პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა მალანია.
როგორც წესი, ადამიანისთვის ყველაზე სანდო, უსაფრთხო ადგილი არის სახლი. სხეულის გაგრძელებაა სახლი, სადაც ადამიანი თავს მყუდროდ, უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. ბავშვისთვის პირველი სამყარო, საცხოვრისი არის დედის პლაცენტა. ბავშვის ქცევაზე, ხასიათზე, ცხოვრებაზე ოჯახის წევრების გავლენა და მათი როლი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ამ დროს დედასა და პატარას, საერთო ემოციური განცდები აქვთ, რადგან მათი სისხლის მიმოქცევის სისტემა ერთიანია, შესაბამისად ხდება ფსიქოემოციური ფონის დედიდან ბავშვზე გადაცემა. ეს ერთიანობის განცდა არ წყდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. ოჯახში კონფლიქტი არა მარტო ადრეულ, შუა და გვიანდელი ბავშვობის ასაკზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას, არამედ ჯერ კიდევ პრენატალურ პერიოდში ბავშვის განვითარებაზე. პლაცენტაში შედის დაბალი სიხშირის ბგერები, დედის ემოციური ფონი სრულად გადადის ჩვილზე, ეს კი გამშვები მექანიზმია, რომ გარემო, რომელშიც უნდა დაიბადოს პატარა, არ არის სანდო, ქაოსურია. უფროსებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა ბავშვის ზოგად განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. ადამიანის ხასიათის შტრიხები, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიჰყვება, 4 წლამდე ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ნებელობა, რომ ბავშვმა და შემდგომში ზრდასრულმა მიზანმიმართულად მართოს საკუთარი მოქმედება. ამ პროცესში კონფლიქტი, ზედმეტი სიმკაცრე ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქმება. ადეკვატური, მშვიდი გარემო ბავშვს ეხმარება ემოციურად ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. პარალელი რომ გავავლოთ ერიკსონის ნდობა-უნდობლობის სტადიასთან, თბილი, ყურადღებიანი ზრუნვა ჩვილს სამყაროს მიმართ ნდობასა და რწმენას უყალიბებს, ხოლო კონფლიქტური ოჯახური გარემო — უნდობლობას სამყაროსადმი. ბავშვის განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლის განწყობაზე და ხასიათზე. ოჯახის წევრების ურთიერთობა ბავშვისთვის მაგალითია, ბავშვი სწორედ ოჯახის წევრებზე დაკვირვებით სწავლობს ურთიერთობებს, თუ კონფლიქტური გარემოა, ბავშვის კომუნიკაცია სხვებთან იქნება აგრესიული (ფიზიკური, ფსიქოლოგიური). ასევე, ბავშვი სწავლობს, რომ თუ პრობლემაა, ის უნდა გადავიდეს აგრესიაზე, ვინაიდან ეს აქვს ნანახი თავის ოჯახში.
