Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.

არდადეგებზე მოსწავლეების მეცადინეობასთან დაკავშირებით ხშირად ორად იყოფა აზრი. მშობლების და მასწავლებლების ნაწილი თვლის, რომ ბავშვებმა არდადეგების პერიოდი ახალი თავგადასავლებისთვის და შემეცნებისთვის უნდა გამოიყენოს, მეორე ნაწილის აზრით კი,  კარგი იქნება თუ ამ დროს მოსწავლე ნაყოფიერად გამოიყენებს. როგორც სპეციალისტი რას გვეტყვით  და რას გვირჩევთ, როგორი უნდა იყოს ბავშვის ზაფხული, გაკვეთილებით თუ გაკვეთილების გარეშე?

არდადეგების პერიოდს ბავშვები დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით ელოდებიან. მათ წარმოსახვაში უამრავი იდეაა, რომელთა განხორციელებაც სწადიათ და სურთ ახალ თავგადასავალში მონაწილეობა, განსხვავებული გამოცდილების მიღება. როდესაც ბავშვის მოლოდინები სულ სხვა რაკურსითაა წარმართული და ის უფრო მეტად სიახლის ძიებას გულისხმობს, ვფიქრობ,  მეცადინეობის რუტინის გაგრძელება არასწორია და ამან შეიძლება აგრესიაც კი გამოიწვიოს მცირეწლოვნებში.

არსებობს შემეცნების ისეთი მიდგომა, რომელიც გულისხმობს თამაშით სწავლას. ეს პროცესი არის განსხვავებული – არ ვაიძულებთ ბავშვს დაჯდეს სამეცადინო მაგიდასთან და შეუდგეს კითხვასა და  წერას, არამედ ვთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს, რითაც გარკვეული საკითხების მიმართ მათ ყურადღებას გამოვიწვევთ. ასეთი დამოკიდებულებით რიგ მოვლენებზე ინტერესი გაუჩნდებათ, შემდგომ კი უნდა ვიზრუნოთ ამ ინტერესის გაღრმავებაზე. ამ შემთხვევაში მშობელი ცდილობს ბავშვს ირიბი გზებით ახალ-ახალი შემეცნებითი საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, რაც მოსწავლისთვის იქნება ერთგვარი მოტივაცია მოიძიოს ის რესურსები, რომელთა დახმარებითაც მიაგნებს მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს. აქ მშობელმა შესაძლოა შესთავაზოს მას შესაბამისი ლიტერატურა, სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, შესანიშნავია თუ ისინი ეწვევიან მუზეუმებს და უფრო თვალნათელი გახდება ბავშვისთვის ისტორიული მოვლენები და ეს თავისთავად წაახალისებს მას, რომ უფრო გაზარდოს თავისი ცოდნის არეალი. არდადეგების დროს მშობელსაც და შვილსაც უფრო მეტი დროითი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ თავიანთი ყოველდღიურობა მრავალფეროვანი გახადონ. გარდა ამისა ბავშვს უნდა დავეხმაროთ მოლოდინების ჩამოყალიბებაში. წინასწარ შეგვიძლია ვესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეგვეძლება დასვენების დღეებში, რა რესურსი გვექნება და ამის მიხედვით რისი დაგეგმვა შეგვიძლია. უმჯობესია ამ დაგეგმვის პროცესში თავად ჩავრთოთ, ჩვენთვის მეტად ნათელი გახდება თუ რა საჭიროება აქვს, რა არის მისი ინტერესის სფერო, რა მიმართულებით სურს განივითაროს უნარ-ჩვევები და შესაბამისად შევძლებთ უფრო მიზანმიმართულად  დავუჭიროთ მხარი მათ იდეებს. მნიშვნელოვანია უფროსის კრეატიულობა, რათა  სასიამოვნო გახდეს შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობები მოსწავლისათვის.

პანდემიამ მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა და სოციალიზაციის პრობლემები დაგვიტოვა. რას იტყვით ამაზე

პანდემიიდან გამომდინარე ბავშვები ხანგრძლივად იყვნენ ერთ სივრცეში ჩაკეტილნი და შეზღუდულნი. მათ შეზღუდული ჰქონდათ, როგორც ურთიერთობების, ასევე მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების მიღების წყაროც. დღევანდელი რეალობა და არდადეგების პერიოდი ნამდვილად გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ეს დანაკლისი შედარებით შევავსოთ და ჩავანაცვლოთ პოზიტიური მოვლენებით, სამახსოვრო თავგადასავლებით და თავისთავად აქ მოვიაზრებ შემეცნებითი, განვითარებაზე ორიენტირებული საკითხების აუცილებლობასაც. თუ ჩვენ ბავშვს, რომელსაც სულ სხვა მისწრაფებები აქვს, ვაიძულებთ დაჯდეს და დაიწყოს მეცადინეობა დიდი ალბათობით მხოლოდ მის ფრუსტრაციას (იმედგაცრუებას) გამოვიწვევთ. ბავშვი, როდესაც ფსიქიკურ და ფიზიკურ დაძაბულობას განიცდის, ვერ კონცენტრირდება საკითხებზე და ცხადია უჭირს გაამახვილოს ყურადღება დავალებებზე. ბრაზის ემოცია მათთვის ამის შესაძლებლობას არ იძლევა. შედეგად ემოციურად ზარალდება, როგორც დედა ასევე ბავშვი. როგორც წესი, ასეთი პოლიტიკა არ ამართლებს, ამიტომ ჩვენ უნდა მივყვეთ ბავშვის ინტერესის სფეროს, მივმართოთ იმ მექანიზმებს, რომლებიც უპრიანი იქნება არდადეგების პერიოდში. ამგვარი მიდგომით გაცილებით პროდუქტიული, სასიამოვნო და მრავალფეროვანი ზაფხული ექნებათ ბავშვებს. ეს კი ნამდვილად სიამოვნების მომგვრელია მშობლებისთვისაც.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5