Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი ხატია დოლიძე.

როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის ჭიპლარს?

ბევრი მშობელი განსაკუთრებით განიცდის ჭიპლარის მოვლას, მასთან შეხებასაც და მანიპულაციების ჩატარებასაც, მაგრამ ამაში არაფერია  საშიში. ჭიპლარი ორსულობის პერიოდში ნაყოფსა და დედას შორის მნიშვნელოვანი კავშირია, ის ჟანგბადის და საკვების წყაროა ბავშვისთვის და მშობიარობის შემდგომ ექიმი სპეციალური მომჭერის საშუალებით ჭიპს გადაკვანძავს და მომჭერს დაადებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის ჰიგიენური ნორმების დაცვა ამ მხრივ. რადგან ამჟამად სამშობიაროდან ადრე წერენ დედასა და ბავშვს, მოუვარდნელი ჭიპით მოგვყავს ბავშვი სახლში, რომელსაც ადევს ჭიპზე სპეციალური პლასტმასის მომჭერი. ძალიან ბევრი მშობლისგან მომისმენია  “ხელს არ ვაკარებ, ხელს ვერ ვახლებ, არ შემიძლია” და ა.შ.  ჭიპლარის დამუშავება დიდად განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, სანამ არ მოხდება ამ მუმიფიცირებული ნაწილის მოვარდნა. ერთადერთი თუ მოხდება ჭიპლარის დასველება, უნდა გავამშრალოთ სტერილური  დოლბანდით  და არ უნდა მივაკაროთ სინთეტიკური ქსოვილი. ასევე მნიშვნელოვანია,  რომ არ მივაკაროთ განავალი და შარდი ჭიპს, რადგან ასეთ დროს ძალიან ადვილია ბაქტერიული პროცესის განვითარება.

როდის ვარდება ჭიპლარი?

დაბადებიდან 3-7-10 დღის მანძილზე  შესაძლოა მოვარდეს ჭიპლარი. ამის შემდეგ, ბოლო რეკომენდაციით მოწოდებულია მხოლოდ საპნით დაბანა და  კარგად გამშრალება. არანაირად არ შეიძლება არც წყალბადის ზეჟანგი, არც  ფერადი ანტისეპტური ხსნარები, როგორიც არის ბრილიანტის მწვანე ან იოდი, რადგან შეიძლება იოდმა დამწვრობაც  გამოიწვიოს კანზე და ბაქტერიული პროცესიც უფრო მეტად განავითაროს ან მეორადი ინფექცია წავიდეს. ამიტომ, როცა დავბანთ, კარგად უნდა გავამშრალოთ ახალშობილის ჭიპლარი და  ყურის ჩხირით კარგად ამოვწმინდოთ, რომ ის ბაქტერიული ფლორა, რაც იქ ბუდობს, მოვაშოროთ. ერთ-ერთი რეკომენდაცია ისიცაა, რომ ამ დროს მშობელი ხელდაბანილი უნდა მივიდეს ბავშვთან, ან ეკეთოს ჰიგიენური ხელთათმანები, ასევე არ გამოქაჩოს ჭიპლარი. ან თუ შენიშნავს ფუფხის ნაწილს, არ  ეცადოს მის მოძრობას. ასევე ბოლო რეკომენდაციით, არ უნდა დარჩეს ბავშვის ჭიპლარი ნოტიოდ და გავამშრალოთ საფუძვლიანად. რაც შეეხება ფერადი ანტისეპტიკების გამოყენებას, ბრილიანტის მწვანეს ან იოდს, არ შეიძლება იმიტომ, რომ აღარ არის მოწოდებული და ასევე შეიძლება გამოგვეპაროს ანთებითი პროცესის დასაწყისი მისი შეფერილობიდან გამომდინარე, რადგან ანთებითი პროცესი სიწითლით იწყება და ჩვენ თუ ჭიპლარზე იოდს წავუსვამთ, ან ბრილიანტის მწვანეს ან კასტელანს, ეს პროცესი შეიძლება გამოგვეპაროს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სიწითლეს შევამჩნევთ, უნდა მივმართოთ პედიატრს, რომელიც დაუნიშნავს მკურნალობას.

რა არის საშიშროების ნიშნები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თუ მუცლის არე ან ჭიპის არე არის შეწითლებული  და შეშუპებული, აღინიშნება არასასიამოვნო სუნი ან სველი გამონადენი, რომელსაც სპეციფიკური სუნი ახასიათებს თვითონ ჭიპს შიგნით და თუ ღრმა ჭიპია, იქ ბაქტერიები უფრო ადვილად ბუდობს და შესაძლოა ნოტიოდ დარჩეს დაბანის შემდეგ და იქ უფრო შეიძლება ანთებითი პროცესი განვითარდეს. თუ ბავშვს ამ მიზეზებთან ერთად აქვს ხასიათის ცვლილება, მოთენთილობა, უარს ამბობს ჭამაზე ან აქვს ტემპერატურული რეაქცია, აუცილებლად უნდა შევატყობინოთ ექიმს.

რა გართულებები შეიძლება განვითარდეს არასწორი მოვლის შედეგად?

ყველაზე ხშირი გართულება ახალშობილებში და განვითარებად ქვეყნებში ძალიან ხშირია ე.წ სველი ჭიპის გართულება ანუ ომფალიტი, რაც ნიშნავს ჭიპის ანთებით პროცესს, რასაც შეიძლება მოჰყვეს სიწითლე და სპეციფიკური სუნი და  თუ მშობელი ხედავს, რომ სხვა ნიშნებიც წამოვიდა, ბავშვი მივარდნილია და არ მოსწონს მისი მდგომარეობა, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს პირველ რიგში პედიატრს, რომელიც განსაზღვრავს, როგორ წავიდეს მკურნალობა. თუ პირველ ეტაპზევე არ მოხდა ჩარევა, სისუფთავის დაცვა  და ანტისეპტიკით დამუშავება, ძალიან იშვიათია, მაგრამ არსებობს რისკი, რომ განვითარდეს სეფსისი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5