კვლევებით დასტურდება, რომ გარკვეული ფსიქიატრიული მდგომარეობები, რომლის მიმართაც ბავშვს გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს, შესაძლოა არ გამოვლინდეს თბილ, ზრუნვით სავსე ოჯახურ, სოციალურ გარემოში და პირიქით ოჯახში კონფლიქტმა, არასანდო გარემომ შესაძლოა ხელი შეუწყოს გარკვეული დიაგნოზების გამოვლენას. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ძალიან რთულია ფართოდ ისაუბრო იმაზე, თუ კონკრეტულ ადამიანში რას გამოიწვევს ოჯახური კონფლიქტური სიტუაციები. თუ განვიხილავთ სოციალური განვითარების თეორიის პერსპექტივიდან, გარემო, სადაც კონფლიქტია და არ კმაყოფილდება ბავშვის მოთხოვნილებები, ბავშვს სამყაროსადმი უნდობლობა უჩნდება, ის ვერ პოულობს თავის ადგილს და მისი ცხოვრება არის სტრესორებით სავსე, რის შედეგადაც მას არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ფიზიკური პრობლემები უჩნდება. გარკვეული მატრავმირებელი შინაარსები, რომელიც ბავშვს არ აქვს გაცნობიერებული, შესაძლოა საფუძვლად დაედოს სომატურ ჩივილებს, რომლებსაც არანაირი ორგანული მიზეზი არ აქვს და წმინდად ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული. ოჯახური კონფლიქტი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ადამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური არსება, სოციალურ ფაქტორებში უნდა განვიხილოთ ოჯახი, მთავარი სოციალური აგენტები კი მშობლები არიან, მათ შორის კონფლიქტი კი ბავშვის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ზრდასრულ ასაკში ფორსმაჟორში, როცა მაღალია ემოციური ფონი, რაციონალური აზროვნებისთვის ადგილი არ რჩება, ამიტომ ადამიანი ზუსტად იმ ქცევას იმეორებს, რაც ნანახი და დასწავლილი აქვს მშობლისგან. თუ კონფლიქტურ ოჯახურ გარემოშია ადამიანი აღზრდილ-გაზრდილი, მაღალია ალბათობა იმისა, რომ მისთვისაც კომუნიკაციის სტილი, პრობლემის გადაჭრის გზა კონფლიქტი იქნება. კონფლიქტი არასდროს არის გამოსავალი, არამედ, პირიქით, ეს მეტ პრობლემას ქმნის, ართულებს ურთიერთობებს და ადამიანს რჩება წყენა, ეს კი წარმოადგენს დიდ სტრესს, რამაც სავალალო შედეგები შესაძლოა მოიტანოს. კონფლიქტის დროს ადამიანი აღიქვამს საფრთხეს, რის შედეგადაც მწყობრში მოდის სიმპატიკური ნერვული სისტემა (სისხლში მატულობს ადრენალინის დონე, სუნთქვა ხშირდება, პულსაცია ჩქარდება და ა.შ.) გამუდმებით ამ რეჟიმში ორგანიზმის ყოფნა არის დამაზიანებელი არა მარტო ფსიქიკისთვის, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც.
რას გრძნობენ ბავშვები ამ დროს?
ყველა ბავშვის შეგრძნება ამ დროს ინდივიდუალურია. ყველაზე ხშირად ბავშვები გრძნობენ შიშის ემოციას. ემოცია კი არის მთლიანი, ის მოიცავს აზროვნებას, ყურადღებას, მეხსიერებას. მაღალი ემოციური ფონის დროს კი რაციონალური აზროვნების ადგილი არ რჩება, შესაბამისად ეს ხელის შემშლელი იქნება ბავშვის, აზროვნებისა და ყურადღების ფოკუსთან მიმართებაში. ამ დროს ბავშვი ვერ ფიქრობს სხვა რაღაცებზე, გარდა იმ ოჯახური ფონისა, რა ფონიც კონფლიქტის დროს არის, შესაბამისად ბავშვი ვერ კონცენტრირდება აკადემიურ საქმიანობაზე. ბავშვი ჯერ კიდევ პლაცენტაში ყოფნის დროს გრძნობს იმ ოჯახურ ფონს, რომელიც კონკრეტულ მომენტშია, თუ პლაცენტაში დაბალი სიხშირის, ყურისთვის არასასიამოვნო ჟღერადობის ბგერები შედის, ეს უკვე ბავშვისთვის სიმშვიდის დამრღვევია, ასევე, უკვე ვახსენე, რომ დედის ფსიქოემოციური მდგომარეობა პირდაპირ გადადის ბავშვზე. ბავშვი ყოველთვის გრძნობს და ერთმანეთისგან ასხვავებს მშვიდ საუბარს და ყვირილს, ხმის ტემბრს, ინტონაციას, სხეულის ენას. ის თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ოჯახურმა კონფლიქტმა ბავშვზე, მეტად ინდივიდუალურია, თუმცა ფართოდ თუ განვიხილავთ, ეს უნდობლობას უჩენს ბავშვს, ასევე მუდმივად შიშისა და აგრესიის ემოცია, ბავშვში იწვევს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ პრობლემებს.