პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.
გვესაუბრეთ პოსტნატალურ დეპრესიაზე. რა განცდები და რა ნიშნები ახასიათებს ამ მდგომარეობას?
მშობიარობის შემდგომ პერიოდს განვსაზღვრავთ, როგორც 12 თვის შემდგომი პერიოდი მშობიარობიდან. მშობიარობის შემდგომი უნიპოლარული დეპრესიის სიხშირე ვარირებს (10-15) ქვეყნების მიხედვით, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სტატისტიკა უფრო მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ინდივიდების 50%_ში დეპრესიის ეპიზოდები ვლინდება ორსულობამდე ან ორსულობის დროს.
მშობიარობის შემდგომი უნიპოლარული დეპრესიის კლინიკური სურათი ჩვეულებრივი დეპრესიის გამოვლინებების მსგავსია.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს ხშირია თანმხლები მენტალური დაავადებები.
ნამკურნალები და არანამკურნალები პაციენტების კვლევებში ჩანს, რომ შემთხვევების 30-დან 50%-მდე დეპრესიული ეპიზოდი მინიმუმ 1 წლით გრძელდებოდა.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია ასოცირებულია ნაყოფის ცუდ კვებასა და ჯანმრთელობის პრობლემებთან, ასევე შესაძლოა იმოქმედოს ძუძუთი კვებაზე, დედა-შვილის ბონდინგზე, ახალშობილის და სხვა ბავშვების ზრუნვასა და პარტნიორთან ურთიერთობაზე.
საბოლოო ჯამში პოსტნატალური დეპრესია ასოცირებულია დარღვეულ განვითარებასა და დარღვეულ კოგნიტიურ (შემეცნებით) განვითარებასთან, ასევე ფსიქოპათოლოგიასთან ბავშვებში.
პოსტნატალური დეპრესია წარმოადგენს ასევე სუიციდამდე მისვლის მიზეზსაც, თუმცა სტატისტიკურად ეს იშვიათია, როგორც იშვიათია სუიციდის მცდელობები. მშობიარობის შემდგომ ქალებში სუიციდზე ფიქრების ეპიზოდები ქალების 3 %-ში აღინიშნა. ბავშვის დაზიანების შესახებ იდეები შეიძლება გაჩნდეს პოსტნატალური დეპრესიის დროს, მაგრამ ინფანტიციდი უიშვიათესია, რაც უფრო დიდი ალბათობით შეიძლება მოხდეს ფსიქოზის დროს.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის არსებობის ალბათობა მაღალია ქალებში, ვისაც აქვს ახალშობილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვითი აშლილობა, ღელვა თუ მათ რამდენად გააჩნიათ ბავშვის მოვლის უნარი, იმედგაცრუება, ბავშვის აქტივობების მიმართ ინტერესის ნაკლებობა, მხარდაჭერაზე შემცირებული რეაგირება, პოსტნატალური ზრუნვის გეგმა და სხვადასხვა სუბსტანციაზე დამოკიდებულებები.
ყველა ქალისთვის მშობიარობის შემდგომ რეკომენდებულია დეპრესიის სკრინინგი!
აქვე მოგაწვდით თვითსკრინინგულ პაციენტის (PHQ) დეპრესიის კითხვარს, რომელიც დეპრესიის გამოსარიცხად როგორც დამოუკიდებლად, ასევე ექიმთან ერთად შეგიძლიათ გაიაროთ:
რამდენად შეუწუხებიხარ ქვემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს ბოლო 2 კვირის მანძილზე ? | საერთოდ არა | რამდენიმე დღის განმავლობაში | 1 კვირაზე მეტჯერ | თითქმის ყოველი დღე |
აქტივობების კეთების მიმართ მცირე ინტერესი ან უინტერესობა | 0 | 1 | 2 | 3 |
დაღლილობის, დეპრესიულობის, უიმედობის შეგრძნება | 0 | 1 | 2 | 3 |
ჩაძინების გაძნელება ან ძილიანობა | 0 | 1 | 2 | 3 |
დაღლილობის ან უენერგიობის შეგრძნება | 0 | 1 | 2 | 3 |
უმადობა ან მადის მატება | 0 | 1 | 2 | 3 |
თავს ცუდად გრძნობ, ან გრძნობ რომ წარუმატებელი ხარ, ან შენს თავს ან ოჯახს უღალატე | 0 | 1 | 2 | 3 |
კონცენტრაციის გართულება, მაგალითად გაზეთის კითხვისას ან ტელევიზორის ყურებისას | 0 | 1 | 2 | 3 |
საუბრობ ან მოძრაობ ნელა, ისე რომ სხვა ადამიანებმა შესაძლოა ვერ შეამჩნიონ ან პირიქით მოუსვენრობ და აქტიურად მოძრაობ, ვიდრე ჩვეულებრივ | 0 | 1 | 2 | 3 |
ფიქრები, რომ მკვდარი უკეთ იქნები ან გინდა სხეული დაიზიანო | 0 | 1 | 2 | 3 |
ჯამური ქულა | — | +— | +— | +— |
PHQ-9 ქულა თუ მეტი ან ტოლია 10, მაშინ უფრო სავარაუდოა დეპრესია |
დეპრესიის ქულები: |
5-9: მსუბუქი |
10-14: საშუალო |
15-19: საშუალოდ მძიმე |
Მეტია ან ტოლია 20: მძიმე |
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა გაიარე, როგორ ფიქრობ ეს პრობლემები რამდენად გირთულებს შენი სამსახურებრივი, სახლის საქმეების შესრულებას ან სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას/გაგებას? | საერთოდ არ მირთულებს | ოდნავ მირთულებს | ძალიან მირთულებს | საშინლად მირთულებს |
ასევე ყველამ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია პარტნიორი მამაკაცის ორსულობის და ორსულობის შემდგომ პროცესებში ჩართულობა ქალების და ასევე ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის, ამას უამრავი კვლევაც ადასტურებს. მაგ.: ქალებთან შედარებით, რომლებმაც ორსულობის დროს მამის მონაწილეობა არ აღნიშნეს, ქალებს, რომლებმაც გაგვიზიარეს მამის ჩართულობა ორსულობის დროს, ჰქონდათ დეპრესიის სიმპტომების დაბალი გამოვლინებები და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებლები.