჭვულობის სუბიექტს, რადგან ფიქრობენ,რომ ამ ადამიანს რაიმე მოუვა (მაგ. ავტოკატასტროფა, ავადმყოფობა). 

ბავშვები შეიძლება უარს ამბობდნენ მარტო დაძინებაზე და  დაჟინებით მოითხოვდნენ ყოველთვის იყვნენ იმავე ოთახში, სადაც აღმზრდელს სძინავს.

 ბავშვებს ხშირად უვითარდებათ სომატური ჩივილები (მაგ. თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია). 

რადგან ბავშვებს ისედაც ახასიათებს საყვარელ ადამიანებთან განშორების სირთულე,  ზოგჯერ შეიძლება შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, რომ პრობლემა უმნიშვნელოა. თუმცა, ზოგიერთ ბავშვს აქვს მუდმივი და გადაჭარბებული წუხილი მიჯაჭვულობის სუბიექტის დაკარგვის გამო (მაგ., ავადმყოფობის, გატაცების ან სიკვდილის გამო). განშორების შფოთვას ხშირად ემატება მშობლის შფოთვა, რაც ამძაფრებს ბავშვის შფოთვას; შედეგი არის მანკიერი წრე, რომელიც შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მშობლის სწორი ინფორმირებით  და ბავშვის მიმართ მგრძნობიარე, თუმცა მიზანზე ორიენტირებული სტრუქტურული რეკომენდაციების გამოყენებით.

განშორების შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტიკა ხდება ანამნეზის შეგროვებით და განშორების ეპიზოდებზე დაკვირვებით. პრობლემის მანიფესტაცია  უნდა იყოს მინ. 4 კვირის განმავლობაში და გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისტრესი ან ფუნქციონირების დარღვევა (მაგ., ბავშვებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ასაკის შესაბამის სოციალურ ან სასკოლო აქტივობებში).

განშორების შფოთვითი აშლილობის მართვა ხდება ქცევითი თერაპიით, რომელიც სისტემატურად ურჩევს მშობელს რეგულარულ განცალკევებებს. გამოსამშვიდობებელი ეპიზოდები უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და აღმზრდელი/მიჯაჭვულობის სუბიექტი უნდა იყოს მომზადებული, რომ რეაგირება მოახდინოს ბავშვისთვის დამზოგველად, თუმცა ყოველთვის ერთნაირი ტექნიკებით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება საჭირო მედიკამენტური თერაპია.

რას გვეტყვით სპეციფიკური ფობიების შესახებ? 

სპეციფიკური ფობია წარმოადგენს კონკრეტული სიტუაციის, გარემოს ან საგნების მუდმივ, დაუსაბუთებელ, ინტენსიურ შიშს. შიშები იწვევს განგაშის შეგრძნებას, შესაბამისად ინდივიდი ცდილობს თავი აარიდოს ამ შეგრძნების გამომწვევ სიტუაციებს. 

სპეციფიკური ფობია არის შიში და შფოთვა კონკრეტული სიტუაციის ან ობიექტის მიმართ იმ ხარისხით, რომელიც არაპროპორციულია რეალურ საფრთხესთან ან რისკთან. სიტუაციას ან ობიექტს, როგორც წესი, ინდივიდი გაურბის, ცდილობს თავი აარიდოს, როდესაც ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ ვერ იქნა მიღებული პრევენციული ზომები,  შფოთვა სწრაფად ვითარდება. შესაძლოა ის გაძლიერდეს პანიკური  შეტევის დონეზე. სპეციფიკური ფობიების მქონე ადამიანები, როგორც წესი, აღიარებენ, რომ მათი შიში არარელევანტური და გადაჭარბებულია. სპეციფიკური ფობიები ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობის სახეა. ხშირად გაგვიგონია ალბათ: კლაუსტროფობია, აკროფობია, ზოოფობია და ა. შ. …

სპეციფიკური ფობია ვლინდება ქალების დაახლოებით 8%-ში  და მამაკაცების 3%-ში. აღნიშნული აშლილობა შესაძლოა მკვეთრად უშლიდეს ხელს ინდივიდს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. მაგ. ნემსის შიშის დროს, სამედიცინო მანიპულაციების, ანალიზების აღების, ინიექციური პროცედურების, აცრების თავიდან არიდების მცდელობას, შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. 

სპეციფიკური ფობიების სიმპტომები და ნიშნები

სპეციფიკური ფობიის მქონე პაციენტებს უვითარდებათ გამოხატული შიში ან შფოთვა კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის საპასუხოდ, რასაც შემდეგ შეიძლება თან ახლდეს თავიდან აცილება. სპეციფიკური ფობიების დიაგნოსტიკა სპეციფიკური ფობიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, პაციენტებს უნდა ჰქონდეთ გამოხატული, მუდმივი (≥ 6 თვე) შიში ან შფოთვა კონკრეტული სიტუაციის ან ობიექტის მიმართ

გარდა ამისა, პაციენტებს აქვთ ყველა ჩამოთვლილი:

გარკვეული სიტუაცია ან ობიექტი თითქმის ყოველთვის იწვევს მყისიერ შიშს ან შფოთვას. პაციენტები  ერიდებიან სიტუაციას ან ობიექტს. შიში ან შფოთვა არაპროპორციულია რეალურ საფრთხესთან (სოციოკულტურული ნორმების გათვალისწინებით). შიში, შფოთვა და/ან თავის არიდება იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს ან მნიშვნელოვნად აზიანებს სოციალურ ან პროფესიულ ფუნქციონირებას.

სპეციფიკური ფობიების მკურნალობისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკები:

ექსპოზიცია, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს შფოთვისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილების ციკლი.როგორც ექსპოზიციური თერაპიის ნაწილი, პაციენტი და თერაპევტი შეიმუშავებენ „ექსპოზიციების“ ჩამონათვალს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა. პაციენტმა შეიძლება დაიწყოს სიაში ყველაზე ნაკლებად შფოთვის გამომწვევი ნივთით, მაგ., თუ თვითმფრინავით ფრენის შიშია, დაიწყოს თვითმფრინავის ფოტოს ყურებით. ექსპოზიციისა და თანდათანობითი დესენსიბილიზაციის პროცესის მეშვეობით, პაციენტი ეჩვევა შფოთვის გამომწვევ ტრიგერს, შესაბამისად პრობლემაც ნელ-ნელა გვარდება.

ასევე: რელაქსაციის და/ან სუნთქვის ტექნიკები, იშვიათად მედიკამენტური თერაპია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5