Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმა “დედამ იცის” გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მის პრევენციაზე. ჩვენს კითხვებს უპასუხებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ივანე საათაშვილი.

გვესაუბრეთ რას მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და რა პრევენციული მექანიზმებით უნდა გავაძლიეროთ ბავშვი მშობლებმა?

როცა ვიგებთ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე და ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის სენსიტიური საკითხია, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ ასეთი შემთხვევები მისგან შორს ხდება, სხვისი პრობლემაა,  მის კომუნაში, მის საზოგადოებაში, მის წრეში არ ხდება. არ მინდა მშობლები დაისტრესონ, შეშინდნენ და  დაიწყონ გადამეტებული შფოთვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ბავშვთა მიმართ სექსუალური მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პროფესიის პირი,  ნებისმიერ დისტანციაზე მყოფი ადამიანი, შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან მცირე სტატისტიკა გვაქვს,  ის შემთხვევები, რომელიც გაჟღერებული არის განსაკუთრებით პედოფილი მოძალადეების მხრიდან, საერთო ნარატივს აყალიბებს, თუ  როგორ ხდება ბავშვის “მოხიბლვა”, მასთან დაახლოება, შემდეგ სიჩუმის შენარჩუნება და რა მექანიზმებს მიმართავენ ეს ადამიანები. ყველაზე მთავარი პრევენციული მექანიზმი და  იმაზე დიდი საჩუქარი ბავშვისთვის არ არსებობს, ვიდრე მისი ინფორმირებაა, იმ უნარების წახალისებაა, რომელიც მას დაეხმარება ნებისმიერ გარემოში და ნებისმიერ დროს თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, დასახმარებლად  უნდა მიმართოს სანდო ადამიანს და უნდა იცოდეს  როგორ უნდა მიმართოს და რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ასეთ შემთხვევაში.

სექსუალურ ძალადობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ნათლად განვსაზღვროთ, თუ  რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა. როგორც ვთქვით, ეს არის ძალიან დიდი ქოლგა, რომლის ქვეშაც მოიაზრება ძალიან ბევრი ქცევა. თვითონ სექსუალური ქცევები, რომლებიც ბავშვების მიმართ ხორციელდება ორ დიდ კატეგორიად იყოფა, რომელიც არის კონტაქტური და არაკონტაქტური. კონტაქტური ქცევები ბუნებრივია მოიცავს ფიზიკური კონტაქტის დამყარებას, მაგრამ არ ნიშნავს მაინცდამაინც პენეტრაციას, არ ნიშნავს სექსს, ეს შეიძლება იყოს შეხება სხეულზე, გენიტალიებზე, ტუჩებზე ან მასტურბაცია ბავშვის გამოყენებით და იძულებით. ამავე დროს ბავშვის მიმართ ხორციელდება არაკონტაქტური სექსუალური ძალადობის ფორმები, რომლებიც საერთოდ არ მოიაზრებს ფიზიკური კონტაქტის დამყარებას და ესეც განსხვავდება თავისი გამოხატულებით და მრავალფეროვანია. მაგალითად, მოძალადე უყურებს, როგორ იღებს შხაპს, ბავშვს აყურებინებს პორნოგრაფიულ მასალას, უღებს ფოტოებს, აკეთებს სექსუალური შინაარსის კომენტარს.  ეს ყველაფერი კლასიფიცირდება, როგორც სექსუალური ძალადობა. როგორც წესი, გვგონია, რომ სექსუალური ძალადობა მაინცდამაინც ძალადობრივი ფორმით გამოიხატება ხოლმე და ესეც ართულებს სექსუალური ძალადობის გამოვლენას. ძალიან იშვიათად ხორციელდება ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის განხორციელება ფიზიკური ძალადობის თანხლებით. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც სპეციალისტები ვეძახით  ბავშვის “გრუმინგს”, როდესაც მოძალადე ცდილობს ბავშვთან დაახლოებას, გადის  მთელ პროცედურებს,  რომ ბავშვის და ოჯახის წევრების ნდობა მოიპოვოს, ბავშვთან მარტო დარჩეს და მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, როცა მოძალადე ძალიან ნელა უახლოვდება მისთვის საინტერესო ობიექტს. “გრუმინგის” მიზანი არის მოძალადემ მოიპოვოს ბავშვის ნდობა ოჯახის წევრების გავლით, რათა განახორციელოს განზრახვა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5