მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ბავშვებში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის. ორთოპედი ქეთევან გოცირიძე გვპასუხობს, რა არის მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის გამომწვევი ფაქტორები, რომელ თვემდე არის სასურველი ექოსკოპიის ჩატარება პათოლოგიის გამოსარიცხად და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა პრევენციისთვის.
რა ძირითადი ორთოპედიული პრობლემები ვლინდება ბავშვთა ასაკში?
ორთოპედიული დაავადებებიდან ბავშვებში და მოზარდებში ყველაზე ხშირად გვხვდება კისერმრუდობა, სქოლიოზი, ქათმის ან მეწაღის გულმკერდი, მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია, ტერფმრუდობა, ბრტყელი ტერფი, ოსტეოქონდროპათიები (ლეგ-კალვე პერტესის, შლატერის, სევერის დაავადება).
გვესაუბრეთ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიაზე, რასთან არის დაკავშირებული?
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია მარტივად რომ ვთქვათ, არის აღნიშნული სახსრის ჩამოუყალიბებლობა და განუვითარებლობა. მენჯ-ბარძაყის სახსარი ერთ წლამდე ასაკში ყალიბდება, თუმცა ამასთანავე არსებობს ასაკობრივი ნორმები და ასაკობრივი ნორმისგან ჩამორჩენა საჭიროებს მკურნალობას.
რა ძირითადი ფაქტორები შეიძლება გახდეს დისპლაზიის განმაპირობებელი?
დისპლაზიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:
- გენეტიკური
- ენდოკრინული: ორსულობის დროს გამოყოფილი ჰორმონი რელაქსინი, რომელიც დედის კუნთების მოდუნებას იწვევს და ნაყოფის კუნთებზეც მოქმედებს.
- მექანიკური: მოძრაობის შეზღუდვა მუცლადყოფნის ან შემდგომ პერიოდში ნაყოფის მდებარეობის ან შემდეგ შეკრულ მდგომარეობაში ყოფნის გამო
საყურადღებოა ბავშვები:
1.რომლებიც მუცლად ყოფნის დროს იყვნენ ჯდომით ან გარდიგარდმო პოზიციაში.
2.ტყუპები
3.ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობის შემდგომ დაბადებულები.
4.საშვილოსნოს ტონუსით მიმდინარე ორსულობიდან დაბადებულები.
5.ხანდაზმული მშობლები.
რომელ თვემდე არის ექოსკოპიის ჩატარება რეკომენდებული ჩვილებში მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის გამოსარიცხად?
მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის გამოსარიცხად ექოსკოპიის ჩატარება განვითარებულ ქვეყნებში სავალდებულოა. მაგალითად, გერმანიაში 4-6 კვირამდე ყველა ბავშვს უტარდება მენჯ-ბარძაყის სახსრების ექოსკოპია. ჩვენი რეკომენდაციაც ასეთია: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის გამოსარიცხად ექოსკოპიური გამოკვლევა 4-6 კვირაზე ან 3 თვიდან საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ასაკის მატებასთან ერთად ტორსის და კიდურების დაავადებები პროგრესირებს, ყალიბდება ხერხემლის სვეტის და კიდურების მყარი დეფორმაცია. მნიშვნელოვნად რთულდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება განკურნება, ამიტომ დიაგნოზის ადრეულ დასმას და მკურნალობის დროულ დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება დისპლაზიის პრევენციისთვის?
მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ქვევით ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ორთოპედს, თუ:
- ქვედა კიდურებზე ნაოჭების ასიმეტრიაა.
- განზიდვის შეზღუდვაა ან პირიქით ჰიპემობილური სახსარი.
- მარქს-ორთოლანის ნიშანი – განზიდვისას ჩაყენება(ტკაცუნის) ხმით.
- ქვედა კიდურის თვალით შესამჩნევი სიმოკლე.
დისპლაზიის პრევენციისთვის ბავშვი უნდა გვყავდეს თავისუფლად. არ შეიძლება ბავშვის მჭიდროდ შეკვრა და აკვანში ჩაწვენა. ქვემო კიდურები უმჯობესია იყოს განზიდულ მდგომარეობაში. კარგია, თუ ბავშვი სიფხიზლის დროს იწვება მუცელზე, მაგარ ზედაპირზე 4 თვიდან. 7-8 თვიდან დაიწყებს ხოხვას და იხოხებს ბევრს.