Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” სტუმარია პოზიტიური ფსიქოლოგიის დოქტორი, კაფე “ნამუს” დამფუძნებელი ანა ტიკარაძე.

სახლი დღეს მრავალფუნქციური დაწესებულება გახდა. აქ არის ჩვენი სამსახური, ბავშვების ბაღი, სკოლა თუ ინსტიტუტი. ყველა დანადგარი ჩართულია – ერთს “ქოლი” აქვს, მეორეს ონლაინ გაკვეთილი, პატარა თავის ბაღის მეგობარს ფეისბუქით ესაუბრება და სხვადასხვა ვიდეო ეფექტებს ტესტავს. მოკლედ, შესაძლოა ეს ყველაფერი მხიარულად წარიმართოს, თუმცა რაღაც მომენტში სტრესულიც ხდება.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედნიერებისთვის, გაცნობიერებულობის (Mindfulness) პრაქტიკები. გაცნობიერებულობა გულისხმობს არსებულის – აქ და ამჟამად სიტუაციის განუსჯელად მიღებას. ამით ხდება ბედნიერების განცდის ხელშეწყობა და სტრესის შემსუბუქება. იმის მაგივრად, რომ ვინერვიულოთ იმაზე, სექტემბერში სწავლა დაიწყება თუ არა, უნდა დავაფასოთ დღევანდელი დღე, რომ ვართ ჯანმრთელები და ჩვენი შვილები ჩვენ გვერდით არიან. ბავშვები განსაკუთრებით კარგად ითვისებენ გაცნობიერებულობის პრაქტიკას და მალევე სწავლობენ თვით-რეგულაციას, მოთმენას და განუსჯელად სიტუაციის მიღებას. გაცნობიერებულობის სწავლის საუკეთესო გზაა მაგალითის მიცემა. მშობლებისგან ბავშვმა უნდა გადაიღოს:

– საკუთარი თავის სიყვარული

– გამძლეობა

– შრომისმოყვარეობა

– თანაგრძნობა

– სხეულის და გონების ჯანსაღი გამოკვება.

აქვე შემოგთავაზებთ ერთ ჯანსაღ რეცეპტს გონებისთვის და ერთს – სხეულისთვის:

მადლიერების სავარჯიშო გონებისთვის:

ოჯახურ სადილზე ან ძილის წინ თქვენს პატარასთან ერთად გაიხსენეთ დღის საუკეთესო 5 მოვლენა, იქნება ეს სკოლაში საუკეთესო ნიშნის მიღება თუ საუკეთესო მეგობართან ერთად ჯანსაღი ნაყინის მირთმევა.

ჯანსაღი ნაყინი ცხელი ზაფხულის დღეებისთვის

სასურველია, მოამზადოთ ბავშვებთან ერთად. საღამოს აიღეთ 4 ცალი მწიფე, შავწერტილებიანი ბანანი, გააცალეთ კანი, დაჭერით 6-8 ნაჭრად და შედგით საყინულეში. დილით გამოიღეთ, ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ქოქოსის რძე (თუ არ გაქვთ უამისოდაც შეიძლება, მაშინ 5 წუთი დააცადეთ, რომ ოდნავ შელღვეს და ადვილად დატრიალდეს). დააბლენდერეთ და მიიღებთ საბაზისო მასას. ახლა უკვე იმპროვიზაციის დროა – შეგიძლიათ ნახევარს გაურიოთ მარწყვი (დაახლოებით 100 გრამი), მეორე ნახევარს კი – 1 სუფრის კოვზი ნედლი კაკოს ან კერატის (carob) ფხვნილი. ასევე საბაზისო მასას შეგიძლიათ შეურიოთ პიტნის და ისპანახის ფოთლები, ან ატამი, ან მოცვი. ყველაზე სასარგებლოა სეზონური პროდუქტი. განაწილდება 3-4 ულუფად.

ბედნიერება თქვენ!

სიყვარულით, ანუკი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5