პედიატრი და ბავშვთა გასტროენტეროლოგი ციცი ფარულავა “დედამიცის” ესაუბრება ბავშვებში გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემების შესახებ.
რამდენად ხშირად გვხვდება ბავშვებში კუჭ–ნაწლავის დაავადებები?
ბავშვთა ავადობის სტრუქტურაში გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს მეორე ადგილი უჭირავს სასუნთქი სისტემის დაავადებების შემდეგ. ამიტომ, მომართვიანობა გასტროენტეროლოგიური ჩივილების გამო არის ძალიან მაღალი.
რა ჩივილები ახასიათებს გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს?
ეს ჩივილებია მუცლის ტკივილი, წამოქაფება და ღებინება, ფაღარათი ანუ დიარეა, ყაბზობა ანუ შეკრულობა და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც გულისხმობს სისხლიან ღებინებას ან სისხლიან განავალს. ოჯახის ექიმს, პედიატრს და ბავშვთა გასტროენტეროლოგს ყოველდღიურ პრაქტიკაში უხდება “ურთიერთობა” ამ ჩივილებთან.
რა არის კუჭ–ნაწლავის პრობლემის ძირითადი მიზეზები?
მიზეზები მრავალფეროვანია და განსხვავებულია ასაკის მიხედვით, შესაძლოა პრობლემის დიაგნოსტიკა პირველივე შეხვედრაზე გართულდეს კიდეც. მაგრამ ვიცით რა კონკრეტულ ასაკში რომელი პრობლემებია უფრო ხშირი, შესაბამისად ვცდილობთ ჩავატაროთ დიფერენციალური დიაგნოზი. საბედნიეროდ, გასტროენტეროლოგიური ჩივილების მიზეზი უხშირესად არის ე.წ. ფუნქციური დარღვევები და შედარებით ნაკლები წილი მოდის ორგანულ დაავადებებზე. ფუნქციური დარღვევების მიზეზი არ არის რომელიმე ორგანოს დაავადება, მეტაბოლური დარღვევა ან სტრუქტურული ანომალია, არამედ დარღვეულია ორგანოს ფუნქციური აქტივობა.
რა მიზეზებით მოგმართავენ უფრო ხშირად?
6 თვემდე ასაკში მომართვიანობის უხშირესი მიზეზი ჩვილების კოლიკაა, წლამდე ასაკში ძალიან ხშირად მოგვმართავენ წამოქაფება-ღებინების გამო, რომლის უხშირესი მიზეზი არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. წლიდან ხუთ წლამდე მომართვის ძირითადი მიზეზი არის ფუნქციური ყაბზობა ანუ შეკრულობა, რასაც უმეტესად საფუძვლად უდევს პამპერსების ხანგრძლივი ხმარება, კვების დარღვევები ან ტუალეტის ტრენინგის დაგვიანება. ხუთი წლის ზემოთ ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და შეიძლება შეკრულობით გამოვლინდეს ან ადგილი ჰქონდეს დიარეის და ფაღარათის მონაცვლეობას.
ჩვილების ხელოვნური კვების შემთხვევაში რა არის გასათვალისწინებელი კუჭ–ნაწლავის პრობლემების პრევენციისთვის?
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ძუძუთი კვებას ალტერნატივა არ აქვს და ქალის რძე აბსოლუტურად მორგებული და იდეალურია ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქომოტორული განვითარებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ინფექციებისგან დაცვისთვის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი იძულებული ვართ გადავიყვანოთ დედის რძის შემცვლელზე ანუ ფორმულით კვებაზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, რომ ფორმულაზე გადაყვანის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საკვები, კვების ტექნიკა, ძუძუთი კვებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კვების რეჟიმს. გასტროენტეროლოგიური ჩივილის დროს ვცდილობთ გავერკვეთ, როგორ იკვებება ბავშვი, რა სიხშირით და რა მოცულობის საკვებით იკვებება, დროულად არის თუ არა ჩართული დამატებით ნახევრადმყარი და მყარი საკვები, წყალი, ხილი და ა.შ.
მოზარდობის ასაკში კუჭ–ნაწლავის პრობლემა რამდენად უკავშირდება არაჯანსაღ საკვებს, ე.წ “ფასთ ფუდს”?
საყოველთაოდ აღიარებული პრობლემაა, რომ ჩვენი ბავშვები, დიდი რაოდენობით მოიხმარენ ნახშირწყლოვან საკვებს და ტკბილეულს, რაც ძალიან ხშირად ხდება გასტროენტეროლოგიური ჩივილების მიზეზი. ხოლო მოზარდები ათი წლის ზემოთ, სწრაფი კვების პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება მათი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე. ამიტომ, გასტროენტეროლოგიური ჩივილების არსებობისას მედიკამენტოზური თერაპიის პარალელურად აუცილებლად გარკვეული კორექტივები უნდა შევიტანოთ ამ კუთხით.
და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს, რა უნდა გაითვალისწინონ ბავშვებში კუჭ–ნაწლავის პრობლემების პრევენციისთვის?
პირველ რიგში მშობლებს ვურჩევდი ასაკის შესაბამისი საკვები მოახმარონ ბავშვებს და დატვირთონ ნატურალური საკვები პროდუქტებით. აუცილებელია რაციონში ყოველდღიურად ჩართონ უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, მაქსიმალურად შეზღუდონ კომერციული საკვები და შაქარი. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ საფენები ე.წ. პამპერსები კაცობრიობის უზარმაზარი მიღწევაა და მნიშვნელოვნად აიოლებს მშობლების ყოველდღიურ დატვირთვას, პამპერსების მოხმარებასაც აქვს თავისი ვადები. უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ადრე, იდეალურ ვარიანტში წლინახევრის ასაკიდან მოხდეს ბავშვის ღამის ქოთანთან “დამეგობრება” ანუ დროულად დავიწყოთ “ტუალეტის ტრენინგი”, რაც იმის საწინდარია, რომ პატარას არ ექნება ყაბზობის პრობლემა მომავალში. ასევე უმნიშვნელოვანესია ჰიგიენური ნორმების დაცვა, რადგან ინფექციების უმეტესობა დაბინძურებული და ჭუჭყიანი ხელებიდან იწყება. და რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰიპოდინამია (უმოძრაობა) პირდაპირ აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს, ეპიდემიის პირობებში. ბავშვები სწავლების ონლაინ რეჟიმზე არიან გადასული, ძირითადად სახლში სხედან და დიდ დროს ატარებენ ეკრანთან. მაქსიმალურად ვეცადოთ მათ ჰაერზე გაყვანას და გარკვეული ფიზიკური აქტივობის ორგანიზებას.