პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ასათიანი.
რა მიზეზით ჩხუბობენ ერთი მშობლის შვილები ერთმანეთთან?
და-ძმებს შორის კამათს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, თუმცა, როგორც წესი, ხშირად მათ ჩხუბს საფუძვლად უდევს ეჭვიანობა, ერთმანეთში კონკურენცია და ემსახურება მშობლის ყურადღების მოპოვებას ან საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.
რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მიზეზის პოვნა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშობლის მხრიდან?
კონფლიქტის მიზეზის პოვნა ამ კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ ბავშვები ვერ თანხმდებიან რომელ სატელევიზიო პროგრამას უყურონ და ამის გამო ჩხუბობენ, უმჯობესი იქნება თუ მშობელი საერთოდ გამორთავს ტელევიზორს, ზედმეტი განხილვის გარეშე, სანამ ბავშვები არ შეთანხმდებიან („ ვხედავ, რომ ვერ თანხმდებით რას უყუროთ, ამიტომ საერთოდ ვთიშავ ტელევიზორს და გამაგებინეთ, როცა მოილაპარაკებთ“).
ცხადია, მშობელი უნდა ეცადოს, რომ იყოს სამართლიანი და არ დაიჭიროს რომელიმე ბავშვის მხარე, რადგან ეს კიდევ უფრო გაამწვავებს მათ შორის დაძაბულობას. იმ შემთხვევაშიც, კი როდესაც მშობელმა იცის ვისი მიზეზით დაიწყო კამათი, უმჯობესი იქნება თუ მოერიდება დამნაშავის იარლიყის მიკერებას.
კონფლიქტების დროს ხშირად და-ძმებიდან უფროსი ისჯება. რატომ არის არასწორი მსგავსი მიდგომა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშობლის მიერ რომელიმე ბავშვის მხარის დაჭერა და მეორის დადანაშაულება კიდევ უფრო ამწვავებს ბავშვებს შორის კონფლიქტს და ეჭვიანობას. უფროს შვილს აუცილებლად გაუჩნდება უსამართლობის განცდა და პროტესტი, თუ ხედავს, რომ მხოლოდ მისი ასაკის გამო ისჯება. ასევე გამძაფრდება მისი ნეგატიური გრძნობები უმცროსის მიმართ.
როგორი უნდა იყოს ასეთ დროს მშობლის სწორი რეაქცია?
და-ძმებს შორის ეჭვიანობის და კონკურენციის თავიდან ასარიდებლად ეცადეთ, რომ თითოეულ მათგანთან ერთი ერთზე გაატაროთ დრო, თუნდაც დღეში ათი წუთის მანძილზე. ერთმანეთთან შედარების ნაცვლად კი ხაზი გაუსვათ მათ უნიკალურ მახასიათებლებს და ძლიერ მხარეებს.
არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს. შვილების ერთმანეთთან შედარება როგორც წესი არ ახდენს უკეთესი ქცევის წახალისებას და პირიქითაც, უფრო ამწვავებს შურს და ეჭვიანობას. შედარების ნაცვლად, კომენტარი გააკეთეთ მხოლოდ იმ ქცევაზე, რომელიც მიუღებელია თქვენთვის. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „რატომ არ შეგიძლია შენი ძმასავით მოწესრიგებული იყო?“, უთხარით: „არ მომწონს შენი ქურთუკი ძირს რომ გდია, კარგი იქნება, თუ თავის ადგილს მიუჩენ“.
არ აიძულოთ ბავშვები, რომ ერთმანეთს ბოდიში მოუხადონ ან ერთად ითამაშონ, რადგან ძალდატანება უფრო ამძაფრებს ნეგატიურ ემოციებს. ამის სანაცვლოდ თუ დაეხმარებით მას, რომ მოვლენები საკუთარი ძმის ან დის პოზიციიდან დაინახოს, დროთა განმავლობაში ის გახდება უფრო ემპათიური.
ხშირად, როდესაც ბავშვი წუწუნებს საკუთარ დაზე ან ძმაზე, მშობელი ცდილობს, რომ გადაარწმუნოს, ეუბნება, რომ არ უნდა იყოს გაბრაზებული საკუთარ დედმამიშვილზე. ამის ნაცვლად, უმჯობესი იქნება თუ დაანახებთ, რომ გესმით მისი გაბრაზება ან იმედგაცრუება და მისცემთ საშუალებას, რომ გამოხატოს ემოციები, ეს მას დაეხმარება უკეთ იგრძნოს თავი და შეიძლება უკეთესადაც მოექცეს და-ძმას.
როგორ განვმუხტოთ კონფლიქტი მშობლებმა და რა იქნება თქვენი რჩევა კონფლიქტური სიტუაციების გამწვავების თავიდან ასარიდებლად?
და-ძმებს შორის პერიოდული კინკლაობა და უთანხმოება სავსებით ნორმალურია და უმჯობესი იქნება, თუ მშობელი დააიგნორებს და არ ჩაერევა მათ მსუბუქ წაკამათებებში. ამგვარად ისინი ისწავლიან უთანხმოებების დამოუკიდებლად მოგვარებას და გამოიმუშავებენ კონფლიქტის გადაჭრისთვის საჭირო უნარებს. მშობელი უნდა ჩაერიოს შვილების კონფლიქტში იმ შემთხვევებში, თუ ერთსა და იმავე საკითხზე კამათი მეორდება ხშირად და ბავშვები ვერ პოულობენ გამოსავალს დამოუკიდებლად ან თუ ჩხუბი არის სერიოზული და შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ან ემოციური ზიანი.
როდესაც შეატყობთ, რომ ბავშვების ემოციები საკმაოდ ინტენსიურია, ვერბალური ან ფიზიკური აგრესიის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: პირველ რიგში ხმამაღლა აღწერეთ სიტუაცია, რომელსაც ხედავთ (მაგალითად: მე ვხედავ, რომ ორივე ძალიან ხართ გაბრაზებული და შეიძლება ერთმანეთს რამე დაუშავოთ), შემდეგ გააცალკევეთ ბავშვები, გაუშვით სხვადასხვა ოთახში, იმის განხილვის გარეშე, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი და ვისი ბრალია. მიეცით ცოტა დრო, რომ დაწყნარდნენ, მოისმინეთ ორივე მათგანის თვალსაზრისი და მიეცით საშუალება, რომ გამოხატონ ემოციები. საბოლოოდ, მხოლოდ მას შემდეგ რაც ბავშვები დაწყნარდებიან, ერთად მოიფიქრეთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხშირად ბავშვები ახდენენ მათი მშობლების ქცევის იმიტირებას, ამიტომაც მშობლები უნდა ეცადონ, რომ საკუთარი კონფლიქტები მოაგვარონ კონსტრუქციული გზით.