Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მადის დაქვეითება ცხელ ამინდში იშვიათი არაა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

როგორც მშობელი, თქვენ ალბათ შეშფოთებული ხართ იმით, რომ თქვენი პატარა არ ჭამს საკმარისად და ღელავთ იმაზე, ეყოფა თუ არა ცოტაოდენი საჭმლისგან მიღებული ვიტამინები და საკვები ნივთიერებები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნორმალურია ბავშვის მადა შეიცვალოს ერთი კვებიდან მეორემდე. იქნება დღეები, როცა თქვენი შვილი კარგად შეჭამს და დღეები, როცა გამოტოვებს კვებას.

ეცადეთ, ძალიან არ იღელვოთ, თუ პატარა ერთი დღით უარს იტყვის ჭამაზე. უფრო მნიშვნელოვანია საკვების რაოდენობა და ხარისხი, რომელსაც ის ერთი კვირის განმავლობაში შეჭამს. სანამ თქვენს პატარას სთავაზობთ მრავალფეროვან, ჯანსაღ კვებას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაეხმარება პატარას სიცხესთან გამკლავებაში და ამავდროულად, წაახალისებს ჭამისკენ.

გააგრილეთ ბავშვი

სიცხის დროს ბავშვი შეიძლება უფრო გაღიზიანებული იყოს და არ ესიამოვნოს ჭამა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, იზრუნეთ მის გაგრილებაზე. გამოიყენეთ კონდიოციონერი და სხვა გამაგრილებელი საშუალებები. ჩააცვით ბამბის ქსოვილის, ნათელი ფერის ტანსაცმელი.

მიეცით საკმარისი რაოდენობის სითხე

6 თვემდე ბავშვისთვის ცხელ ამინდშიც კი საკმარისია დედის რძე/ფორმულა.  6 თვიდან მყარ კვებასთან ერთად დაუმატეთ წყალი, 1 წლიდან შეგიძლიათ ძროხის რძის დამატება, ხოლო 1-2 წლიდან ხილის წვენების.

გაითვალისწინეთ, რომ არ მიიღოს ზედმეტი სითხე, რათა არ დაკარგოს ჭამის მადა.

შეცვალეთ ბავშვის მენიუ

საჭმელი შესთავაზეთ მცირე ულუფებით და ხშირად. არასდროს დააძალოთ და დააკვირდით, შიმშილისა და დანაყრების ნიშნებს. თუ ის აღარ აღებს პირს, ტრიალდება ან იწყებს საჭმლით თამაშს, შესაძლებელია, რომ ის უკვე დანაყრებულია.

შესთავაზეთ იოლად გადასამუშავებელი და მსუბუქი საჭმელები. შაქრიანი, მარილიანი ან შემწვარი პროდუქტების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ და სასარგებლო წასახემსებლებს, მაგალითად ბოსტნეულის ჩხირები, მაწონი, ხილი და ა.შ. სახლში მომზადებული ხილის პიურე შეგიძლიათ გაყინოთ და მიიღებთ გემრიელ და ვიტამინებით სავსე „ყინულის ლოლოებს“.

დატვირთეთ ფიზიკურად

მართალია, ცხელი ამინდი ძალებს გვართმევს, მაგრამ ფიზიკური აქტივობები საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვებს მადა შეუნარჩუნდეთ და უკეთ გაუმკლავდნენ სიცხეს.

თუ მიუხედავად თქვენი მცდელობებისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ პედიატრს, რათა გაარკვიოთ, ხომ არ არსებობს მადის დაქვეითების სხვა მიზეზი.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ბავშვს აქვს ღებინება;
  • ბავშვს აქვს ფაღარათი;
  • ბავშვს აქვს მომატებული ტემპერატურა;
  • ბავშვს აქვს გაუწყლოვნების ნიშნები;
  • ბავშვი შარდავს ნაკლებად.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5