Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კორონავირუსები ვირუსების დიდი ოჯახია, რომელიც გავრცელებულია ადამიანებსა და ცხოველთა მრავალფეროვან სახეობებში, მაგალითად აქლემებში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, კატებსა და ღამურებში.  იშვიათად, დაინფიცირებულმა ცხოველმა შეიძლება გადასდოს ადამიანს ეს ვირუსი და შემდეგ გავრცელდეს ადამიანებს შორის, როგორც ეს მოხდა 2003 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV) და 2012 წელს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (MERS-CoV) და ახლანდელ კორონავირუს 2019-ის (COVID-19) შემთხვევებში.

კორონავირუსი 2019 ადამიანიდან ადამიანზე პირველად ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში გადავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 1-ლი მარტის  მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის 88,310  შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გარდაიცვალა 3,001 და განიკურნა 42,728 ადამიანი.

კორონავირუსის გადაცემის გზები:

  • ადამიანიდან ადამიანზე. თქვენ შეიძლება გადაგედოთ COVID-19, თუ დაინფიცირებულ ადამიანთან დაახლოებით 2 მეტრით ახლოს ხართ. ვირუსი გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, – როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს, წვეთები შეიძლება მოხვდეს მის ახლოს მყოფი ადამიანების ცხვირში, პირის ღრუში ან ჩასუნთქვის შემდეგ – ფილტვებში.
  • დავირუსებული ზედაპირიდან ან საგნიდან. თქვენ შეიძლება გადაგედოთ COVID-19, თუ შეეხებით ინფექციური წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირს ან საგანს და შემდეგ საკუთარ პირის ღრუს, ცხვირს ან თვალებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს არ არის ვირუსის გადაცემის მთავარი გზა.

კორონავირუსის სიმპტომები:

  • ტემპერატურის მომატება.
  • ხველა.
  • სუნთქვის გაძნელება.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე ბავშვებში კორონავირუს 2019-ის გავრცელებასა და პრევენციასთან დაკავშირებით:

– არიან თუ არა ბავშვები უფრო მგრძნობიარე კორონავირუს 2019-ის (COVID-19)  მიმართ ზოგად პოპულაციასთან შედარებით და როგორ შეიძლება ვირუსისგან თავის არიდება?

არა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან. სინამდვილეში, ჩინეთიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუს 2019-ის დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა მოზრდილებში გვხვდება. დაფიქსირდა ინფექცია ბავშვებშიც, მათ შორის ძალიან მცირე ასაკშიც. მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (MERS-CoV) შემთხვევებში ბავშვებში ინფექცია შედარებით იშვიათი იყო.

COVID-19  ადამიანიდან ადამიანზე პირველად ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში გადავიდა. ბავშვებისთვის პროფილაქტიკური ზომები იგივეა, რაც სხვა ინფექციების დროს. მაგალითად,

  • ხელების ხშირი დაბანა საპნით.
  • თუ წყალი ან საპონი ხელმისაწვდომი არ არის, ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების ხმარება.
  • ავადმყოფებისგან თავის არიდება.
  • ვაქცინაცია გრიპზე ვაქცინის ჩათვლით. 

-განსხვავდება თუ არა COVID-19- ის კლინიკური გამოვლინება ბავშვებში უფროსებთან შედარებით?

ჩინეთიდან მოწოდებული ცნობებით, კორონავირუს 2019-ით დაავადებულ ბავშვებში გვხვდება შემდეგი გაციების მსგავსი სიმპტომები:

  • ტემპერატურის მომატება.
  • სურდო.
  • ხველა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები (ფაღარათი და ღებინება) აღენიშნა მხოლოდ ერთ ბავშვს. დადასტურებული კორონავირუსის მქონე ბავშვების უმრავლესობას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. 

აქვთ თუ არა ბავშვებს ზრდასრულებთან შედარებით კორონავირუსი 2019-ით დაავადებისა და სიკვდილიანობის მომეტებული რისკი?

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში ვირუსი როგორც წესი მსუბუქად მიმდინარეობს, სხვა რესპირატორული დაავადების მსგავსად, ზოგიერთი კატეგორიის ბავშვებს შეიძლება მძიმე ინფექციის მომეტებული რისკი ჰქონდეთ, როგორიცაა მაგ. ბავშვები ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობით.

-რა საშულებებით მკურნალობენ COVID-19-ით დაავადებულ ბავშვებს?

ჯერჯერობით არ არსებობს ანტივირუსული საშუალება COVID-19-სთვის. ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა დაიცვან რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკის წესები.

წყარო: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/specific-groups/children-faq.html

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5