ახალბედა მშობლები ღელავენ, როცა მათი ჩვილი ხელს ან ფეხს აკანკალებს. სინამდვილეში კი, ეს კანკალი უმეტეს შემთხვევაში ნორმალურია და ბავშვის ზრდასთან ერთად გაივლის. ამასთანავე, ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვებიც და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ განსხვავება ნორმასა და სერიოზულ სამედიცინო მდგომარეობას შორის. ქვემოთ ჩამოთვლილია, ჩვილების კანკალის რამდენიმე შესაძლო მიზეზი:
ნატიფი მოტორული უნარები
ახალშობილობის პერიოდში (დაბადებიდან 28 დღემდე) თავისა და კიდურების გატოკებით პატარა ემზადება თავის წამოსაწევად. უფრო დიდ ასაკში კი მაჯისა და თითების კანკალი შეიძლება იყოს ნატიფი მოტორიკის განვითარების ნაწილი.
უმწიფარი ნერვული სისტემა
ახალშობილებში, ის გზები, რომელთა მეშვეობითაც ტვინი სიგნალს უგზავნის სხეულის დანარჩენ ნაწილებს, ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული. ეს კი იწვევს უნებლიე მოძრაობებს.
მოროს რეფლექსი
ეს არის უნებლიე, დამცავი რეფლექსი, რომელიც იწვევს ჩვილების შეკრთომას, ხელებისა და ფეხების უეცარ გაშლას და ისევ საწყის პოზიციაში დაბრუნებას. როგორც წესი, ის გაივლის 3-6 თვის ასაკისთვის.
ზედმეტი კოფეინი დედის რძეში
თუ მეძუძური დედა ხართ და სვამთ კოფეინის შემცველ ბევრ სასმელს, შესაძლებელია, ეს იწვევდეს ბავშვის გაკანკალებასა და გაღიზიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა კოფეინი პრობლემა არ არის (დაახლოებით 300 მგ დღეში ნებადართულია), დიდი რაოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და პრობლემები შეუქმნას ბავშვს.
ჩაძინება ან გაღვიძება
შესაძლებელია ბავშვს გააკანკალოს, როცა იძინებს ან იღვიძებს (ღამის მიოკლონუსი). გარე სტიმულებმა, როგორიცაა ხმაური, მოძრაობა ან სინათლე, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეს მოძრაობები.
მოშარდვა
ჩვილები ხშირად კანკალებენ მოშარდვის დროს. ეს უცნაური ფენომენი ზოგ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკშიც გვხვდება.
შიმშილი
მხრებისა და ფეხების კანკალი ტირილთან ერთად შესაძლოა შიმშილის გვიანი ნიშანი იყოს. ასევე, სისხლის შაქრის დონის დაცემა იწვევს კანკალს.
კრუნჩხვის ნიშნები
- მოძრაობები და ქცევები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი იმავე ასაკის ბავშვებისთვის.
- განმეორებადი ეპიზოდები, რომლებიც მსგავსია მახასიათებლებით და ხანგრძლივობით.
- ეპიზოდი არ არის გამოწვეული პოზის ან აქტივობის ცვლილებით.
- შესამჩნევი ცვლილებები ბავშვის სახის გამომეტყველებაში, სუნთქვის სიხშირესა და გულისცემაში.
- მოძრაობები, რომლებიც ვრცელდება სხეულის ერთ მხარეს ან სიმეტრიულად.
- კანკალის შეჩერება შეუძლებელია. თუ ხელს მოკიდებთ სხეულის მოკანკალე ნაწილს და არ გაჩერდება კანკალი, შესაძლოა ეს იყოს კრუნჩხვები.
წყარო: www.whattoexpect.com