Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მედეა გელდიაშვილი.

პოზიტიური ფსიქოთერაპია ადამიანს ხედავს, როგორც საწყისით  ჯანმრთელს, შესაძლებლობების მქონეს. როდესაც ვიწყებთ ადამიანის გაიგივებას  დიაგნოზთან, დეფიციტთან ან დესტრუქციულ, დისფუნქციურ ნაწილთან, ჩვენ ვკარგავთ მთლიანობით აღქმას და ადამიანს  ვაფასებთ ვიწრო პრიზმიდან. ამ დროს შესაძლებლობებს, პოტენციალს ვეღარ შევნიშნავთ და თითქოს მხოლოდ დიაგნოზის მატარებელ სუბიექტს ვხედავთ. მაშინ, როდესაც ადამიანი მოწყვლად მდგომარეობაშია – დანაკარგის დროს, მძიმე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დროს (სიმპტომების გაძლიერების ფაზაში), არსებითი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფთა როლს. ტოქსიკური პოზიტიურობა რადიკალური მიდგომაა, რომლის დროსაც ადამიანის გამხნევებას ვცდილობთ და მოვუწოდებთ, რომ უგულებელყოს მძიმე შინაარსები, განერიდოს საკუთარ ემოციურ ტკივილს, ჩაახშოს და არ მისცეს გამოვლენის შესაძლებლობა, დაუბრუნდეს დღის წესრიგს. არსებობს მეორე უკიდურესი დამოკიდებულება, როდესაც კონკრეტულ მოვლენას ვხედავთ, როგორც განაჩენს. თითქოს აღარ გვჯერა, რომ  წამოდგომას შეძლებს, თითქოს გამოვრიცხავთ, რომ ინდივიდს აქვს რესურსების აღდგენის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში ვაზარალებთ ადამიანს და ვუმძიმებთ ყოფას. გვერდით გვრჩება რეალური მხარდაჭერა, რომელიც იმაზე კი არ იქნებოდა ფოკუსირებული, რომ პიროვნება სასწრაფოდ გამოეყვანა მძიმე მდგომარეობიდან, არამედ ფოკუსირებული იქნებოდა დროისა და სივრცის დათმობაზე. 

ფსიქიკური დიაგნოზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია კომპლექსური მკურნალობა – ფარმაკოლოგიური, ფსიქოთერაპიული. მედიკამენტები სიმპტომების ზეგავლენის დროულ შემცირებას იწვევს, კლიენტის ყოველდღიური ბარიერებიც სუსტდება  და ფსიქოთერაპიული ჩარევა გაცილებით ნაყოფიერად წარიმართება. მედიკამენტური მკურნალობა არის ის, რაც ბიო-ქიმიურ პროცესს აგვარებს, ხოლო ფსიქოთერაპიას განსხვავებული ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს კლიენტის აქტუალური კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგალითად, მხარდაჭერის ფუნქცია და თანხლება. რიგ შემთხვევებში ღრმა პროცესებზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია ნაკლებადაა მიზანშეწონილი და მთავარი ხდება კლიენტს გაუჩნდეს განცდა, რომ მარტო არაა, აინტერესებთ იგი და ზრუნავენ მასზე (სუიციდური ფაზის დროს). იქამდე, სანამ მედიკამენტური თერაპია სიმპტომებს არ დაარეგულირებს, შეამცირებს, სიღრმისეული ფსიქოთერაპია დამაზიანებელიც კი შესაძლოა იყოს. ვინაიდან ისეთი შინაარსების ზედაპირზე გამოტანა, რომლის გააზრების, დაძლევის, მიღების რესურსი კლიენტს არა აქვს, დამატებით ემოციური წნეხის წყაროდ იქცევა. 

