Skip to content Skip to sidebar Skip to footer

აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი ორივე კარგი სამკურნალო საშუალებაა და გამოიყენება  სიცხის დამწევად და ტკივილგამაყუჩებლად. მათ განსხვავებული ქიმიური სტრუქტურა და გვერდითი მოვლენები აქვთ. იბუპროფენი რეკომენდებულია ბავშვებისთვის მხოლოდ 6 თვის ასაკიდან.

იბუპროფენი

იბუპროფენი მოქმედებს ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების პროსტაგლანდინების გამომუშავების დათრგუნვის ხარჯზე. ტკივილისა და ტემპერატურის გამკლავებასთან ერთად მას შეუძლია ანთების (სიწითლის და შეშუპების) შემცირებაც.

აცეტამინოფენთან შედარებით, იბუპროფენი ოდნავ უფრო ძლიერია და ხანგრძლივი მოქმედებისაა. ამიტომ მისი მიღება შეიძლება ყოველ 6-8 საათში და 24 საათში არაუმეტეს 3-ჯერ. ამერიკის პედიატრიის აკადემია გვირჩევს, რომ არ გამოვიყენოთ ის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან რთულდება იმის დადგენა, რამდენად ავად არის ბავშვი, თუ მისი ტემპერატურა და გაღიზიანება „შენიღბულია“ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

იბუპროფენის ერთ-ერთი ნაკლი არის ის, რომ თუ ბავშვი არ ჭამს კარგად და უწევს მისი რეგულარულად გამოყენება, შეიძლება კუჭი გაუღიზიანოს. თუ იცით, რომ თქვენს პატარას მგრძნობიარე მუცელი აქვს, მიეცით ეს წამალი საკვებთან ერთდ ან ძუძუთი კვების დროს.

აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი)

იბუპროფენის მსგავსად, აცეტამინოფენი ამცირებს ტემპერატურას და ტკივილს. მისგან განსხვავებით, არ მოქმედებს ანთებაზე. ამასთანავე, არ იწვევს კუჭის გაღიზიანებას და არ გჭირდებათ ბავშვს საჭმელთან ერთად მისცეთ.

დიდი დოზებით აცეტამინოფენი მავნებელია ღვიძლისთვის. ექიმები გვირჩევენ, რომ ბავშვებს მივცეთ ყოველ 4-6 საათში ერთხელ და 24 საათის განმავლობაში მაქსიმუმ 5-ჯერ.

თუ თქვენი შვილი სხვა მედიკამენტებსაც ღებულობს, დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ მათ შემადგენლობაში არ შედის პარაცეტამოლი.

დოზის სწორად შერჩევა

მშობლები ზოგჯერ შემთხვევით წამლის გადაჭარბებულ დოზას აძლევენ ბავშვებს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ზუსტად იმ ხელსაწყოთი განვსაზღვროთ დოზა, რომელიც კონკრეტულ სიროფს მოყვება.

ბავშვისთვის პარაცეტამოლის ან იბუპროფენის სწორი, წონაზე დაფუძნებული დოზის სწორი ინტერვალით მიცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს თქვენთვის, ამიტომ დაუკავშირდით ექიმს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა, რათა გამორიცხოს სერიოზული ავადმყოფობა.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5