პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქარელი.
რისი გაკეთება შეგვიძლია დეპრესიაში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად?
ცნობიერების ამაღლება და თვითდაკვირვება
სამყაროში, რომელშიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა ჯერ კიდევ არსებობს, მნიშვნელოვანია მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. მხოლოდ სიმპტომებზე დაკვირვება და დროული ჩარევა ვერ იქნება საკმარისი ბავშვისა და მოზარდის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მშობელი უნდა ესაუბროს ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და დაუსაბუთოს მისი მნიშვნელოვნება. საგულისხმოა სიმპტომების ნორმალიზება, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ახსნას, რომ მხოლოდ მის თავს არ ხდება ასეთი რამ და მსოფლიოში სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი დგას მსგავსი პრობლემების წინაშე.
მხოლოდ კონკრეტული რეკომენდაციების მიღება, თუნდაც რამდენიმე ფსიქოლოგისგან, ვერ იქნება საკმარისი ბავშვის დასახმარებლად, რადგან ყოველი შემთხვევა განსაკუთრებულია და ყოველი ოჯახი განსხვავებული, თავისი ისტორიითა და მოქმედი პირებით. პირველ რიგში, აუცილებელია, მშობელი ან მზრუნველი პირი, მოტივირებული იყოს, გათვითცნობიერდეს, ფლობდეს ინფორმაციას ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს არა მხოლოდ ბავშვის, არამედ თვითდახმარებისთვისაც გადამწყვეტი ფაქტორია. ზოგჯერ მშობელი თავად დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე და უჭირს ამის აღიარება ან ვერ ხვდება, რატომ გრძნობს თავს შეუძლოდ, სევდიანად, რატომ ღიზიანდება მარტივად ან განიცდის სიამოვნების მიღებისა და მოტივაციის ნაკლებობას და ა.შ. სანდო წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, ლიტერატურის გაცნობა, საკუთარ თავზე დაკვირვება და რეკომენდაციების მიღება კომპეტენტური პირებისგან, ეხმარება მშობელს, არ იქცეს საკუთარი თავის ან შვილის პასიურ დამკვირვებლად.
მაგალითის მიცემა და გაზიარება
ადრეულ ასაკში, მშობელს, როგორც მთავარ როლურ მოდელს, შეუძლია აჩვენოს ბავშვს სტრესულ მოვლენებთან გამკლავების კონსტრუქციული გზები საკუთარი მაგალითით. მშობელს უნდა სჯეროდეს შვილის შესაძლებლობების და აჩვენოს მას, რამდენად ენდობა და როგორ უპირობოდ უყვარს ის.
ბავშვს ემოციების გამოხატვასა და გაზიარებაში შეიძლება დაეხმაროს მშობლის მხრიდან საკუთარი ისტორიებისა და განცდების გაზიარებაც. ემპათია და იმის აღმოჩენა, რომ უფროსები ყოვლისშემძლეები და უნაკლონი არ არიან, ბავშვს აახლოებს მშობელთან და უადვილებს მას საკუთარი შეცდომების შესახებ საუბარს.
მოსმენა და პატივისცემა
მშობელს გულწრფელი სურვილი უნდა ჰქონდეს, მოუსმინოს შვილს, გამოიჩინოს თანაგრძნობა, ინტერესი თუნდაც წვრილმანების მიმართ, რომლებსაც ბავშვი მნიშვნელობას ანიჭებს.
ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი მუდამ ახლოს არის და მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს მას. მხარდაჭერის იმედი და ოჯახში დაცულობისა და სიმყარის შეგრძნება სირთულეებთან გამკლავების პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობელმა პატივი სცეს შვილის პირად სივრცეს, მისთვის სასიამოვნო აქტივობებისთვის დრო გამოყოს, ენდოს ბავშვის შესაძლებლობებს, დააკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობები (მაგალითად, სასკოლო ჩანთის ჩალაგება, საწერი მაგიდის მოწესრიგება…). თუმცა, მუდამ მზად იყოს დასახმარებლად. მოზარდობის ასაკში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მშობელი პატივისცემით მოეკიდოს მოზარდის ინტერესებს, მის არჩევანს, თუ როგორ გაანაწილებს დროს, როგორ სოციალურ წრეს შეიქმნის, როგორი ჰობი ექნება და ა.შ. ეს ცხადია, არ ნიშნავს, მშობლის პასიურ როლში გადასვლას, პირიქით – გადამწყვეტია, რომ ის ყოველთვის იდგეს შვილის საჭიროებების სადარაჯოზე. სხვა სიტყვებით, ეს თითქოს ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს – თუ გადააჭარბებს და ზედმეტად ჩაერევა, კავშირი შეიძლება სამუდამოდ გაწყდეს, მაგრამ სიფრთხილითა და სიყვარულით მოქმედება, შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების წინაპირობაა მაშინაც კი, როდესაც ეს შეუძლებლად გვეჩვენება.