პოზიტიური ფსიქოთერაპია საწყისი სესიებიდან ცდილობს კლიენტის სიმპტომის თუ დიაგნოზის მიღმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პოზიტიური ინტერპრეტაციის ინსტრუმენტის გამოყენებას. ხშირად დიაგნოზი გვხვდება როგორც შესაძლებლობა “გადარჩე”, “გაუმკლავდე”, “ადაპტირდე”… ზოგიერთის რესურსი საკმაოდ მწირია იმისთვის, რომ რამდენიმე მაკროტრავმულ მოვლენასთან ადაპტირება შეძლოს, ან მიკროტრავმული მოვლენების (ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და სხვა…) აღმოფხვრა მოახერხოს. ასეთ დროს დიაგნოზი შესაძლოა იყოს ის, რაც ინდივიდის მაგივრად იწყებს გამოამჟღავნოს მძიმე ყოფა და მნიშვნელოვანი საჭიროებები. მაგალითად, შფოთვითი აშლილობა, როგორც უსაფრთხოების საჭიროება, ანორგაზმია, როგორც თავდაცვა და გაქცევა სექსუალობისგან. ხშირად უკიდურესად მკაცრად აღზრდილ ოჯახებში სიამოვნების, ინტიმურობის ცნებები ტაბუირებულია და მეტიც მიუღებლად, სამარცხვინოდაც კი შეიძლება იყოს მიჩნეული. ბავშვი ყველაფერს აკვირდება, ირიბ თუ პირდაპირ გამოხატულ დამოკიდებულებებს ითვისებს და ხშირად აღზრდა არის ის ფენომენი, რომელიც საფუძვლად უდევს სხვადასხვა ფსიქოგენური წარმოშობის სომატურ პრობლემას, დიაგნოზს. ჰალუცინაციები, როგორც გაქცევის შესაძლებლობა ილუზორულ სამყაროში. ხშირად ადამიანისთვის მიუღებელი, რთულია ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს. უსუსურობას, მოწყვლადობას განიცდის და “ქმნის” რაღაც სხვა სამყაროს, რათა გადარჩეს. პოზიტიური ფსიქოთერაპია დიაგნოზში, სიმპტომში არ ხედავს მეორად სარგებელს. რამეთუ ადამიანი არ აპროვოცირებს მძიმე მდგომარეობას განგებ, ის არ იგონებს და არ ცრუობს ავადობის შესახებ. შესაძლოა ეს იყოს ერთადერთი შესაძლებლობა დახმარების თხოვნის, სიყვარულის ან ყურადღების მიღების, გამკლავების. ნებისმიერი ადიქცია ეს არის გაქცევა გარკვეული შინაარსებისგან, რეალობისგან, აქტუალური ცხოვრებისეული ამოცანებისგან. დამოკიდებული ადამიანი (სექსზე, საკვებზე, ნარკოტიკზე, სასმელზე, აზარტულ თამაშებზე) ცდილობს ხელოვნურად გამოიწვიოს ემოციები, შინაგანი პროცესები. რათა არ იგრძნოს რეალური მდგომარეობა, მაქსიმალურად განერიდოს თავის მოთხოვნილებებსა და დეფიციტებს. ხშირად ეს ერთადერთ მიმართულებად გვევლინება, რომლის ფარგლებშიც ადამიანი შეიგრძნობს საკუთარ თავს, მცირე დროით იღებს სიმშვიდეს, მაგრამ როგორც კი რეალობას უბრუნდება,  მდგომარეობა კვლავ გაუსაძლისი ხდება.

ნებისმიერი დიაგნოზის მიღმა არსებითია ვიპოვოთ რესურსი, მოთხოვნილება, რომელსაც შესაძლოა პასუხობდეს ფსიქიკური  დიაგნოზი და ჩვენ შესაძლოა მნიშვნელოვანი კავშირი აღმოვაჩინოთ დეფიციტის დაკმაყოფილებასა და დიაგნოზს შორის. პოზიტიური ფსიქოთერაპია ორიენტირებულია შეიცნოს ადამიანის რეალობა, წარსული და აწმყო რესურსები, ტრავმული მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვან კავშირშია დიაგნოზის აღმოცენებასა და მკურნალობასთან. არ არსებობს დიაგნოზი, რომელსაც ირჩევს ადამიანი განგებ, სირთულე, რომლისკენაც მიილტვის გაცნობიერებულად… ჩვენი მიზანია ამ ყველაფრის დანახვასა და იმედის ჩასახვაში დავეხმაროთ კლიენტს. ეს დაეხმარება სხვა კუთხით შეხედოს დიაგნოზს და აუმაღლდეს მოტივაცია გადარჩენის, ხელახლა “დაბადების”.  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი