Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედა გახდები და გაიგებ, როგორ შეიძლება იყო სასოწარკვეთილი და ბედნიერი ერთდროულად; ორ ხელს რამდენის კეთება შეუძლია; რას ნიშნავს სიჩუმე დიდი ხანი რომ გრძელდება; რომ, ჰიგიენურობა ფარდობითი ცნებაა; დედა რომ გახდები, გაიგებ, რომ სამყაროს გადატრიალებას მრავალი მნიშვნელობა აქვს; ეჭვის თვალით შეხედავ სხვების კარგ ფოტოებს; თვალებს დახუჭავ ბევრ ადგილას, ბევრ რამეზე; გაიგებ, რითი შორდება მელანი ბოტასს, ძაღლს, სახლს… რა უნდა ქნა, თუ ბავშვი კედლებზე გადის… არაუშავს, თუ ეცემა და ყელის ტკივილის მორჩენა უმტკივნეულოდაც შეიძლება. ყველაფრის წინასწარ ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ მთავარია, დედა რომ გახდები, გაიგებ. დედამ იცის ფაგიო” – ეს “ფაგიოს” ახალი სარეკლამო რგოლია, რომელიც დედობის ორ მხარეს, ბედნიერს და სევდიანს ერთდროულად აჩვენებს. სარეკლამო რგოლზე  სააგენტო  JWT Metro-მ  იმუშავა.

“დედამიცის” პლატფორმა ესაუბრა JWT Metro-ს კრეატიულ დირექტორს ეკა ყიფიანს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. 

ეკა, მოგვიყევით პროექტის იდეაზე, რა იყო თქვენი, როგორც სააგენტოს კრეატიული დირექტორის და როგორც დედის  სათქმელი  და რამდენად გამოგივიდათ გეჩვენებინათ, ის რისი თქმაც გსურდათ?

“ფაგიოს” სარეკლამო რგოლის პროექტზე მუშაობაში დაახლოებით  10 ადამიანი იყო ჩართული, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ  სააგენტოს ქალმა თანამშრომლებმა გავაკეთეთ ეს პროექტი, რადგანაც ემოციურადაც და თემატურადაც ახლოს იყო ჩვენთან. დედობის გამოცდილება დაგვეხმარა  იმაში, რომ ჩვენი სათქმელი ყოფილიყო ნამდვილი. ბავშვობაში ხშირად გვსმენია ფრაზები: “გაიზრდები და გაიგებ”, “დედა გახდები და გაიგებ”, რომელიც იმ დროისთვის უცხო გვეჩვენება, თვალებს ვატრიალებთ მოსმენისას, მაგრამ როცა ვიზრდებით, ვხვდებით, რომ ეს ფრაზები  სინამდვილეს  ასახავს. ვიდეოს საშუალებით გვინდოდა გვეჩვენებინა, როცა დედა ხდები რამდენ გამოცდილებას იღებ, რამდენ რამეს სწავლობ და რამდენ რამეს ეჯახები.  ვეცადეთ არ ვყოფილიყავით შაბლონურები და გვეჩვენებინა დედობის ნამდვილი მხარეებიც.  როდესაც დედობაზე ლაპარაკობენ,  ყოველთვის ცდილობენ მისი  მხოლოდ პოზიტიური, ბედნიერი და  მსუბუქი მხარეები დაგვანახონ. ამ ბედნიერი ნაწილის მიღმა  არის ძალიან ბევრი სირთულეც, რომელიც ვეცადეთ იუმორით გამოგვეხატა და  გვეჩვენებინა, რომ დედობა ორი პოლარული ნაწილისგან შედგება, ერთი – რომელიც არის ძალიან ბედნიერი ნაწილი და მეორე, რომელსაც ხანდახან სასოწარკვეთამდეც მივყავართ.  ვფიქრობ, გამოგვივიდა  დედობის ორივე ნაწილის სინთეზის ჩვენება.

როგორ გამოგივიდათ  კამპანიის შეთავსებაფაგიოსბრენდთან და რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდების როლი ასეთი თემის წინ წამოწევისთვის?

„ფაგიო“ არის ის ბრენდი, რომელიც დედებს ძალიან უყვართ, მუდმივად ურჩევენ ერთმანეთს და უზიარებენ იმ გამოცდილებას, რომ მიაგნეს პრობლემიდან გამოსავალს. შეიძლება ითქვას, “ფაგიო” დედებისთვის “კოზირია”, რომელიც რთულ სიტუაციებში დაეხმარება მათ. ესეც იმ ფრაზასავით არის,  როდესაც ხდებიან დედები, გებულობენ იმასაც, რომ შეიძლება “ფაგიო” გამოიყენონ და აუცილებლად უნდა იცოდნენ ამის შესახებ. მართალია, ყველა  ბრენდს ვერ შეუთავსებ ამ კამპანიას, რომელიც დედებისთვის არის და გვიხარია, რომ ამის საშუალება მოგვეცა “ფაგიოსთან“ ერთად. გადაღლილი და სირთულეებთან შეჯახებული დედა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ხომ არ არის ნეტავ ცუდი დედა, ან რატომ გრძნობს თავს ცუდად  და ამ ვიდეორგოლით ჩვენ ვეუბნებით, რომ ხანდახან ყველა ასე ვართ, ეს თანმდევი ფაქტორია დედობაში. ხშირად რეკლამებში მხოლოდ დედობის ერთი მხარეა ნაჩვენები და არსებობს კლიშე, რომ მარტო ბედნიერება უნდა აჩვენო. ასეთ დროს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდების როლი, რომ მაქსიმალურად ემპათიურები და გულწრფელები  იყვნენ თავიანთ მომხმარებლებთან და დედებს უთხრან: “მე ვიცი, შენ როგორ ხარ და მაგარი ხარ, რასაც აკეთებ და როგორც აკეთებ”. გვიხარია, რომ „ფაგიო“ სწორედ ასეთი ბრენდია და რომ ერთად შევძელით ამის ჩვენება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5