ახალი კორონავირუსი თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო და ძალიან სწრაფად ვრცელდება. ის გადადის ადამიანიდან ადამიანზე. თქვენ შეიძლება გადაგედოთ COVID-19, თუ დაინფიცირებულ ადამიანთან ახლოს იმყოფებით. ვირუსი გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, – როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს, წვეთები შეიძლება მოხვდეს მის ახლოს მყოფი ადამიანების ცხვირში, პირის ღრუში ან ჩასუნთქვის შემდეგ – ფილტვებში.
ახალი კორონავირუსი გადადის დავირუსებული ზედაპირიდან ან საგნიდან. თქვენ შეიძლება გადაგედოთ COVID-19, თუ შეეხებით ინფექციური წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირს ან საგანს და შემდეგ საკუთარ პირის ღრუს, ცხვირს ან თვალებს. ამიტომ ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დაიწყოთ ბავშვების ნივთების დეზინფექცია, თუ ამას აქამდე არ აკეთებდით.
როგორ გავწმინდოთ სათამაშოები?
პლასტმასის სათამაშოების გარეცხვა იოლია: მხოლოდ საპონი და თბილი წყალი საკმარისია. შეგიძლიათ აგრეთვე უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება. თუ მათ ელემენტები არ აქვთ, შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაც.
პლუშის სათამაშოების გარეცხვის წინ წაიკითხეთ იარლიყზე მითითებული ინფორმაცია და გარეცხეთ შესაბამისად. როგორც წესი, შეიძლება მათი გარეცხვა სარეცხ მანქანაში მსუბუქი რეცხვის რეჟიმზე და შემდეგ საშრობ მანქანაში გაშრობა. ასევე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას უწევს რაც შეიძლება თბილი წყლით გარეცხვას.
როგორ გავწმინდოთ ბავშვის ნივთების ქსოვილის ნაწილები?
თქვენ შეგიძლიათ მოხსნათ მანქანის სავარძლის, ბაუნსერის ან ეტლის ქსოვილის ნაწილები და გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.
როგორ გავწმინდოთ ბავშვის ნივთების პლასტმასის ნაწილები?
ბავშვის ნივთების პლასტმასის ნაწილები გარეცხეთ თბილი წყლითა და საპნით ან გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარითა და ხელსახოცით.
როგორ გავწმინდოთ ბავშვის ჭურჭელი, ღრძილების მასაჟორები, მატყუარა საწოვარები და რძის გამოსაწველი აპარატი (თუ მეძუძური დედა ხართ)?
ჭურჭელი, ღრძილების მასაჟორები, მატყუარა საწოვარები და რძის გამოსაწველი აპარატი შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან უბრალოდ, თბილი წყლითა და საპნით. დამატებითი დაცვისთვის, შეგიძლიათ გამოხარშოთ ან ბოთლის სტერილიზატორით ისარგებლოთ (ამის გაკეთებამდე წაიკითხეთ ნივთის ინსტრუქცია).
როგორ გავწმინდოთ საბავშვო ეტლი?
ეტლის სახელურები შეიძლება ძალიან ბევრ მიკრობს შეიცავდეს, ამიტომ კარგად გაწმინდეთ სადეზინფექციო ხელსახოცებით ან სადეზინფექციო ხსნარისა და ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებით.
როგორ გავწმინდოთ ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული?
ზოგიერთი მშობელი ბავშვის ტანსაცმელს საოჯახო სარეცხისგან ცალკე რეცხავს, რაც აუცილებელი არ არის. მის გასასუფთავებლად სარეცხ მანქანაში გარეცხვა საკმარისია. რაც შეეხება თეთრეულს, ის შეიძლება დაბინძურდეს ბავშვის განავლით ან შარდით, ამიტომ საჭიროა თბილ ან ცხელ წყალში რეცხვა.
როგორ გავწმინდოთ იატაკი?
იატაკის სისუფთავის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვი ხოხავს ან მასზე დიდ დროს ატარებს. იმისათვის, რომ მტვრისგან და ჭუჭყისგან დაიცვათ თქვენი პატარა და მისი სათამაშოები, ექსპერტების რეკომენდაციით, ყოველ დღე უნდა გაწმინდოთ მისი სათამაშო გარემო გაზავებული მათეთრებლით ან სადეზინფექციო ხსნარით.
ზემოხსენებული ნივთები 3 დღეში ერთხელ გაასუფთავეთ, ხოლო თუ რამე თვალსაჩინოდ ბინძურია, მნიშვნელოვანია, რომ მალევე გაიწმინდოს.
წყარო: www.whattoexpect.com