Skip to content Skip to sidebar Skip to footer

განშორების შფოთვა განსხვავებულად ვლინდება ბავშვებში. ზოგი ჩვილი ისტერიკულად ტირის, როცა დედას ვერ ხედავს, თუმცა ეს ცოტა ხანს გრძელდება. ზოგიერთს კი ეს შფოთვა უგრძელდება სკოლამდელ ასაკშიც.

განშორების შფოთვა ჩვილებში

განშორების შფოთვა ჩვილებში ვითარდება მას შემდეგ, რაც ისინი აღმოაჩენენ ობიექტის მუდმივობას. ზოგიერთი დაახლოებით 4-5 თვიდან აღწევს ამ უნარს, უმრავლესობა კი 9 თვიდან.   ამ დროს ბავშვი ხვდება, რომ დედა (ან მასზე მზრუნველი ადამიანი) მაშინაც განაგრძობს არსებობას, როცა მის თვალს მიეფარება. ამას ტირილით და ხშირად გაღვიძებით აპროტესტებს. განშორება უფრო რთული ხდება, როცა ჩვილი მშიერია, დაღლილია ან ავადაა.

განშორების შფოთვა ახლად ფეხადგმულებში

ზოგიერთი ბავშვი 15-18 თვის ასაკშიც ავლენს განშორების შფოთვის სიმპტომებს. თან უფრო ხმამაღლა და ბევრი ცრემლით, რის გამოც მათი დამშვიდება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ჩვილების. ამ ასაკშიც განშორება უფრო რთულია, თუ ბავშვს რამე აწუხებს.

განშორების შფოთვა სკოლამდელ ასაკში

დაახლოებით 3 წლის ასაკისთვის ბავშვებმა ზუსტად იციან, როგორი რეაქცია გექნებათ მათ შფოთვაზე და „არ დამტოვო“ მოთხოვნაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სტრესს არ განიცდიან, მაგრამ ამავდროულად, იბრძვიან ცვლილებებისთვის. იყავით თანმიმდევრული. არ დაბრუნდეთ ოთახში მათი ცრემლების მიუხედავად და არ გადადოთ გეგმები განშორების შფოთვის გამო. დროთა განმავლობაში, ისინი მიხვდებიან, რომ მართალია მიდიხართ, მაგრამ უკან ბრუნდებით.

როგორ გავუმკლავდეთ განშორების შფოთვას?

მოიფიქრეთ სწრაფი დამშვიდობების რიტუალები. რაც უფრო ხანგრძლივი იქნება დამშვიდობების რიტუალი, მით უფრო მოსალოდნელია შფოთვის გამძაფრება. ამიტომ, დაუქნიეთ ხელი, გაუგზავნეთ ჰაეროვანი კოცნა ან ჩაეხუტეთ და გადით ოთახიდან.

იყავით თანმიმდევრული. რუტინამ შეიძლება შეამციროს თქვენი ბავშვის გულისტკივილი და საშუალებას მისცეს მას ერთდროულად ენდოს დედასაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც.

ყურადღება. განშორებისას დაუთმეთ თქვენს შვილს სრული ყურადღება, იყავით მოსიყვარულე და აგრძნობინეთ სიყვარული. შემდეგ დაემშვიდობეთ სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იტიროს.

შეასრულეთ დანაპირები. როდესაც თქვენ დაპირებულ დროს დაბრუნდებით, თქვენი ბავშვის ნდობა გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადრე არ დაბრუნდეთ, რადგან ამან შეიძლება ეჭვები გაუჩინოს, რომ თავი ვერ გაართვა თქვენ გარეშე ყოფნას.

ივარჯიშეთ განშორებაში. გადით სახლიდან, თუნდაც მაღაზიაში რამდენიმე წუთით. დატოვეთ ბავშვი ბებიასთან რამდენიმე საათით. დაიწყეთ ცოტა ხნით და გაზარდეთ დრო.

არ გაეპაროთ. ყოველთვის დაემშვიდობეთ წასვლის წინ.

იშვიათია, რომ განშორების შფოთვა ყოველდღიურად გაგრძელდეს სკოლამდელი ასაკის შემდეგ. თუ შეშფოთებული ხართ იმით, რომ თქვენი ბავშვი ვერ  ეგუება თქვენ  გარეშე ყოფნას, გაესაუბრეთ პედიატრს ამის შესახებ.

აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი პოსტი “ჭიტას” თამაშზე.

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5